"ბორჯღალოსნები" | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლის, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადება.

„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა.

ცენტურიონი მამუკაშვილი და აბჟანდაძის დაბრუნება

შოტლანდიასთან თამაშს იწყებს და მე-100 კეპს მოიხვეჭს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ ის გახდება მეექვსე ქართველი ცენტურიონი, რომელმაც 100-იან ნიშნულს უწია.

ერთი კვირის
წინ აშშ-სთან 22-7 მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო 15-ეულში ხუთი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ორი ხაზში. მარცხენა ბურჯად შემადგენლობაში დაბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ადგილი ბექა გიგაშვილმა შეინარჩუნა.

მეორე ხაზში თამაშს იწყებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – ფლანკერად ბრუნდება მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია კი კვლავ დამწყებთა შორის არიან.

შენარჩუნებულია ღერძი და შოტლანდიასთან თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ცენტრში ამჯერად დემე თაფლაძე შეუწყვილდება, კვლავ ძირითადში არიან ფულბეკი დავით ნინიაშვილი და ფრთა აკა ტაბუცაძე, ხოლო მეორე ფრთა მირიან მოდებაძე იქნება.

ტრავმა მოიშუშა, შოტლანდიასთან ბრუნდება და მარქაფაშია მგეზავი თედო აბჟანდაძე. 9 ნომრის შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში გიორგი კვესელაძე შევა.

აშშ-სთან მატჩის მსგავსად, პირველი ხაზის შეცვლაზე არიან კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გურამ პაპიძე. მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, მესამე ხაზში კი ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილს ვიხილავთ.

მეექვსედ შოტლანდიასთან

"ბორჯღალოსნები" შოტლანდიას მეექვსედ ერკინება და ზედიზედ მესამედ ითამაშებს „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.

პირველი შეხვედრა 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში შედგა და ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობაც იქ დაფიქსირდა. ინვერქარგილში მაშინ მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა და კარში დარტყმებით 15-6 გაიმარჯვა.

2016 წელს შოტლანდიასთან პირველად ვითამაშეთ ტესტ-მატჩი და კილმანროკში მასპინძლებმა 43-16 მოიგეს. 2019 წელი ისტორიული აღმოჩნდა. 4 წლის წინ შოტლანდია გახდა ტიერ1-ის პირველი ქვეყანა, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ეს იყო მსოფლიო თასის წინა გასახურებელი შეხვედრა და მეტოქემ „დინამო არენაზე“ 44-10 იმარჯვა.

ერთი კვირის თავზე სქოთებმა პირველად გვიმასპინძლეს „მარიფილდზე“ და 36-9 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი იმავე „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩში 48-7 მოიგეს. 3 წლის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვლავ ეწვევა ედინბურგს და საფრანგეთში გამგზავრებამდე ბოლო რეპეტიციას გაივლის.

განვლილ 5 შეხვედრაში საქართველომ შოტლანდიას გაუტანა 4 ლელო, თავად კი 25 გაუშვა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა 48:186-ზეა.

მოსამზადებელი ეტაპი

მოსამზადებელ ეტაპზე "ბორჯღალოსნებმა" ორი თამაში გამართა და ორივე სარეკორდო სხვაობით მოიგო – რუმინეთთან 56-6 და აშშ-სთან 22-7.

შოტლანდიამ სამი შეხვედრა გამართა და პირველში იტალიას 25-13, ხოლო მეორეში საფრანგეთს 25-21 მოუგო, 12 აგვისტოს კი იმავე საფრანგეთთან სტუმრად 27-30 დამარცხდა.

მოცემული მომენტისთვის შოტლანდია 84.01 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა. საქართველოს 76.23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" 1,78 ქულას მიიღებს და მე-10 პოზიციაზე მყოფ უელსს მიუახლოვდება, რომელსაც 78.26 ქულა აქვს.

Sportall.Ge

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 20:30 საქ. დრო
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბიჭებს ძალიან კარგ და უტრავმო თამაშს ვუსურვებ!წინა ორი მეტოქეც რომ ასეთი დონის გვყოლოდა,შესანიშნავი იქნებოდა.
სოსო
17:30 25-08-2023
0
მსოფლიომდე ყველა უნდა გამოიცადოს და ინახოს საქმეში. რაც შეეხება მესამე ხაზს გიორგაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, გორგაძეს ტრავმები აქვთ მცირე და იმიტომ გამოიძახეს მამამთავრიშვილი რომელიც შეკრებაზეც არ ყოფილა, უბრალოდ სხვა გზა და არჩევანი არიყო. დანარჩენი კი სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა ვის დააყენებენ და რატომ. კოზირებს მსოპლიომდე არავინ არ ხსნის. იქნება სტანდაარტული თამაში. თავგანწირული დაცვა და შეტევაში ადგილ ადგილ აფეთქება. არავინ არ გააშიფრინებს თავს მსოფლიოს წინ სხვა გუნდებს არც სტრატეგიაში არც კომბინაციებში. დაელოდეთ მსოფლიოს იქ გამოჩნდება ნათელი სურათი. შოტლანდიასთან კი დაცვა ივარჯიშებს და შეტევაც შესაბამისად რა დავალებაც ექნებათ და გამოუვათ. ჩვენი დაცვა კარგად თიბავს მშვიდად იყავით)))
beeq.777
11:47 25-08-2023
0

სიახლეები პოპულარული