ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით

AutoSharing Option
33 წლის ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლაშა ხმალაძე 20 ნოემბერს ფიჯის წინააღმდეგ მეხუთედ ითამაშებს. მან კუნძულელების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი, შარშანდელი შეხვედრა გამოტოვა და საქართველოს ნაკრების მორაგბეებიდან მომავალ მეტოქეს ყველაზე კარგად იცნობს.

მომავალი თამაშის წინ მსოფლიო რაგბი ხმალაძის გამოცდილებით დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

„ცენტრალურ ესპანეთში, ქალაქ არანხუესში, ამ შაბათს ორი ყველაზე განვითარებადი სარაგბო ქვეყნის რკენა გაიმართება.

საქართველო და ფიჯი გეოგრაფიულად სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან, განსხვავებულია მათი კულტურა, ენა და თამაშის სტილიც კი, თუმცა ორივე სწრაფი ტემპებით ვითარდება და ძლიერ მოწინააღმდეგედ ყალიბდება.

2012 წლ
ამდე ამ გუნდებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ. სამაგიეროდ, უკანასკნელ რამდენიმე წელში ისინი მეექვსედ შეიბმებიან.

მართალია, პირველი თამაში 2012 წელს გაიმართა, მაგრამ ამ გუნდების რეალური დაპირისპირება 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო პირველად გაემგზავრა წყნარი ოკეანის ტურნეზე და შინ დაუმარცხებელი დაბრუნდა.

ერთი წლით ადრე, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტურნირის შემდეგ, საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური მოიპოვა (2015 წელს ჯგუფში ორი მოგებით მესამე ადგილი დაიკავა) და წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. აღმოსავლეთევროპელების ევოლუციის შედეგად ცხადი გახდა, რომ მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოეხატა ნებისმიერ მეტოქეს და არამხოლოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მის ტრადიციულ მეტოქეებს.

2016 წლის წყნარი ოკეანის ტურნეს დროს, სამოასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ტონგა 23:20, ხოლო ფიჯი 14:3 დაამარცხა.

„ჩემთვის ეს დასამახსოვრებელი ტურნე იყო, – იხსენებს საქართველოს ნაკრების ვეტერანი უკანახაზელი ლაშა ხმალაძე, – საქართველო პირველად თამაშობდა კუნძულებზე. ეს იყო ღია, გახსნილი თამაში, რომელშიც ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. ამ დაუმარცხებელმა ტურნემ დიდი თავდაჯერებულობა შეგვმატა“.

მას შემდეგ საქართველოს ფიჯისთან აღარ მოუგია. კუნძულელებმა გამარჯვება ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასზე, მერე კი 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასზე“ მოიპოვეს.

„2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. თავიდან თამაში თანაბარი იყო, მაგრამ რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მეტოქემ გაგვტეხა. ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ვგეგმავდით და შედეგიც შესაბამისი დადგა“ – იხსენებს ხმალაძე.

უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც „მარიფილდზე“ გაიმართა, "ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დებიუტშივე მიიღო, თუმცა გამოავლინა ქართული, მებრძოლი სული და სანახაობრივ მატჩში სამი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა.

2023 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევ ჯგუფს საქართველო ერთპიროვნულად ლიდერობს და დიდი ალბათობით, საფრანგეთის საგზურს ევროპა1-ის სახელით მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე „გ“ ჯგუფში ფიჯის, უელსის, ავსტრალიის და შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის გამარჯვებული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

„დღესდღეობით ევროპის შესარჩევი ეტაპის წამყვანი გუნდი ვართ, თუმცა კიდევ ერთი რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ, რათა მსოფლიო თასზე ვითამაშოთ. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება და მოვხვდებით ჯგუფში, სადაც თამაში ძალიან გვინდა. 2023 წლის მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით და ვეცდებით, ვაჩვენოთ ჩვენ ძალა, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად“.

33 წლის ხმალაძის საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია, თუმცა ის ფორმაში რჩება და არ გამორიცხავს, რომ "ბორჯღალოსან" ცენტურიონებს – დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილს და გიორგი ჩხაიძეს შეუერთდეს.

„მიზანსწრაფულობა, პროფესიონალიზმი, სტაბილურობა, შრომისმოყვარეობა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი“ – ამ ფაქტორებს ასახელებს ხმალაძე, რაც მას მაღალ დონეზე დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.

მის ანგარიშზე 87 კეპია და არასდროს უყვარს საკუთარ მიღწევებზე საუბარი, თუმცა ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი თამაში უნდა, რადგან ეს ნიშნავს – „მეტ გამოცდილებას და მეტ მოგონებას“.

რა მოგონებებს დაუტოვებს ხმალაძეს მომავალი შეხვედრა, შაბათს გამოჩნდება, თუმცა გამარჯვებისკენ სწრაფვა ერთადერთია, რისკენაც ქართველი ვეტერანი მიილტვის“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული