ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა - მადლობა "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
გაორებული გრძნობა დამეუფლა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ - სიამაყის და წაგების გამო სინანულის და ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალის" ფინალური სცენა  გამახსენდა, ინგლისელ მეზღვაურებთან დამარცხებული ჩვენი ფეხბურთელები რომ მღერიან "აბა ულას".



არ მინდა, წერილს ხმამაღალი სათაური წავუმძღვარო, ხელოვნურად გავწელო და მაღალფარდოვანი ფრაზებით შევალამაზო; მსურს, გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, შესაძლოა სუბიექტური, ზოგიერთისთვის მიუღებელი, მოკლედ და ლაკონურად, ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე.

ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა. შევაკვდებით მეტოქესო, თქვა მატჩამდე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და მართლაც ასე იყო. მსგავსი დაცვა ჯერ არ
მინახავს, ორგანიზებული და თავგანწირული. რატომღაც მგონია, მეტოქის პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი. ყოველ შემთხვევაში, რა რაკურსითაც გვაჩვენეს, ასე ჩანდა, მეორე ლელო კი მე-60 წუთზე დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ცალკარა თამაშისას 1 საათი გაუძლო მრისხანე მეტოქეს. ეს სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა გმირობა.

სხვა საკითხია, რატომ იდგნენ უმეტესწილად დაცვაში და ამაშია სხვაობა სურვილსა და საშუალება-შესაძლებლობას შორის. ახსნას არ დავიწყებ, ვისაც არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, განმარტებას აზრი არა აქვს. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია, მაგრამ გრანდებთან ჭიდილი - ჰოი, რა რთული. ერთი მომავალ მსოფლიო თასამდე ათამაშა ეს გრანდები მხოლოდ ტიერ2-ის გუნდებთან, ჩვენ კი ტიერ1-ის ნაკრებებთან და ვნახავდით, როგორ შეიცვლებოდა ამ პერიოდში ძალთა თანაფარდობა.

ძნელია საქართველოს გზა ყველგან, პატარა და ღარიბი ქვეყნისა. რაგბის დიდ და ელიტარულ ოჯახში მიღებისათვის ბრძოლა რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის კარზე დაუსრულებელ და ჯერჯერობით უშედეგო კაკუნს მაგონებს.

ბოლოს, ბუნებრივია, დაიღალნენ ჩვენი მორაგბეები და დამარცხდნენ ავსტრალიასთან. არც გაუმართლათ ჯგუფის სირთულისა და კალენდრის მხრივ, მაგრამ იყვნენ ამაყნი და ძლიერნი. წავიდა ძველი თაობის რამდენიმე ლეგენდა, რომლებმაც და რომელთა წინამორბედებმა ეს ლამაზი თამაში საქართველოში იმ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ ამა ქვეყნის ძლიერებთან ტოლ-სწორად ჭიდილს ვთხოვთ, ხოლო უფრო ხშირ შემთხვევაში - ვითხოვთ.

რა თქმა უნდა, იყო სერიოზული შეცდომები: უამრავი წაგებული დერეფანი, ჩახურული რაქი, უადგილო საჯარიმოების მიღება და ა.შ. თუმცა, რაც არის ქართული რაგბის სტაგნაციის მიზეზი, ამაზე უკვე მოგახსენეთ.

Sportall.Ge

"ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძის ნათქვამი იყო ზუსტი და მომავალში შედეგზე ორიენტირებული:

"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.

სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა, სხვა გზა არ გვრჩება".

ქართველ მორაგბეთა ძველმა თაობამ შეუძლებელი შეძლო. დიდი მადლობა მათ და მათ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრები თვისობრივად სხვა სიმაღლეზე გავიდა. ახლა ქართულ რაგბიში ახალი ერა იწყება, ესტაფეტა ახალგაზრდებს გადაეცემათ. ისინი უდავოდ ნიჭიერები არიან. მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი ბრძანებს:

"შესაძლოა, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში ნაჩვენები შედეგებით, თუმცა საკვანძო მომენტი ისაა, რომ აღწევენ წარმატებებს ასაკობრივ კატეგორიებში, რაც სამომავლოდ უმაღლეს დონეზეც აისახება".

ახალგაზრდებმა უნდა ზიდონ ეს მძიმე ტვირთი და ამ საქმეში მხარდაჭერა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით სჭირდებათ - ძალიან სერიოზული ინვესტიციებით. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. აქ დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, ბევრი გაკეთდა, თუმცა ეს უკვე საკმარისი აღარ არის.

ქართული რაგბი ერთგვარ ჩიხში შევიდა და რეალური ფინანსური თანადგომის გარეშე წინსვლა გაუჭირდება. წარმოუდგენლად გაუჭირდება.

altთოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

altworld.rugby: "ბორჯღალოსნებში" ახალგაზრდების სიმრავლე, მომდევნო ოთხწლიან ციკლში, კარგ შედეგებს გვპირდება

altმერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ავტორ: 2015 წლის მაოფლიო ფორუმზე საქართველომ ავტომატურად მოიპოვა ამ მსოფლიოს საგზური და მაშინვე დაანონსდა რომ 2019 წელს იუკეთესს თუ არა მინიმუმ იგივე შედეგი უნდა დაედით.ამისათვის დქიხარჯა უამრავი დრო,ენერგია და თანხა და მუვიღეთ უარესი შედეგი რო ა ცალსახად პირიქით უნდა ყოფილიყო. არ დაგვავიწყდეს დატოვებული მორაგბეები, მიზეზი ტესტებზე ჩაჭრა და მერე ვგებულობთ რომ ტესტებზე თურმე კიდე ჩაჭრილან. რამოდენიმე კითხვაა რომელსაც პასუხები სჭირდება.ერთადერთი პოზიტივი არის ის რომ საშუალო ასაკი დაბალია და იმედია რომ მომავქლ ფორუმებზე უკეთესად გამოვლენ.
1
სადაა სახელმწიფოს როლი?! .. - ნახე: ჯერ იყო ხალხი გამოქვაბულში, მერე გამოვიდნენ იქიდან და შექმნეს ორგანიზებული მართვის სისტემის საფუძვლები და ვადებში გადაანაწილეს... მოკლედ დღემდე ცივილიზაციამ ასეთი ფორმა შემოიღო.4 წელში ერთხელ ვირჩევთ *ჩვენგან* გამორჩეულ ორატორებს და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულებს, მერე ვუკვეთავთ სხვადასხვა საქმეებს. მერე ჩავანაცვლებთ სხვა კონტიგენტით, ასე იმართება კაცობრიობა ზოგადად. - ეხლა გინდა სახელმწიფოს შეახოცე ხელები გინდა ბიზნესმენებს. მთავარი ისაა რომ ჩვენ არ ვვარგივართ, ბუნებით და მენტალურად ხარბი, ზარმაცი და ამპარტავნები ვართ.. შედეგიც შესაბამისი გვაქვს ყველაფერში. არც რაგბისტი არც პოლიტიკოსი, არც ბიზნესმენი ციდან არ ჩამოვარდნილან, გვერდზე გავიხედოთ ჩვენგან არიან წამოჩეკილები!!! იაპონიას 2 ბირთვული ბომბი დაეცა კეფაზე... ნატურალიზირებულებმა წამოაყენეს ფეხზე?! ენა როგორ მოგიბრუნდებათ ასეთი შრომა ვერ დააფასოთ!!! იმას კი არ ამბობენ, სამაგალითოა მათი პროგრესიო, არა! იაპონიამ იმიტომ გაქაჩა რომ დიდი ფული და ნარურალიზირებული მოთამაშეები ყავსო. ფული და ინფრასტრუქტურა არც ამათ აკლიათ, რა ვქნათ ახლა ვეძებოდ ფიჯიზე ქართველი ბებიის აღზრდილი ვინაა?! ჯიგარი უნდა ჯიგარიიი, ყველა საქმეს, ყველაფერში და არა თითის გაშვერა და მიზეზების ძებნა!!!...
გურია
11:20 15-10-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული