პირველად 2015 წლის შემდეგ, საქართველომ ზაფხულის სამივე თამაში სამშობლოში გამართა. 3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-სთან მატჩის (24:30) შემდეგ, 10 ივლისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“, "ბორჯღალოსნებმა" პირველად დაამარცხა ტიერ1-ის გუნდი – იტალია 28:19, ახლა კი „აია არენაზე“ ბრუნდებიან.
8 ცვლილება ძირითადში
წინა შეხვედრის შემდეგ, შარიქაძის გარდა, ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, ფრთა სანდრო თოდუამ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა.
პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. ბურჯის პოზიციაზე ძირითადში პირველადაა ნიკა აბულაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი იტალიასთან ჰქონდა. როტაციის პრინციპით, თამაშს იწყებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილია.
სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც ლადო ჩაჩანიძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება. მიქაუტაძემ იტალიასთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ჩაჩანიძეს კი დებიუტი ბათუმში ჰქონდა და ახლა ძირითადში პირველად იწყებს.
მესამე ხაზში ოთარ გიორგაძის ნაცვლად სასტარტოში სანდრო მამამთავრიშვილი დაწინაურდა. ადგილი შეინარჩუნეს ბექა საღინაძემ და ბექა გორგაძემ.
იტალიასთან არ უთამაშიათ და მარქაფაში არიან კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯი გურამ პაპიძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. თადარიგში გადაინაცვლეს ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შუამარბმა გიორგი კვესელაძემ. შეცვლაზეა ლაშა ხმალაძე, რომელიც იტალიასთანაც მარქაფაში იყო.
მეოთხე ცენტურიონი და რეკორდსმენი კაპიტანი 16 ივლისს პორტუგალიასთან მე-100 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება სანდრო თოდუა. 34 წლის მორაგბემ "ბორჯღალოსნების" კვართით პირველად 2008 წლის 29 მარტს ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მალევე იქცა გუნდის უცვლელ მოთამაშედ.
თოდუას ანგარიშზე 15 ლელოა, რომელთაგან ბოლო 10 ივლისს ბათუმში, იტალიას გაუტანა. სანდრო სამი მსოფლიო თასის (2011, 2015 და 2019) მონაწილეა.
გუნდს მოედანზე 39-ედ გაუძღვება კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ამ მაჩვენებლით ლიდერს, ირაკლი აბუსერიძეს გაუტოლდება. 29 წლის ცენტრმა "ბორჯღალოსნების" კვართით პირველად 2012 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ 86 კეპი (14 ლელო) მოიხვეჭა. კაპიტნის რანგში შარიქაძის დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, 2014 წელს არგენტინის „ა“ ნაკრებთან შედგა, 2017 წლიდან კი რეგულარულად კაპიტანია.
16 ივლისი. ქუთაისი. "აია არენა". 18:00
საქართველო – პორტუგალია
საქართველო
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 22 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 29 კეპი, 10 ქულა), 4. ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი, 1 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 73 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 28 კეპი, 15 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 3 კეპი), 8. ბექა გორგაძე (პო, 36 კეპი, 40 ქულა).
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა, 69 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 31 კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 38 კეპი, 5 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 3 კეპი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 66 კეპი, 73 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 41 კეპი, 25 ქულა).
rugby.ge