ჩემპიონთა თასი
ევროპის ყველაზე პრესტიჟული, ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი ქართველი ლეგიონერების ხუთ გუნდს აქვს. გასულ შაბათ-კვირას მეოთხე ტურის თამაშები გაიმართა და ისინი პირველ-მეორე ადგილებზე გამაგრდნენ.
პირველ ჯგუფში ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" პირველი მარცხი განიცადა, თუმცა მანამდე სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, სამივე ბონუსით და 15 ქულით პირველ ადგილზეა. ამ ტურში ფრანგული კლუბი "უოსპს" ინგლისში ეწვია და
დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილის, ბექა კაკაბაძისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი" ერთ-ერთია იმ ორი გუნდიდან, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო და ის 18 ქულით მეორე ჯგუფს ლიდერობს. ამ ტურში "ვულკანებმა" ჩემპიონთა თასის მფლობელს, ლონდონის "სარასენსს" უმასპინძლა და 24:21 დაამარცხა. შეხვედრაში, რომელსაც 19 ათასი მაყურებელი დაესწრო, ინგლისელები 13:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებისგან შესვენებამდე 4 ჯარიმა მიიღეს (12:13).
ინგლისელებმა დისციპლინა ვერც მეორე ტაიმში გამოასწორეს. მართალია, მათ მეორე ტაიმის შუაში უპირატესობის დაბრუნება მოახერხეს, თუმცა დასკვნით 10 წუთში ორი ჯარიმა მიიღეს.
ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში კოლელიშვილი იყო და მან შეცვლაზე 8 წუთი ითამაშა.
მესამე ჯგუფში, ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და დუდუ ქუბრიაშვილის "მონპელიემ". ფრანგებმა პირველ ორ თამაშში 3 ბონუს-ქულა აიღეს, ამჯერად შოტლანდიური "გლაზგო" ორივეჯერ პრემიით დაამარცხეს და შესაბამისად, ჯამში 13 ქულა მოუგროვდათ. ის მეორე ადგილზეა და ლიდერს, ირლანდიურ "ლენსტერს" 5 ქულით ჩამორჩება.
შოტლანდიელებმა პირველი ტაიმი 19:14 მოიგეს, თუმცა 11 ათასი ქომაგის გასახარად მასპინძლებმა მეორე ტაიმში უპირატესობის მოპოვება მოახერხეს. "მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა მიქაუტაძემ, ხოლო ბურჯი ნარიაშვილი ბრძოლაში 47-ე წუთიდან ჩაერთო.
ვასილ კაკოვინის "რასინგმა" "კასტრს" პარიზში 4 ლელო გაუტანა და 29:7 დაამარცხა. პარიზელებმა თითო ტაიმში ორ-ორი ლელო მიითვალეს, ბონუსიც აიღეს და 11 ქულით მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. კაკოვინმა შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა.
13 ქულა აქვს, ინგლისურ "ბათს" დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მეხუთე ჯგუფში მეორე ადგილზეა მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი". ფრანგები "ბათს" ინგლისში ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვივნენ, 21:26 დამარცხდნენ და შინ ბონუსით დაბრუნდნენ.
ჩელენჯ ქაფი
"ჩელენჯ ქაფის" პირველ ჯგუფში ქართული დერბი შედგა. ფრანგულმა "ბორდომ" რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" უმასპინძლა და 16646 მაყურების წინაშე 36:27 დაამარცხა. ფრანგთა შორის 66-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ, ხოლო "ენისეის" რიგებში სრულად გაისარჯნენ დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე.
მეორე ჯგუფში "ლიონმა" "ტულუზს" 21:11 სძლია. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე მატარაძემ.
ამავე ჯგუფში "კარდიფმა" "სეილი" მიიღო და 14:6 სძლია. უელსელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა ანტონ ფეიქრიშვილმა. "კარდიფი" 13 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო "ლიონს" 9 ქულა აქვს და მეორეზეა.
მესამე ჯგუფის ფრანგულ დერბიში "აჟენი" "პოს" ეწვია და 12:26 დამარცხდა. ვახტანგ ახობაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა.
ქართული დერბი შედგა მეოთხე ჯგუფშიც, სადაც "ლონდონ აირიში" ფრანგულ "სტად ფრანსეს" მასპინძლობდა. ინგლისელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა ლომიძემ. პარიზელთა შემადგენლობაში ტრავმირებული თანაგუნდელი მე-4 წუთზე შეცვალა ზურაბ ჟვანიამ, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, 3 წუთში კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შევიდა. ამ ეპიზოდამდე ფრანგები 5:17 აგებდნენ, მერე კი თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება იზეიმეს.
ამავე ჯგუფში "კრასნი იარი" "ედინბურგს" "მარიფილდზე" ეწვია და 0:78 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშეს "ბორჯღალოსნებმა" ლაშა მალაღურაძემ და გიორგი ფრუიძემ.
მეხუთე ჯგუფში "ოიონამ" "ვუსტერს" უმასპინძლა და 27:20 სძლია. მასპინძელთა შორის პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.
"ბრივი" ირლანდიაში "კონახტთან" 10:55 დამარცხდა. კახა ასეიშვილმა შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა.
პრო დე 2
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ში ორი კვირის ინტერვალით მეორე ლელო გაიტანა "ბორჯღალოსანმა" ბექა ბიწაძემ. 27-ე წუთზე მან ბურთი აიტაცა, მცველებთან ჭიდილში ორი მეტრი დაფარა და მიზანს უწია. მისი "ნარბონი" "ორიაკს" მასპინძლობდა და 17:31 დამარცხდა.
ბიწაძემ შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, მეორე ტაიმის დასაწყისში ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ბურთი თანაგუნდელს შეაყოლა. შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა ნიკოლოზ ხატიაშვილი.
"ანგულემმა" ერთ-ერთ ლიდერ "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და 16:13 დაამარცხა. "ანგულემის" მეორე ხაზში პირველიდან 72-ე წუთამდე ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.
"ვანის" სასტარტოში იყო და მოედანზე 47 წუთი გაატარა ვახტანგ მაისურაძემ. მისი გუნდი "მონტობანთან" 0:73 დამარცხდა.
"მასმა" "კარკასონი" მიიღო და 13:9 დაამარცხა. მასპინძელთა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა მოედანზე 55 წუთი გაატარა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს სტუმართა ბურჯი მირიან ბურდული, ხოლო კვაჭი შალვა მამუკაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.
წყარო: Rugby.ge