ლეგიონერები: ტესტ-მატჩებამდე 2 კვირით ადრე

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ორი კვირით ადრე, ევროთასებზე ნათამაშები ფრანგული კლუბები შიდა ჩემპიონატს დაუბრუნდნენ.

ტოპ 14-ში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა ლიდერმა ‘კლერმონმა’, რომელმაც ‘კასტრი’ მიიღო და ბონუსით, 41:6 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. დავით ზირაქაშვილი თამაშში პირველად 21-ე წუთზე, გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად ჩაერთო, ხოლო 57-ეზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. 68-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

მეორე ადგილზეა ‘სტად ფრანსე’, რომელმაც ‘მონპელიე’ მიიღო და 25:20 სძლია. სტუმართა განაცხადში იყვნენ ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, ისინი თამაშში ერთდროულად,
43-ე წუთიდან ჩაერთვნენ.

‘რასინგ 92’-ის ძირითადში დამკვიდრდა ახალგაზრდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი. ის ‘პოსთან’ 48:28 მოგებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა.

ფრედ, 9:9 დასრულდა ‘აჟენისა’ და ‘გრენობლის’ შეხვედრა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 48-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა.

‘ბორდოს’ შემადგენლობაში 63-ე წუთიდან ითამაშა ბექა გორგაძემ, ხოლო ლაშა ტაბიძე შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. ჟირონდელებმა ‘ლიონს’ უმასპინძლეს, 35:13 დაამარცხეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ბონუსიც აიღეს.

პრო დე2-ის მე-9 ტურის პირველ მატჩში ‘ბრივმა’ ‘მონტობანი’ მიიღო და 15:3 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა ოთარ გიორგაძემ, რომელიც შერკინების შემკვრელი იყო და თავი შესანიშნავი გარღვევებით დაგვამახსოვრა.

სტუმრად ‘ბეზიესთან’ 7:34 დამარცხდა ‘ორიაკი’, რომლის რიგებში სამმა ჩვენებურმა ითამაშა. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ, თუმცა 10 წუთი სინბინში გაატარა (61-71 წ.), ლაშა ლომიძე და გიორგი ჯავახია კი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდნენ.

‘ბურგ-ან-ბრესის’ შემადგენლობაში და პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა ვაჟა კაპანაძეს, რომელიც თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. მისმა გუნდმა ‘კოლომიე’ 18:15 დაამარცხა.

‘ბიარიცი’ ‘მასის’ ეწვია და 20:29 დამარცხდა. სტუმართა შორის ითამაშა ვახტანგ ახობაძემ. ის გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა და 6 წუთი ითამაშა, ხოლო მე-60 წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

‘ვანის’ შემადგენლობაში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მე-19 წუთიდან ითამაშა ნიკა ნეფარიძემ. მისმა გუნდმა ‘კარკასონს’ 39:22 სძლია. სტუმართა შორის მეორე 40 წუთი ითამაშა მირიან ბურდულმა.

მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა ‘ნევერი’, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში ‘ოიონა’ 19:16 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა თორნიკე მატარაძემ. მან ‘ნევერის’ ძირითადში პირველად ითამაშა.

‘ანგულემი’ ‘ბეიონს’ ეწვია, 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა და 9:60 დამარცხდა. ბურჯის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, 30-ე წუთზე შეცვალეს შალვა სუთიაშვილი და მის ნაცვლად მოედანზე ნიკოლოზ ხატიაშვილი გამოჩნდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ზირაქა აღარ არის ლეგიონერი, ნაკრებში აღარ თამაშობს
პაატა
15:43 30-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული