ირლანდიური გამოხმაურება "ბორჯღალოსნების" დიდ პროგრესზე

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" მესამე რაუნდში საქართველომ ირლანდიასთან ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში აჩვენა და "სამყურების" მოქმედი და ვეტერანი მორაგბეებისგან ქება დაიმსახურა.

ირლანდიელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა ბრაიან ო'დრისკოლმა, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტჯერ - 133-ჯერ (132 ძირითადში) უთამაშია და ასევე ყველაზე მეტი, 46 ლელო აქვს გატანილი, საკუთარ "თვითერზე" გიორგი კვესელაძე შეაქო:

"მე რომ ევროპული კლუბი ვიყო და მომავალი სეზონისთვის ცენტრს ვეძებდე, სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების ცენტრ გიორგი კვესელაძეს. გარდა ბრწყინვალე ლელოსი, მისი თამაში დაცვაშიც კარგია. ხისტი და მშრომელია. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც
შეიძლებოდა".

ირლანდიური რაგბის კიდევ ერთმა ლეგენდამ, 2012 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბემ, რობ კირნიმ, რომლის ანგარიშზე 95 კეპია, Channel 4-ის ეთერში განაცხადა:

"დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა საქართველოს ნაკრები იყო - შეეძლოთ თუ არა მათ ამ დონეზე თამაში და იმსახურებენ თუ არა ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად ყოფნას?! ვფიქრობ, მათ დღეს ეს შეძლეს!".

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ირლანდიელთა კაპიტანმა ჯეიმს რაიანმა:

"რთული თამაში გამოვიდა. მეტოქემ არაფერი დაგვითმო. ქართველები ამაყი ერია და ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. ცხადია, კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგანაც მხოლოდ 2 ლელო გავიტანეთ და ამის მიზეზი საქართველოა, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია".

დუბლინში ირლანდიელებმა 23:10 მოიგეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ენდი ფარელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, მიზეზად კი მეტოქე დაასახელა:

"საქართველომ რაქში დიდი ზიანი მოგვაყენა და ჩვენი თამაშის შენელება სრულად დაიმსახურა. ამისთვის ისინი შექებას იმსახურებენ".

მეტოქის შერკინება შეაქო ირლანდიელთა მეორეხაზელმა იენ ჰენდერსონმაც: "საქართველო ნამდვილად მაგრად დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს შერკინებაზე ითქმის".

"ბორჯღალოსნების" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა სხვადასხვა გამოცემამ. Rugbyonslaught-ი წერს:

"ენთუზიაზმით სავსე ქართველთა შეტევების მოგერიებას ირლანდიელები მთელი ძალით ცდილობდნენ. ირლანდიამ შეძლო 23:10 მოგება, თუმცა ამ თამაშის შემდეგ მათი მეტოქე ბევრად უფრო ბედნიერი უნდა იყოს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი კვესელაძის გასაოცარი ლელო და ქართველი კომენტატორები, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, რაც კი ოდესმე გვსმენია. ეს იყო ემოცია, ემოცია და კიდევ ერთხელ ემოცია! ქართველები ცნობილნი არიან თავიანთი ემოციურობით და ეს კარგად გამოჩნდა მათი კომენტატორების ხმაში".

დაბოლოს, რაგბის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა გვერდმა Tier 2 Rugby-მ "თვითერზე" გიორგი კვესელაძის ლელო გამოაქვეყნა და თან მიაწერა:

"გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო (ქართული კომენტარით). ეს, რა თქმა უნდა, ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლელოდ შევა. მისმა ცრუ მოძრაობამ ერთგვარად ოდრისქოლის 2001 წლის თამაში გაგვახსენა ავსტრალიის წინააღმდეგ".

ხოლო კომენტარებში ყველა ქართველი კომენტატორების, სანდრო ინაშვილისა და ნიკა ამაშუკელის ემოციებს უსვამდა ხაზს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი თამაშია, კი!)))
პილიგრიმი
02 დეკემბერი 2020 17:12
0
აი ყოჩაღ ძმაო ირლანდიას და როგორც კი ყველაფერი აიშვებს თბილისში დაიგეგმოს თამაში მაგათთან დარწმუნებული ვარ გულის სიღრმესი დიდი ანგარიშით რევანშზე ფიქრობენ დაუხვდეთ ძმურად და გავაცილოდ კაცურად [ გარდა იმ 80 წთისა რაც უნდა ვეომოთ ] ჩვენს ბიჭებს კი ვუსურვებ განვითარდნენ ისე რომორ სამ წელში ან უელსი ან კიდევ სქოთები დაემარცხებინოთ იტალიას და ირლანდიას კი მჯერავს რომ მალე შევძლებთ მოუგოთ.
dato
02 დეკემბერი 2020 14:20
1
გილოცავთ ბიჭებო ღირსეულ თამაშს...
კვესო შენ გაიხარე ჩვენი გახარებისათვის... ერთ რჩევას შემოგბედავ... გაათმაგე შრომა... ნიჭიერი კაცი ხარ... და შექება თავში არ აგივარდეს... ,,ვინც თავი დაიმდაბლა, ის ამაღლდაო''...
გიორგი 50
02 დეკემბერი 2020 13:45
0
ისევ და ისევ - ასე თქვეს ჩვენზე , ასე შეგვაქეს და ა.შ.და ა.შ. რატომ არ ვაქვეყნებთ იმას, რა ითქვა ჩვენზე განსაკუთრებით ინგლისთან გათახსირების შემდეგ ? ქების სმენებს და გამოქვეყნებას თავი დავანებოთ ერთხელ და სამუდამოდ და ჩვენს ქრონიკულ ნაკლებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჩვენი აუტის 50% ვაგებთ, ბურთის გადაკიდებაში 0%, ფეხით თამაშში 20%. სადამდე უნდა ვიტრაბახოთ შერკინებით ? ბოლობოლო შერკინების მოგება 80% წონაზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ - ჩვენს ხარვეზებზე ვისაუბროთ და მოვეშვათ ამ ფსევდოსადღეგრძელოებს, რომლებიც უკვე სუფრაზეც ყელში ამოდის, იმიტომ რომ რეალიზმს გვაშორებს
ზურა
02 დეკემბერი 2020 13:21
7
ამ შეფასებებში იმდენი პატივისცემა და თანადგომა იგრძნობა... ყოჩაღ ირლანდიას, ეს მეგობრობისათვის გამოწვდილი ხელია და სიამოვნებით მოვიწვევდი მეგობრებს ჩემს სახლში
თენგაბი
02 დეკემბერი 2020 10:07
1
ვისაც რაგბი ესმის... ირლანდიის მერე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წვიმიანმა ამინდმა პირველ 2 თამაშში გაცილებით ნეგატიურად იმოქმედა ჩვენს ნაკრებზე, ვიდრე მოწინააღმდეგეზე რადგან ბრიტანელები წვიმაში თამაშს მეტად უნდა იყვნენ შეჩვეულები, წესით. ირლანდიასთან კი ბურთიც და მოედანიც მშრალი იყო და ეს შედეგზეც აისახა.
კითხვა
02 დეკემბერი 2020 01:54
5
ნიაზის ხმისთვის რომ მოესმინათ ალბათ სულ გააფრენდნენ
Haaland
01 დეკემბერი 2020 20:06
1
ნიაზი ალბათ ჩვენივე ტელევიზორებიდან ჩვენთან შემოხტებოდა ))) მომწონს ეგ კაცი და მაგის აურა )
SL
01 დეკემბერი 2020 22:09
2
ო'დრისკოლმა თავის თვითერ აქაუნთზე საჯაროდ შეაქო კვესელაძის თამაში. მეტიც ევროპულ კლუბებს საჯაროდ უბიძგა, რომ კვესოსთვის თვალყური ედევნათ. rugbypass-მაც დადო სტატია ამის შესახებ
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2020 18:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული