გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნებისთვის" ცუდი ის არის, როცა სუსტ ჯგუფში ვართ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ქართული რაგბის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

სვანიძემ მოახლოებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატსა და დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სულ მალე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არგენტინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. გუნდმა მზადება უკვე დაასრულა და არგენტინაში გაემგზავრა. რამდენად შეძლო რაგბის კავშირმა "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" სათანადო მოსამზადებელი პირობების შექმნა?
- ამ ნაკრების მოსამზადებლად ყოველ წელიწადს თანხას არ ვიშურებთ. ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. ტრადიციად იქცა სამხრეთ აფრიკაში საწვრთნელი შეკრება და იქ საკონტროლო მატჩების გამართვა. ეს
ხელს უწყობს მორაგეებს, ახლოს ეზიარონ დიდ რაგბის და მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო გუნდებთან თამაშისას თავი უცხოდ არ იგრძნონ. გუნდის მწვრთნელებს დეტალურად გაწერილი გეგმა აქვთ და რაგბის კავშირი ყველა ღონეს ხმარობს, მზადებას სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეუწყოს ხელი.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები, აგერ, უკვე მეხუთე წელიწადია, უცვლელად მუშაობენ. ყოველ წელიწადს გუნდი საინტერესო, კარგ, ხარისხიან რაგბის თამაშობს და იმედი გვაქვს, არც არგენტინაში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იქნება გამონაკლისი.

- 2019 წლის ყველაზე დიდი სარაგბო მოვლენა, ცხადია, იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაა, სადაც ჩვენი გუნდი ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. როგორაა დაგეგმილი "ბორჯღალოსნების" მზადება მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის?
- საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 24 ივნისიდან დაიწყებს ვარჯიშს. ივლისში მზადების მეორე ეტაპზე გუნდი თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრება და აგვისტომდე იქ დაჰყოფს. მესამე ეტაპი ისევ თბილისში გაიმართება. 27 აგვისტოს რუსეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. 31 აგვისტოს კი, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ელიტური, პირველი დონის ქვეყნის, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გვეწვევა. ერთი კვირის თავზე საპასუხო ვიზიტით ედინბურგში გავემგზავრებით. იქიდან კი გეზს პირდაპირ იაპონიისკენ ავიღებთ, სადაც ოსაკასთან ახლოს მდებარე ბაზაზე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გავივლით.

- მსოფლიოს თასზე ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში ვართ. ძალზე ძლიერი მეტოქეები გვყავს...
- ჩვენი გუნდისთვის ცუდი ის არის, როცა სუსტ ჯგუფში ვართ. როცა მეტოქე ძლიერი გვყავს, მეტად კონცენტრირებულნიც ვართ და მონდომებულნიც. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ დონის გუნდებთან ყოველ წელს თამაში ამ თაობისთვის შესანიშნავია. წინ გამარჯვებებისკენ!
პ.ს. ეს ვენდისის რეკლამა არ მაწუხებს ამ დილით, სიზმარია თუ მართლაა ასეა ?)))
ლევანი
08:16 05-06-2019
0
საერთოდ ნამუსი თუ გაქვთ?შევდივარ საიტზე რეკლამა,მერე რამე კონკრეტულს ვრთავ და იქაც იმ წამშივე იგივე რეკლამა.თქვენ რა საცინლათ გვიგდებთ?ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენით არსებობთ და ცოტა პატივი გვეცით.აბა თქვენ იცით თუ მოახერხებთ დაბლოკვას.
დათო
19:29 31-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული