"ბორჯღალოსნები" | გუნდი პარიზშია, ვიწყებთ ავსტრალიით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ლა როშელიდან პარიზში ჩავიდა, სადაც 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ „სტად დე ფრანსზე“ გამართავს.

სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც „კენგურუების“ წინააღმდეგ იბრძოლებენ.

შერკინების პირველ ხაზში თავის 101-ე თამაშს ჩაატარებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები კი ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე იქნებიან. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ტრავმის შემდეგ მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ბრუნდება ბექა გორგაძე. ხოლო ფლანკერები თორნიკე ჯალაღონია და ლუკა ივანიშვილი იქნებიან.

ღერძზე ზედიზედ
მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და მირიან მოდებაძე იდგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

პირველი ხაზის მარქაფაში თენგიზ ზამთარაძეს, გურამ გოგიჩაშვილს და ბექა გიგაშვილს ვიხილავთ. მეორე და მესამე ხაზში, შესაბამისად - ლაშა ჯაიანი და გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ხაზში გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე შევლენ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 8 მორკინალის კეპების ჯამი 327-ია და მათი ნახევარზე მეტი ორ მორაგბეზე მოდის (მამუკაშვილი, მიქაუტაძე). ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 291-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე გამოცდილები შარიქაძე (96 კეპი) და ლობჟანიძე (78) არიან. 268 არის მარქაფაში მყოფი მოთამაშეების კეპების ჯამი (129 შერკინება, 139 ხაზი).

განაცხადში მყოფი ოთხი მოთამაშე – შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ვასილ ლობჟანიძე და მერაბ შარიქაძე მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობენ. მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმზე მეორედ არიან წარმოდგენილი, დანარჩენი 12 კი დებიუტანტია.

საუკეთესო შემადგენლობით

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ავსტრალიასთან მატჩისთვის მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეირჩა:

„ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩში მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება. მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ამ წუთისთვის ეს 23 მორაგბე საუკეთესოდაა მომზადებული. ვარჯიშობს, თუმცა რეაბილიტაცია სრულად არ დაუსრულებია ბექა საღინაძეს. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ის მზად უნდა იყოს“.

„1-ელ სექტემბერს ერთობლივი. ხარისხიანი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან. ვფიქრობ, ის ორივე გუნდისთვის პროდუქტიული იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას და შესაძლებლობების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ“.

„მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკურობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

2023 წლის მსოფლიო თასი. I ტური. "გ" ჯგუფი
საფრანგეთი. პარიზი. "სტად დე ფრანსე"
9 სექტემბერი. 20:00 საქ. დრო
ავსტრალია – საქართველო

საქართველო
ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ავსტრალიასთან ოფლის და, თუ საჭირო გახდა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იბრძოლოს. ამ დასკვნის წინაპირობები შემდეგია: ორკვირიანი დასვენება შემდეგ მატჩამდე, რა დროშიც მრავალი ჭრილობის მოშუშებაა შესაძლებელი; აცსტრალიას დღეს, როგორც ბოლო დროის სტატისტიკა გვკარნახობს, წინა წლებთან შედარებით სუსტი გუნდი ჰყავს. თამაშის უბრძოლველად დათმობის ანუ თავის შენახვის ტაქტიკა დამღუპველად აისახება მომავალზე. იბრძოლეთ და დაგიფასდებათ!!!
ელიასი
11:14 08-09-2023
0
საღინაძე არ ჩანს და რახდება?
1

სიახლეები პოპულარული