ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს

AutoSharing Option
23 სექტემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე, ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრას გამართავენ. ტულუზში ისინი კარგად ნაცნობ პორტუგალიას ერკინებიან.

„ლობუშმა“ საფრანგეთში თავისი პირველი თამაში უელსთან 16 სექტემბერს გამართა და მართალია 8:28 დამარცხდა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველომ ერთი კვირით ადრე, 9 სექტემბერს ითამაშა (ავსტრალიასთან 15:35) და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად ორი კვირა ქონდა.

„ვოლაბებთან“ შეხვედრაში 6-კვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე. 27 წლის მორაგბე საწვრთნელი შეკრებისას დაშავდა, რის გამოც სამივე გასახურებელი თამაში გამოტოვა და მოედანს მსოფლიო თასზე
დაუბრუნდა.

- 6 კვირა გამიცდა და ამან ჩემს თამაშზე გავლენა იქონია, რაც ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომებშიც აისახა. თუმცა იყო პოზიტივიც. ფეხს არ შევუწუხებივარ, თავდაჯერებულობა მომემატა და მომდევნო შეხვედრებს მზადყოფნაში ვხვდები, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

- ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ორი თამაში გავმართეთ (შოტლანდიასთან გასახურებელი და ავსტრალიასთან მსოფლიო თასზე) და ორივეჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვიყავით კონკურენტუნარიანები. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მივაღწიოთ ბალანსს?
- ჩემი აზრით აქ ორი განსხვავებული მომენტი იყო. ტიერ1-ის გუნდის წინააღმდეგ მუდმივად დაცვაში თამაში დამღლელია და შოტლანდიასთან ფიზიკურად ვერ გავძელით, რის გამოც მეტოქემ რამდენჯერმე გაჭრა ხაზი. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში ტაქტიკური და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. ბევრი სალელოვე მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ, მათი დაბოლოვება ვერ შევძელით, თორემ ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. ავსტრალიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ ხაზისა და შერკინების ბალანსით, ტიერ1-ის გუნდებთანაც ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა და იმედია ეს შემდეგ თამაშებში ქულებშიც აისახება. ვფიქრობ, ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში შეგვძენს გამოცდილებას და ეს ჩვენს მომავალზე პოზიტიურად აისახება.

- პორტუგალიასთან მატჩამდე მოსამზადებლად ორი კვირა გქონდათ. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი?
- ეს ბოლო კვირა იყო, როდესაც დასვენების შესაძლებლობა მოგვეცა. გვქონდა საშუალება დაგვესვენა, ჩავრთულიყავით სხვადასხვა აქტივობებში და აღგვედგინა ენერგია. თამაშის კვირას ენერგიულად შევხვდით და მომზადება გეგმის მიხედვით მიდის.

Sportall.Ge

- პორტუგალიამ მსოფლიო თასზე პირველი თამაში უელსთან ჩაატარა.
- და ხარისხიანი რაგბიც აჩვენა. ისინი თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი 5-მეტრიანიდანაც კი ხელდახელ უტევდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წნეხის გარეშე თამაშობენ. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ვფიქრობ ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლებენ. თუ გავიხსენებთ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, პორტუგალია მეორე ტაიმში გარდავტეხეთ და დიდი სხვაობით დავამარცხეთ. ის შეხვედრა მომავალი თამაშის წინ კარგი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ შეხვედრას მაქსიმალური მობილიზებით შევხვდებით და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას რეგულარულად ვეთამაშებით და 2005 წლის შემდეგ მასთან შეხვედრა არ წაგვიგია (15 მოგება და 3 ფრე; ჯამში 18 მოგება, 4 მარცხი და 3 ფრე). ხომ არ იმოქმედებს ეს ჩვენს განწყობაზე?
- ზუსტად ვიცით, რომ პორტუგალია ის გუნდი არ არის, რომელიც რამეს დათმობს და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ველოდებით დაძაბულ და სანახაობრივ თამაშს. თუ არ ჩავთვლით წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც 38 ქულა გავაკეთეთ (38:11), ბოლო წლებში ის ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. პორტუგალიისა და უელსის შეხვედრის ანალიზი გავაკეთეთ და ვმუშაობთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე.

- 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გაცხადებული მიზანი ორი თამაშის მოგებაა. ერთი გუნდი, ვისთანაც უნდა გავიმარჯვოთ პორტუგალიაა. ამ გადასახედიდან, ვინ შეიძლება იყოს მეორე – ფიჯი თუ უელსი?
- ჩვენი მიზანი ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა იყო და ის უცვლელია. ამავე განწყობით გავედით ავსტრალიასთან, მაგრამ თავიდანვე ვერ შევძელით ჩართვა და პირველ ტაიმში დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. ახლა მთავარია, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენოთ, თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ და მერე გადავერთოთ ფიჯიზე. მიუხედავად იმისა, რომ ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ავსტრალია დაამარცხა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მასთან რევანში გვწყურია და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. მაგრამ სანამ პორტუგალიასთან არ ვითამაშებთ, ფიჯიზე ვერ ვიფიქრებთ და მხოლოდ ფიჯის შემდეგ გადავერთვებით უელსზე.

rugby.ge

alt"ბორჯღალოსნები" - ავსტრალიიდან პორტუგალიამდე
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება ბიჭებო! შერკინებაში უპირატესობის მოპოვების გარეშე ძნელია ტიერ-1 გუნდების დამარცხება. ფიჯი ამ კატეგორიის გუნდია. მაისაშვილს მუდმივად ურთიერთობის პრობლემა აქვს საფრანგეთში მოთამაშე საუკეთესო ქართველ პირველ და მეორე ხაზელებთან. ეს მწვრთნელი არც ტაქტიკური აზროვნებით გამოირჩევა. იმედი მაქვს ნინიაშვილი ერთი ორჯერ ჯადოსნურად გაჭრის ხაზს და გარდატეხას შეიტანს ყველა თამაშში.
გიორგი
12:14 21-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული