რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად

AutoSharing Option
© Richard Lane

სანამ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატში ესპანეთის დასამარცხებლად ემზადებოდნენ, ევროპის წამყვან ლიგებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და ამ ეტაპზე ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ლეგიონერებმა თამაშები გამართეს.

ტოპ 14-ის მე-16 ტურის პირველ მატჩში, "კლერმონმა" "ბორდოს" უმასპინძლა და 40:20 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველიდან 73-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო ბექა კაკაბაძე შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ლაშა ტაბიძე.

"მონპელიემ" აუტსაიდერ "პერპინიენს" უმასპინძლა და მოულოდნელად მარცხი განიცადა - 10:28. სტუმრებისთვის ტოპ 14-ის მე-16 მატჩში ეს პირველი
გამარჯვება იყო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 55-ე წუთამდე ითამაშეს მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ და ბურჯმა უშანგი ჭეიშვილმა. მანამდე, 24-იდან 31-ე წუთამდე, მიქაუტაძე დროებით იყო შეცვლილი.

"მონპელიემ" ერთადერთი ლელო ტაიმის ბოლოს მიითვალა და ის მათი შერკინების დამსახურებაა, რომელმაც საჯარიმო ლელო გამოიმუშავა.

ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების ჯახში, "აჟენმა" "ტულონი" მიიღო და 19:10 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა. სტუმართა რიგებში 46-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა მამუკა გორგოძე.

"გრენობლმა" "ლა როშელი" მიიღო და ჯარიმებით 21 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ოთხი გარდასახული ლელო გაუშვა და 21:28 დამარცხდა, რის გამოც ბონუსიც ვერ აიღო. მასპინძელთა შორის პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება.

საკუთარ მოედანზე ლიდერ "ტულუზთან" 29:34 დამარცხდა "რასინგ 92". მასპინძელთა რიგებში 52-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ვასილ კაკოვინი. აღსანიშნავია, რომ ტოპ 14-ის მე-16 ტურში მასპინძლებმა მხოლოდ ორი თამაში მოიგეს, სტუმრებმა კი - ხუთი.

ინგლისის პრემიერშიფის მე-13 ტურში მხოლოდ ერთმა სტუმარმა გუნდმა იმარჯვა და ეს ზურაბ ჟვანიას "უოსფსმა" მოახერხა, რომელმაც "ბრისტოლს" 29:22 სძლია. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა. "უოსფსი" მე-5 ადგილზეა და ფლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.

პრო დე 2-ის 21-ე ტური
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ში ლიდერი შეიცვალა. "ნევერი" "კარკასონთან" 12:49 დამარცხდა და პირველი ადგილი დაკარგა. გამარჯვებულთა შორის 57-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა, ხოლო სტუმართა რიგებში გურამ პაპიძე შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 72-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სტუმრად "ბიარიცთან" 22:48 დამარცხდა "ანგულემი". სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ზაურ თევდორაშვილი, რომელიც 46-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, 58-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 63-ე წუთზე 10 წუთით მოედანზე დაბრუნება მოუწია.

"ბურგ-ან-ბრესმა" "ბეიონი" მიიღო და 15:21 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში 38-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ვაჟა კაპანაძემ.

"ვანმა" "ოიონა" მიიღო და 37:6 სძლია. გამარჯვებულთა შორის 62-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნიკა ნეფარიძე, ხოლო სტუმართა შორის მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა ირაკლი მირცხულავა.

ქართველებისგან დაცლილი "ბრივი" "მონტობანს" ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 26:28. სტუმართა შორის დასკვნითი 10 წუთი ითამაშეს ლუკა გოგინავამ და სოსო ბეკოშვილმა.

alt "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული