ნოემბერში სამი ერთმანეთზე მაგარი ტესტი გველის!

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის.

პირველი ორი თამაში სამშობლოში გვაქვს – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მოხვდა, ხოლო 12 ნოემბერს - სამოას (ოკეანეთი1). ნოემბრის ტესტებს 19-ში უელსთან კარდიფში, "პრინციფალითიზე" დავასრულებთ.

"იტალიასთან გამარჯვების შემდეგ განვაცხადე, რომ ხმამაღალი განაცხადი გავაკეთეთ. შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენ მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს, უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით.
ყველამ იცის, რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბიში ურუგვაი და სამოა".

"კარდიფში თამაშისთვის რაგბის კავშირი დააორგანიზებს სპეციალურ პაკეტებს, რათა ჩვენს ბიჭებს კარდიფშიც ჰქონდეთ ქომაგთა მხარდაჭერა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქალაქებში გაიმართება საშინაო შეხვედრები. ურუგვაი და სამოა განსხვავებულ თამაშს თამაშობენ და საინტერესო მეტოქეები არიან".

"სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, სადაც მწვრთნელები ისაუბრებენ 2023 წლის მსოფლიო თასის მოლოდინებზე" – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და ზაფხულის ტესტ-სერიის მსგავსად, გულშემატკივარს შემოდგომაზეც ზეიმს ჰპირდება:

"ქუჩაშიც იგრძნობა, რომ 10 ივლისს მოპოვებული გამარჯვებით განცდილი სიხარული ჯერ არ განელებულა. ჩვენ ეს გამარჯვებები გვჭირდება. ჩვენი სურვილია, მსგავსი სარაგბო ზეიმები სხვა რეგიონებშიც მოვაწყოთ, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ძირითადად, შესაბამისი ტევადობის ტრიბუნების) არარსებობის გამო შეზღუდულები ვართ. თბილისსაც სჭირდება რაგბი და ეს ის პერიოდია, როდესაც რაგბი დედაქალაქს უნდა დვაუბრუნოთ, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში, გამორიცხული არაა ერთ-ერთი თამაში რეგიონში გავმართოთ, რაც რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, საზეიმო განწყობას და იმ რეგიონის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რათა ის ზეიმი, რომელიც ბათუმში გაიმართა, ჩავიტანოთ სხვა ქალაქებშიც".

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ზეიმები სხვა ქვეყნებშიც უნდა ჩავიტანოთ და ეს იქნება კარდიფი. რაგბის კავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა გულშემატკივარმა შეძლოს იქ ჩასვლა და ადგილიდან უგულშემატკივროს ბორჯღალოსნებს".

მომავალ თამაშებს დიდი ინტერესით ელოდება "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

"ნოემბერში სამი საინტერესო ტესტი გველის. თუ შეხედავთ, სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო თასზე სამი გუნდი გავიდა – არგენტინა, ურუგვაი და ჩილე. ამ გუნდების ფრენჩაიზებს თავიანთი ჩემპიონატი აქვთ. ურუგვაის ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. სასურველი იყო ორი თამაში გვქონოდა კუნძულელებთან, თუმცა არ მგონია, ურუგვაისგან ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდეს. ის მსოფლიო თასის მონაწილე და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია".

"სამოასაც დიდი პროგრესი აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინ ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასი მოიგო. მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში, ჩვენთვის საინტერესოა მათთან თამაში, რადგან საფრანგეთში ფიჯისთან მოგვიწევს შეხვედრა, სამოა და ფიჯი კი დაახლოებით ერთი ხელწერის გუნდები არიან".

"რაც შეეხება უელსს, მას ჩემი წარდგენა არ სჭირდება. უელსმა სამხრეთ აფრიკაში შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება და პირველ მატჩშიც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ის მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა და საინტერესოა, როგორი შემადგენლობით დაგვიპირისპირდებიან, რადგან იტალიასთან მოგების შემდეგ ჩვენზე მეტი ფოკუსირება ექნებათ".

ურუგვაი

"ბორჯღალოსნებს" ურუგვაის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია და მასთან დადებითი ბალანსი აქვს – 4 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველი, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება – 24:12. ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ ზედიზედ ოთხი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი იაპონიაში, კუმაგაიაში 33:7 დავამარცხეთ.

ბოლო პერიოდში ურუგვაიში რაგბი მნიშვნელოვნად განვითარდა. ერთი წლის წინ სამხრეთელები იტალიას ეწვივნენ და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 10:17 დამარცხდნენ. ამა წლის ივნისში ურუგვაი ორჯერ შეხვდა იაპონიას (15:34 და 7:43), ხოლო ივლისში ასევე ორჯერ ეთამაშა რუმინეთს და პირველ მატჩში 22:30 მარცხის შემდეგ, მეორეში რევანში აიღო – 26:20.

მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ურუგვაიმ აშშ-ს ორი მატჩის ჯამში 50:34 მოუგო (16:19 და 34:15), რის შემდეგაც ამერიკა1-ის სახელით საფრანგეთში "ა" ჯგუფში, ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, იტალიის და ნამიბიის ნაკრებებთან მოხვდა.

სამოა

დადებითი ბალანსი გვაქვს მეორე მეტოქე სამოასთანაც. კუნძულელებსაც პირველად 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და პერთში მეტოქემ 46:9 მოიგო.

2013 წელს იმ დროისთვის უძლიერეს სამოას თბილისში 16:15 ვაჯობეთ. 2016 წელს წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეზე მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქესთან ფრედ, 19:19 ითამაშა. იმავე წელს სამოა თბილისში მივიღეთ და 20:16 დავამარცხეთ, ბოლოს კი 2018 წელს "ავჭალაზე" ვუმასპინძლეთ და დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ 27:19 გავიმარჯვეთ.

ზაფხულში სამოამ წყნარი ოკეანის თასზე სამივე თამაში მოიგო და ჩემპიონი გახდა. კუნძულელებმა ავსტრალიის "ა" ნაკრები 31:26 დაამარცხეს, ტონგას 34:18 სძლიეს, ხოლო ფიჯის 23:20 მოუგეს.

სამოა მსოფლიო თასზე "დ" ჯგუფში ინგლისის, იაპონიის, არგენტინის და ჩილეს ნაკრებებთან ითამაშებს.

უელსი

საქართველო უელსს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მეოთხედ ეთამაშება.

პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, "პრინიციფალითიზე" შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. "ბორჯღალოსნებს" ჰქონდა შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში ვეთამაშეთ და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე "დრაკონებს" ლიანელში, "პარკ სკარლეტზე" ვერკინეთ, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსი და საქართველო "გ" ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ გახურებად მოიაზრება.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფანტასტიკის სფეროში გადავალ მაგრამ თუ მოვიგებთ უელსთან პირველად შევალთ ათეულში. ისე კი იდეალური ტესტებია, სულ რომ წავაგოთ უელსთან არაფერი გვაკლდება.
0
ტესტები მაგარია! მწვრთნელი კი არ გვყავს.
გიორგი
21:31 22-07-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული