ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ ქაფისა და პრო დე2-ის გასული ტურები წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის.

ჩემპიონთა თასის მეხუთე ჯგუფის მეოთხე ტურში, ფრანგულ დერბიში, მოედანზე ერთბაშად ოთხი ქართველი მორაგბე გავიდა და ორმა მათგანმა ლელო გაიტანა. "მონპელიე" "ტულონს" მასპინძლობდა და ამ მატჩში უნდა გარკვეულიყო, რომელი გუნდი შეინარჩუნებდა ფლეი ოფში გასვლის შანსს.

"ტულონის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა მამუკა გორგოძემ, რომელიც 3-თვიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს გასულ კვირას სწორედ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაშინ 34 წლის ვეტერანმა შერ
კინების მეორე ხაზში ითამაშა, ამჯერად კი მწვრთნელმა ის ფლანკერად დააყენა და სრულად ათამაშა. მამუკამ 55-ე წუთზე რაქიდან ჩვეულ სტილში შეუტია და სტუმართა ერთადერთი ლელო გაიტანა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯამში გორგოძემ ბურთით 12-ჯერ შეუტია და 16 მეტრი მოიგო.

"მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მოედანზე 63 წუთი გაატარა და ტრადიციულად, უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა. მან შერკინებებში მეტოქის ბურჯი გააწამა, ხოლო დაცვაში 13 ბოჭვა შეასრულა.

57-ე წუთიდან აქტიურად ჩაერთო თამაშში ლევან ჩილაჩავა. მატჩის მიწურულს ის მოლს დროულად მოწყდა და მასპინძელთა მეხუთე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 34:13. შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, რომელმაც ხელის ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა. მან ორჯერ მიიღო ბურთი და ამდენივე მეტრი მოიგო. ის ატიურობდა მოლებსა და რაქებში.

პირველ ჯგუფში მესამე მარცხი განიცადა "უოსფსმა", რომელიც "ტულუზს" ეწვია და 27:42 დამარცხდა. ინგლისელთა რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ, ბურთით ორჯერ შეუტია და 4 მეტრი იარა.

მეოთხე ჯგუფს ოთხი მოგებით და 19 ქულით "რასინგ 92" ლიდერობს, რომელმაც წინასასეზონო მზადების ერთი ნაწილი თბილისში გაიარა და რომლის რიგებსაც ორი ბორჯღალოსანი იცავს. გუშინ პარიზელები ინგლისში "ლესთერს" ეწვივნენ და ბონუსით, 34:11 დაამარცხეს. სტუმართა ძირითადში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ბურთით ორჯერ შეუტია, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა. მან მოედანზე 49 წუთი გაატარა და მოედანზე ვასილ კაკოვინი გამოჩნდა. მან ბურთით 5-ჯერ შეუტია და ჯამში 12 მეტრი მოიგო.

"კლერმონი" ფლეი ოფშია


ჩელენჯ ქაფზე მეოთხე მატჩიც ბონუსით მოიგო "კლერმონმა", რომელმაც "ნიუპორტს" ქართველების გარეშე 49:24 სძლია.

მეორე ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა "სტად ფრანსემ", რომელმაც უელსურ "ოსფრეიზს" 12:3 სძლია. პარიზელთა რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ, რომელმაც ბურთი 2-ჯერ მიიღო და დაცვაშიც ორი ბოჭვა შეასრულა.

მესამე ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა "ბორდომ". ფრანგებმა ჯგუფის ლიდერ "სეილ შარქსს" ინგლისში 17:14 მოუგეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ლაშა ტაბიძე, რომელმაც მოედანზე 62 წუთი გაატარა და ბურთით 8-ჯერ შეუტია. შეცვლაზე 34 წუთი ითამაშა ბექა გორგაძემ, 3 შეტევით 3 მეტრი მოიგო და დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა.

მეოთხე ჯგუფში, იტალიაში "ძებრესთან" 14:58 დამარცხდა "ენისეი". სტუმართა შორის კვლავ საუკეთესო იყო მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ბურთით 16-ჯერ შეუტია, ორჯერ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 76 მეტრი მოიგო, რაც ორჯერ მეტია უახლოეს მდევართან შეფარდებაში. დაცვაში გაჩეჩილაძემ 14 ბოჭვა შეასრულა. ის ტურნირის სტატისტიკაში ორი მაჩვენებლით ლიდერობს - ბურთით ხელში 53-ჯერ შეუტია (უახლოესმა მდევარმა 48-ჯერ) და 74 ბოჭვა შეასრულა (უახლოესმა მდევარმა 63). "სეილ შარქსთან" 59-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. მან ბურთით 3-ჯერ შეუტია და 5 ბოჭვა შეასრულა.

მეხუთე ჯგუფში "აჟენმა" "გრენობლს" 14:10 მოუგო, 9 ქულა მოაგროვა და ორით ჩამორჩება ლიდერ "ჰარლექუინზს". განვლილ მატჩში "აჟენის" შემადგენლობაში ცენტრში სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ, ბურთით 14-ჯერ შეუტია და ჯამში 16 მეტრი მოიგო, 7 ბოჭვა და ამდენივე პასი შეასრულა. 46-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა გიორგი თეთრაშვილი, რომელმაც 5 შეტევით 8 მეტრი მოიგო.

გოგინავას პირველი ლელო, ორი დებიუტანტი და ბორჯღალოსნების გაბრწყინება


საფრანგეთში თავისი პირველი ლელო გაიტანა ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა გოგინავამ, რომელიც პრო დე2-ის "ბრივში" თავის პირველ სეზონს ატარებს, მეექვსე მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 5-ჯერ შეცვლაზე შევიდა. "ბურგ-ან-ბრესთან" მატჩში ის კვლავ მარქაფაში იყო, მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლელო 66-ეზე გაიტანა. "ბრივმა" ეს თამაში ბონუსით, 52:14 მოიგო და 43 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

"ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში ორმა ბორჯღალოსანმა ითამაშა. 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე სრულად გაისარჯა, ხოლო ოთარ გიორგაძემ 8 ნომრის პოზიციაზე მოედანზე 51 წუთი გაატარა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ბურთი აიღო და კონტაქტით 7 მბოჭავი ჩამოიშორა, იერიში მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა და ლობჟანიძის ოფლოუდის შემდეგ ლელო გავიდა. ვასომ მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაში ჩაატარა და მესამედ იყო ძირითადში.

ლიდერის, "ბაიონის" წინააღმდეგ ოთხმა ქართველმა ითამაშა "ორიაკის" შემადგენლობაში და აქედან ორი დებიუტანტი იყო. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს ბორჯღალოსნებმა - მეორეხაზელმა ლაშა ლომიძემ და მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ. რაც შეეხებათ დებიუტანტებს, 18 წლის ბურჯმა, ვანო კარკაძემ მოედანზე მეორე 40 წუთი გაატარა, ხოლო 20 წლის მეორე-მესამეხაზელი ბექა საღინაძე შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა, თუმცა 68-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.

"ნევერი" "ბეზიეს" ეწვია და 9:12 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე მატარაძე და ის 66-ე წუთზე შეცვალეს.

"ანგულემმა" "პროვანსს" 36:20 სძლია. მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.

ბექა შეყლაშვილის "კოლომი" "მასისთან" სტუმრად 13:22 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.

"მონ-დე-მარსანთან" 14:30 დამარცხდა "კარკასონი". მირიან ბურდული სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა.

"ოიონამ" "მონტობანს" უმასპინძლა და ბონუსით, 51:14 დაამარცხა. ირაკლი მირცხულავამ პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა. მისი გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო, კარგი შედეგებია. უმეტესობა ძირითადში თამაშობს უკვე და ძაან სასიამოვნოა.
შოთა
09:21 17-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული