მამუკა გორგოძე სამშობლოში დაბრუნებაზე: ალბათ, რამე საქმეს წამოვიწყებ

AutoSharing Option
12 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს.

შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ საერთაშორისო კარიერას რამდენიმე ვეტერანი მორაგბე დაასრულებს. მათ შორისაა ლეგენდარული მამუკა გორგოძე, რომელიც თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ ნაკრებს იაპონიაში მიმდინარე უდიდეს სარაგბო ფორუმზე დაეხმარა.

ხვალინდელი თამაში მსოფლიო თასზე მე-15-ეა გორგოძისთვის და ამ მაჩვენებლით ის მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. მსოფლიო რაგბის ლეგენდას "მსოფლიო რაგბი" ესაუბრა და მასთან ინტერვიუ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

"მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის კამპანიას ავსტრალიასთან მატჩით დაასრულებს, მამუკა გორგოძის საერთაშორისო კარიერაც დასრულდება,
თუმცა მისი საკლუბო კარიერა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება.

ის ნაკრებიდან პირველად 2017 წელს წავიდა, თუმცა გუნდში ტრავმების სიხშირის გამო 2019 წლის მსოფლიო თასზე უხმეს.

მას გუნდთან ერთად სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, თუმცა თვლის, რომ ტოპ 14-ში სათამაშოდ საჭირო ფორმა იმის გარანტია იყო, რომ იაპონიაში შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაში ჩავიდა:

"ვინც ტოპ 14-ში თამაშობს, ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და უპრობლემოდ შეუძლია მსოფლიო თასზე თამაში" - ამბობს მამუკა და ძნელია, შეედავო, თუ მის სტატისტიკას გადახედავ. "გორგოძილამ" იაპონიაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში 19 ბოჭვა შეასრულა, 95%-იანი წარმატებით, რაც საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელია.

ავსტრალიასთან მატჩი მისთვის მე-15 იქნება მსოფლიო თასზე და ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. და მაშინ, როდესაც მამუკას საერთაშორისო კარიერა დასასრულს უახლოვდება, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას იზამს საკლუბო დონეზე, თუმცა წინდაწინ გაცხადებული ჰქონდა, რომ 2019/20 წლების სეზონი მისთვის ბოლო იქნებოდა "ტულონის" შემადგენლობაში.

"როდესაც ეს განვაცხადე, ტრავმები მაწუხებდა და მორალურადაც ვერ ვიყავი კარგად. თუმცა წელს თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე შარშან და შარშანწინ. თავად არ დავიწყებ კლუბის ძებნას, თუმცა, თუ კარგად ვითამაშებ და რომელიმე კლუბი დამიკავშირდება, მზად ვარ, წინადადება განვიხილო" - აცხადებს გორგოძე, რომელმაც იცის, რომ რაგბის ყოველთვის ვერ ითამაშებს. ის უკვე ფიქრობს კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრებაზე და საფრანგეთში გატარებული წლების შემდეგ (2005 წლიდან) სამშობლოში დაბრუნებაზე:

"უპირველესად, სამშობლოში დაბრუნება მინდა. ალბათ, რამე საქმეს წამოვიწყებ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რაგბიში რაიმე ფორმით დარჩენაზე არ ვფიქრობ".

ის დარწმუნებულია, რომ არ სურს სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მომავალში რაგბიში რაიმე ფორმით ჩაერთოს:

"თუ საქართველოს და ქართულ სარაგბო ოჯახს დავჭირდები, რა თქმა უნდა, მე მას გვერდით დავუდგები. მაგრამ მე არ მსურს მწვრთნელობა. ყოველთვის შესაძლებელია რაგბიში დარჩე ისეთი ფორმით, რომ უშუალოდ არ იყო მასში ჩართული".

გორგოძეს ჰყავს მოზარდი გოგონა და ორი ბიჭი - 11 და 1 წლის. მან ზუსტად იცის, რომ ახლა ყველაზე მეტი დროის გატარება მათთან უნდა:

"ასევე გვყავს ორი ძაღლი და ბევრი დრო არც მრჩება. მე მიყვარდა ნადირობა, მაგრამ ბოლო დროს ჰუმანური გავხდი და აღარ მსურს ცხოველებზე ნადირობა".

კარიერის განმავლობაში, მისთვის ყველაზე ემოციური მომენტები 2007 წლის მსოფლიო თასი, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას დამარცხება და ახალი ზელანდიის ნაკრებთან საუკეთესო მოთამაშედ დასახელება იყო.

იაპონიაში ის ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდი მოტივირებულია და ავსტრალიასთან ბოლომდე ბრძოლას აპირებს:

"ავსტრალია უდიდესი გუნდია და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს განსაკუთრებული მომენტია. მე მათ პატივს ვცემ და ძალიან მინდა ჩემი შესაძლებლობების გამოცდა ახალგაზრდა კუნთიან ავსტრალიელებთან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მგონია რომ ეს ინტერვიუ არასწორად ითარგმნა ან არასწორად გადმოსცეს მამუკას აზრი,ვინაიდან მამუკა არაა ის პიროვნება რომელიც ყოყოჩობდეს თავის ვარსკვლავივით და სახელით,ანუ ასეთ რამეს არ იტყოდა
Alika
10:16 11-10-2019
0
ვოვა რაგბს აღარ უყურო
ზკ
00:09 11-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული