გიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ.

ფიჯისთან მატჩის შემდეგ, გუნდს 4 ოქტომბერს დასვენების და აღდგენის დღე ჰქონდა, ხვალ კი ოსაკას დატოვებს და შიზუოკაში გაემგზავრება, სადაც 11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 14:15 საათზე ავსტრალიის ნაკრებს ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ჩვენი და ავსტრალიის ნაკრებების პირველი შეხვედრა და 11 ოქტომრიდან, "ბორჯღალოსნებს" ტიერ1-ის ყველა გუნდთან ექნებათ ნათამაშები.

სიურპრიზისთვის მზად არ აღმოვჩნდით

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველო ერთი მოგებით ხვდება. მეორე თამაშის მოგება ფიჯისთან იგეგმებოდა, მაგრამ მეტოქემ
შეძლო თავისი თამაშის მოხვევა და დასკვნით 20 წუთში მოპოვებული უდიდესი უპირატესობით, 45:10 იმარჯვა.

ამ შედეგით ყველაზე მეტად თავად მორაგბეები არიან იმედგაცრუებულნი. მათ შორისაა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე:

"პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა. მეორე ტაიმში ფიჯელებმა თავისი თამაში თავს მოგვახვიეს. თავის გასამართლებლად არ ვამბობ, თუმცა წელს ფიჯის ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. ეს ისეთი გუნდია, რომელსაც შეუძლია საფრანგეთი დაამარცხოს და მერე ურუგვაისთან წააგოს. მაგრამ როცა ხასიათზე არიან, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ასე იყო ჩვენთან თამაშში".

ნემსაძის აზრით, მეტოქეს ფიზ.მომზადებასა და ჯანში უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გაშალა და საქართველომ გადაწყობა ვეღარ მოახერხა:

"თამაშს მოედნიდან, ასე ვთქვათ შიგნიდან ვუყურებდი და დაღლილობა არაფერ შუაშია. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობა 80%-ით შეიცვალა და დასვენებულები ვიყავით. უბრალოდ, ფიჯიმ პირველ ტაიმში ახლოში თამაშს მიგვაჩვია, შესვენების შემდეგ ბურთი გაშალა და ეს ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. დაცვის სისტემა ვეღარ გადავაწყეთ, დავიბენით, მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა. რაც შეეხება ჯარიმების ნაცვლად შერკინებების მოთხოვნას, აქ მათ უფრო მეტი კომბინაცია ჰქონდათ დამუშავებული, ბურთი სწრაფად გაჰქონდათ და სივრცეების გამოყენებას ცდილობდნენ, თორემ მიწოლაში უპირატესობა არ ჰქონიათ".

დასაკარგი აღარაფერია

ერთ კვირაში "ბორჯღალოსნებს" 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი მატჩი ელის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ავსტრალიის ნაკრებთან. ნემსაძე ამბობს, რომ ჩვენს გუნდს დასაკარგი აღარაფერი აქვს და მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება, მით უმეტეს, რომ გულშემატკივრების წინაშე თავს უხერხულად გრძნობენ:

"კარგად ვიცით რა დონის გუნდია ავსტრალია, თუმცა შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მოედანზე წინასწარ წაგებული განწყობით არ გავალთ. მით უმეტეს, რომ ამ სიტუაციაში დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მსოფლიო თასზე ყველა მორაგბე თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად ემზადება. გუშინდელი შედეგის გამო გუნდში ყველა წუხს, გულშემატკივრის წინაშე დანაშაულის გრძნობა გვაქვს. თუ წინა მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება სასწაულად ჩაითვალა, ახლა იგივეს გამეორება აუცილებელი იყო, მაგრამ ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ვეცდებით".

Sportall.Ge

ძლიერი ტურნირი ერთადერთი გზაა

იმ შემთხვევაში, როდესაც ექვსი ერი კარის გაღებაზე კატეგორიულად უარს აცხადებს, რა გზა არსებობს საქართველოს ნაკრების წინსვლისთვის? ნემსაძე უმრავლესობის აზრს იზიარებს და ქართული ფრანჩაიზის ძლიერ ტურნირში ჩართვას ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს:

"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.

სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ 1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა სხვა გზა არ გვრჩება".

ნემსაძე რაგბიდან მიდის

ჯერ უცნობია ითამაშებს თუ არა გიორგი ნემსაძე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ იაპონიიდან დაბრუნებული 35 წლის ვეტერანი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და რაგბიში სხვა კუთხით დასაქმდება.

მას შემოთავაზება არაერთი კლუბიდან ჰქონდა, თუმცა ასაკმა და ტრავმებმა გადაწყვეტილება მიაღებინა:

"ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და სარაგბო კარიერასაც ვასრულებ. წლების განმავლობაში, წარმატებები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე წარუმატებლობა და გული მწყდება კარიერის დასრულება ამ ნოტაზე რომ მიწევს. ერთი კვირის წინ 35 წლის გავხდი, ბევრი ტრავმა მაქვს გადატანილი და ტკივილები მაწუხებს.

ალბათ, ერთი წელი კიდევ შევძლებდი მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ და გზას ახალგაზრდებს დავუთმობ. საინტერესო შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. ასევე ვარ "აიას" განაცხადში, სადაც მსურდა, რომ კარიერის დასასრულს რამდენიმე შეხვედრა მშობლიურ კლუბში გამეტარებინა, თუმცა ამას ვეღარ მოვახერხებ. "აიას" სხვა კუთხით დავეხმარები და ვეცდები კლუბში იმ კუთხით ვიმუშაო, რა კუთხითაც ნაკრებში პრობლემები გვაქვს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 26 /
წარმატებები ნემსო! ამ წლების უკან-უკან სვლაში და მსოფლიოზე დაგვირგვინებაში თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის. გულშემატკივრებს ყველა გვიყვარხართ და მადლობას გიხდით იმ პოზიტივისთვის რასაც გვაძლევდით. ამ იმედგაცრუებას (ფიჯისთან წაგებას არა - წინსვლის უკუსვლით ჩანაცვლებას) თავის "მიზეზი(ები)" ყავს და სანამ ეგ არ ითქმება ხმამაღლა და არ შეიცვლება, ისევ წყლისნაყვა გამოვა და ნამდვილად არ მინდა გულშემატკივრების მხრიდან რაგბიც მიმართაც იგივე ნიჰილიზმი გაჩნდეს რაც ფეხბურთის მიმართ არის დღეს. ავსტრალიასთან არავინ ითხოვს გამარჯვებას და მოიხსენით ყველანაირი ტვირთი და ითამაშეთ თავისუფლად, ლაღად და ჯიგრიანად - ისე რომ ფიჯისთან კატასტროფა შემთხვევითობას დავაბრალოთ.
???
04 ოქტომბერი 2019 23:15
2
მადლობა ყველაფრისთვის. შენს აშენებულ საძირიკველზე მრავალი თაობა გააგრძელებს რაგბის მშენებლობას.

მართალია, სანამ ქართული გუნდი მაღალ დონის ჩემპიონატში არ მოხვდება აზრი არ ააქვს მეტის მოთხოვნას.
Zura
04 ოქტომბერი 2019 22:55
4
ვეთანხმები, ძლიერი ჩემპიონატი ჭირდება ნაკრებს და ფრანჩაიზი კაი ვარიანტია, უბრალოდ ისარი რო მაგითი დაწყება შეიძლება და პარალელურად სხვა ტურნირზე ფიქრი უნდა დავიწყოთ!
ანუ პირველი ვარიანტი ფრანჩაიზია და 2020-დან უკვე მაგ ტურნირში უნდა ჩავერთოთ და ერთი გუნდი მანდ სისტემატიურად უნდა გვყავდეს!
მეორე მაგის პარალელურად აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მსოფლიო რაგბის მესვეურებთან და დავაფუძნოთ ტურნირი რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფიჯი, სამოა, ტონგა, იაპონია, რუმინეთი და ჩვენ!(ცხადია თუ დაგვთანხმდნენ)!
ასე ჩვენი დონეც აიწევს და იმათიც და სადღაც 10 წელიწადში 6 ერის კარიც გაიღება ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლებთ იტალიის დამარცხებას და შიგადაშიგ ტიერ ერთის ნაკრებებსაც მოვუგებთ!
რეზერვიც ეყოლება ნაკრებს და ძლიერი ნაკრებიც გვეყოლება!
ცხადია ორგანიზება და თანხმობა გვჭირდება რაგბის მამებისგან და იმ ნაკრებებისგან, თუარადა სხვა ვარიანტებიც არის!
თანხა ამ ყველაფერს მაქსიმუმ 5 მილიონი ლარი დაჭირდება წელიწადში და არამგონია ეს თანხა მიუწვდომელი იყის სახელმწიფოსთვის. თანაც გამართლებული ხარჯია ყოველმხრივ!
ბათუმელი
05 ოქტომბერი 2019 10:18
0
ხალხო, დაივიწყეთ ეგ ტურნირი, სადაც იქნებიან კუნძულელები, იაპონია, აშშ და ჩვენ. ჯერ ერთი უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული იმსიშორეზე ფრენა. და თანაც ოკეანეთში ჩასვლას იმხელა დრო სჭირდება. სტამბული ხომ არბარის პირდაპირინრეისით 2 საათში ადგილზე რომ იყო.
Irakliy
05 ოქტომბერი 2019 11:38
6
არის ვარიანტი - 2 წელიწადში ერთხელ, რომელიმე სახელმწიფოში (1-ლი სასურველია აშშ-ში, მერე საქართველოშიც კი...) ჩატარდეს ,,ოკეანის თასი,, - 12 გუნდის მონაწილეობით - ერთა თასის 1-ლი 3 გუნდი, ფიჯი, ტონგა, სამოა, აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკის 2-გუნდი ( არგენტინის შემდეგ), იაპონია + აზიის რანგით მე-2- გუნდი, 2 ჯგუფად - 5 თამაში, 1-ლი 4-ული გაითამაშებს ნახევარფინალებს- ფინალებს, ასევე შემდეგი ნაკრებები შემდეგ ადგილებს - დარწმუნებული ვარ სერიოზული ხარისხის ტურნირი იქნება , ფინანსურად სერიოზულად მომგებიანი, და ნაკრებების დონე- ხარისხიც გაცილებით აიწევს და კონკურენტული იქნება(!),საჭიროა ამ გვარი საერთაშორისო ტურნირისათვის საქართველოს რაგბის ფრედერაციამ იმუშაობს და წარაგინოს მსოფლიო რაგბის ფერდერაციაში, აქვე არ მოვშორდეთ რაგბი 6 ერის ნაკრებებს და ვეცადოთ ამხანაგური თამაშების ორგანიზებას ...
გლახუნა
05 ოქტომბერი 2019 12:31
1
ყველაფერი შედეგით იზომება.შედეგი კი არა გაქვთ.
status quo
05 ოქტომბერი 2019 12:21
12
ძალიან გულდასაწყვეტია,ასეთი ბიჭები რომ სტოვებენ დიდ რაგბის და ჩვენ მხოლოდ დიდი მადლობის გადახდით შეგვიძლია დავუფასოთ გიორგის მოედანზე დაღვრილი სისხლი და ოფლი.ძალიან დიდი წარმატებები ჰქონოდეს გიორგის მომავალ ცხოვრებაში.ქუთაისური რაგბი,ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართულ რაგბიში და მჯერა,გიორგი დაეხმრება ახალ სიმაღლეზე ასვლაში.მას ხომ უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.რაც შეეხება მის უკანასკნელ თამაშს,ნაკრებში.იმედი მაქვს,რომ ბიჭები შესძლებენ საუკეთესო თვისებების გამოვლენას და ღირსეულად ბრძოლას,ძალიან ძლიერ მეტოქესთან.ფიჯიმ მეორე ტაიმში მგონი დსიქოლოგიურად გაგვტეხა და უკვე შემდეგ,დემორალიზებულ გუნდს დააყარა ლელოების ზვავი.ამ თამაშში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,რომ არავისი გვეშინია და ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ.დასაკარგი არაფერი გვაქვს,სასწაულის შემთხვევაში კი,ჯგუფში მესამე ადგილს შევწვდებით
სოსო
05 ოქტომბერი 2019 11:54
1
საიმედო, თავდადებული და ღირსეული ქართველი ხარ (!) - მომავალ თამაშში უკანა ხაზზე ფიზიკურად ძლიერი ბიჭები დააყენეთ და ფეხით დარტყმას- დაკიდებას თავი დაანებონ - უკან ჩარბენები,მუდმივი მოძრაობა, გაშლა და დარტყმებით შ ე უ ტ ი ე თ მთელი თამაში, მოლზე სწრაფად ითამაშეთ , ენერგიულად და ,,ცოფიანად,, რომ აზროვნების უნარი ა რ მისცეთ ავსტრალიელებს და შეიძლება ...
პ.ს. აბურჯგა - ფიჯის რეალურად ბრიტანეთის პროტექტორატია და მათზე ბრიტანეთი, უფრო სწორად ინგლისი ზრუნავს ყველა მიმართულებით...
გლახუნა
05 ოქტომბერი 2019 01:29
1
როგორც დიდ პოლიტიკაში და დიდ ეკონომიკაში არ ვარგივართ ისეა რაგბიც, კვდება, საქართველოს ამ რესურსით მომავალი არ აქვს დ არც რაგბს მაქვე.... ასე რომ გზების ძიებას, შრომას და ლელოს გატანას გისურვებთ
აფხაზი
05 ოქტომბერი 2019 04:40
14
ამასობაში, მე-14 ადგილზეც დავეშვით.
TanoLife
04 ოქტომბერი 2019 23:17
3
ამხელა მოლოდინის შექმნაა მსოფლიოს წინ ხალხის აგრესია რომ გამოიწვია თორე დანაშაულის გრძნობა მილტონ ჰეიგს თუ აწუხებს საინტერესოა!!!!
გიგი
06 ოქტომბერი 2019 01:31
2
ჰეიგს და ფედერაციის ბოსებს კბილებიდან ოფლი გამოსდით. ხომ ხედავთ როგორი მყისიერი რეაგირება ჰქონდა ფედერაციას.ისე აფასებს გულშემატკივარს როგორც ჩინელი ნასკებს.
ირაკლი
06 ოქტომბერი 2019 13:02
1
საიმედო, თავდადებული და ღირსეული ქართველი ხარ (!) - მომავალ თამაშში კანა ხაზზე ფიზიკურად ძლიერი ბიჭები დააყენეთ და ფეხით დარტყმას- დაკიდებას თავი დაანებონ - უკან ჩარბენები,მუდმივი მოძრაობა, გაშლა და დარტყმებით შ ე უ ტ ი ე თ მთელი თამაში, მოლზე სწრაფად ითამაშეთ , ენერგიულად და ,,ცოფიანად,, რომ აზროვნების უნარი ა რ მისცეთ ავსტრალიელებს და შეიძლება ...
პ.ს. აბურჯგა - ფიჯის რეალურად ბრიტანეთის პროტექტორატია და მათზე ბრიტანეთი, უფრო სწორად ინგლისი ზრუნავს ყველა მიმართულებით...
გლახუნა
05 ოქტომბერი 2019 01:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული