გორგოძემ ჩემპიონს გაუტანა, კაჭარავამ - რუსეთის თასის ფინალში

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტური, პირველი და მეორე დივიზიონების ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრები გამართეს. ვინაიდან ჩვენი ლეგიონერები უმრავლეს გუნდებში არიან, მათ ძირითადად ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.

ყველაზე საინტერესო ტულონში, "სტად დე მაიოზე" გამართული მატჩი იყო, სადაც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონმა" ქვეყნის ჩემპიონს, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილის, ოთარ გიორგაძისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონს" უმასპინძლა.

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ გუნდები არ იყვნენ თავიანთი საუკეთესო შემადგენლობებით. ცხადია, ეს გასაგებიცაა. სეზონი გრძელი და მომქანცველი იქნება. ამიტომ მწვრთნელები ცდილობენ, საქმეში მაქსიმალურად ყველა
მორაგბე იხილონ.

შეხვედრა "ტულონის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიშში ეს სრულად არ აისახა. მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულის სხვაობით მოიგეს. მატჩის 33-ე წუთზე გორგოძემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, თავის ჩვეულ სტილში, ჩათვლის მოედანთან ახლოს წარმოქმნილი რაკიდან ბურთი აიტაცა, კლერმონელთა დაუცველ ზონას შეუტია და ლელო მიითვალა.

ჩილაჩავა და ალხაზაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა კოლელიშვილმაც, რომელიც მეორე ტაიმში გიორგაძემ შეცვალა, შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე ახალგაზრდა ქართველი ბურჯი კაკაბაძე, ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო.

* * *
კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ლიონს" მოუგო - 38:10. ბეკოშვილმა, ლობჟანიძემ და პაპიძემ მეორე ნახევარში ითამაშეს. ასეიშვილი და მატარაძე განაცხადში არ იყვნენ.

მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე" შინ "ნიუპორტს" ეთამაშა და 40:15 დაამარცხა. ნარიაშვილი და მიქაუტაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია.

მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" ზაზა ნავროზაშვილის "ალბის" მოუგო - 21:14. შარიქაძესა და ხატიაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნავროზაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

პარიზულმა "მეტრო რასინგმა" ბასკურ "ბაიონთან" წააგო - 28:35. პარიზელთა რიგებში მეორე ტაიმში ერთბაშად სამი ქართველი გამოჩნდა: ვასილ კაკოვინი, ლუკა გოგინავა და ლაშა საჯაია.

* * *
ინგლისში, ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიში" "ჰარლიქვინზს" დაუპირისპირდა და 29:31 წააგო. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

* * *
რუსეთის თასის ფინალში ორი ლელო გაიტანა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ, რომელმაც თავის გუნდს, "ენისეის" "პოდმოსკოვიესთან" მატჩში ანგარიშით 26:19 გაამარჯვებინა.

კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ასევე შეუცვლელად ითამაშა "ენისეის" კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიხეილ გაჩეჩილაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუტანა?
არეკნი, ჯარიმა თუ გარდასხვა?
ალბათ გოლს გულისხმობდი
გიორგი
14:56 14-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული