რაგბი ევროპა | ღია ვარჯიში რუმინეთამდე

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა", რომელიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახევარფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა.

ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს თბილისში, 16 საათზე, „ავჭალაზე“ ერკინება და გამარჯვებული 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი), ფინალში ითამაშებს, დამარცხებული კი მე-3 ადგილის მოპოვებას ეცდება. მეორე ნახევარფინალში, 4 მარტს, პორტუგალია ესპანეთს მიიღებს.

ღია ვარჯიში 1 საათზე
ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ის ინტენსიურ, ორმხრივ თამაშს მოიცავდა, რომელსაც მწვრთნელები მართავდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა – გიორგი ჭყოიძემ და დავით ნინიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „ნებისმიერი ერთი თამაში, რომლის შედეგი ყველაფერს წყვეტს, წნეხს აძლიერებს. ვემზადებით ნახევარფინალისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე რუმინეთი იქნება. მეტოქე ძალისმიერი თამაშის მიმდევარია და ვეცდებით, ამ კომპონენტში დომინანტები ვიყოთ. რუმინელები ამ სტილს თითქმის არასდროს ღალატობენ და ცდილობენ დომინირებას შეჯგუფებებში. ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ, რისი გეგმაც გვაქვს და ამბიციაც. საინტერესო მოსამზადებელი კვირაა და ვიმედოვნებ, თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება“.

„მსაჯების მიმართ კრიტიკით არ გამოვირჩევი, თუმცა მათი გადაწყვეტილებები და არამხოლოდ ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ეს ისეთივე დამატებითი წნეხია, როგორიც შეიძლება იყოს ამინდი, მოწინააღმდეგე გუნდის მაყურებელი და ა.შ. ადვილი არ იქნება, თუმცა ვეცდებით მეტად მობილიზებული და დისციპლინირებული ვიყოთ. ყველა ჯარიმას მსაჯს ვერ დავაბრალებთ, რადგან 18-იდან მინიმუმ 8 შემთხვევაში ჯარიმის თავიდან არიდება შეიძლებოდა“.

Sportall.Ge

გიორგი ჭყოიძე: „გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და როგორც მოთამაშეები, ასევე მწვრთნელები, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა 5 მარტს კარგი თამაში ვაჩვენოთ და რა თქმა უნდა, წარმატებას მივაღწიოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეიცვალა და რუმინეთთან ნახევარფინალს ვთამაშობთ, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ყველას უნდა დავანახოთ, რომ რა ცვლილებებიც უნდა მოხდეს, წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. წელს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში თბილისში ჯერ არ გვქონია. იმედია, სტადიონი გაივსება და გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

დავით ნინიაშვილი: „ორშაბათიდან ვემზადებით და პროცესი ძალიან კარგად მიდის. ვეცდებით, რაც ესპანეთთან არ გამოგვივიდა, რუმინეთთან გამოვასწოროთ. მეტოქე კარგი გუნდია, ძლიერები არიან შეჯახებებში და სახიფათონი 1-1-ზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატში ნახევარფინალური ეტაპი პირველად ტარდება და რუმინეთი მაქსიმუმს გაიღებს ფინალში გასასვლელად, ჩვენ კი მათზე 2-3-ჯერ მეტად მოვინდომებთ, რათა გულშემატკივარი მოგებასთან ერთად ლამაზი თამაშითაც გავახაროთ. სასიამოვნოა, რომ ბილეთები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სრულად გაიყიდა. გულშემატკივარს დიდი მუხტი შემოაქვს თამაშში და რეალურად ასრულებს მე-16 მოთამაშის ფუნქციას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული