რაგბის ლეგიონი: საუკეთესო ბექა გიგაშვილი და ოთხი ქართველი პლეი-ოფში

AutoSharing Option
2019/20 წლების ევროთასების ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მეოთხედფინალში თამაში დაბევებული აქვს ქართველი ლეგიონერების ოთხ გუნდს - ორს ჩემპიონთა თასზე და ამდენივეს ჩელენჯ ქაფზე.

მეხუთე ტურში ამ ოთხმა გუნდმა უშუალო კონკურენტებთან გამარჯვებები იზეიმა. ქართველი ლეგიონერებიდან საკუთარ გუნდს ქულები მხოლოდ თედო აბჟანდაძემ შესძინა. სამაგიეროდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს "ტულონის" ბურჯი ბექა გიგაშვილი.

ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გარანტირებულად ითამაშებენ დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონი"; ასევე, ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის "რასინგ 92".

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "რასინგი" მე-4 ჯგუფს
წაუგებლად, 22 ქულით ლიდერობს და რადგან მდევარს მთელი 8 ქულით უსწრებს, პირველი ადგილიც დაბევებული აქვს. მე-5 ტურში პარიზელებმა ირლანდიურ "მანსთერს" უმასპინძლეს, დასკვნით 8 წუთში 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუსით, 39:22 სძლიეს. განვლილ შეხვედრაში ქართველ ბურჯებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მესამე ჯგუფში "კლერმონმა" უშუალო კონკურეტი "ალსთერი" 29:13 დაამარცხა და ჯამში 20 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა. ის მდევარს 3 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში პირველი ადგილი რომც დაკარგოს, სამ საუკეთესო მეორეადგილოსნებში პირველ ნომრად აუცილებლად მოხვდება.

პირველ ჯგუფში "ლიონი" "ლენსთერს" ირლანდიაში ეწვია და 14:42 დამარცხდა. ლიონელთა რიგებში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა, რომელსაც ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა. 27 წლის მორაგბემ მოედანზე 60 წუთი გაატარა და შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მან ბურთი 4-ჯერ წაიღო, ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ჯამში 13 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 22 ბოჭვა შეასრულა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. სამწუხაროდ, "ლიონს" ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს.

ინგლისში "გლოსთერთან" 6:29 დამარცხდა "მონპელიე", რომელიც 5 ქულით მე-5 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში ვეღარ ვიხილავთ. სტუმართა რიგებში ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. მან 7-ჯერ მიიღო ბურთი და დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა.

შეუცვლელად ითამაშა 22 წლის ბურჯმა უშანგი ჭეიშვილმა. მან ბურთით ხელში 5-ჯერ შეუტია და დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა. თამაშში 34-ე წუთიდან ჩაერთო 20 წლის ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, ბურთით ხელში 2-ჯერ მიეძალა და ჯამში 3 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 4 ბოჭვა შეასრულა. შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა გელა აფრასიძე, ერთი შეტევით 3 მეტრი იარა, 11 პასი და ერთი ოფლოუდი გააკეთა, ხოლო დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები 18-19 იანვარს გაიმართება, მეოთხედფინალები კი 3-5 აპრილსაა ჩანიშნული.

ჩელენჯ ქაფი

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში თამაში დაიბევეს "ტულონმა" და "ბორდომ".

მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის "ტულონმა" უელსში უახლოესი მდევარი "სკარლეტსი" 27:15 დაამარცხა, ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და მეორე ჯგუფს 23 ქულით ლიდერობს. ფრანგებს პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა ბოლო ტურში "ბეიონს" მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალშიც მასპინძლები იქნებიან.

უელსელთა წინააღმდეგ პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან ბურთი 12-ჯერ წაიღო და 12 მეტრი მოიგო, ორჯერ ოფლოუდი შეასრულა, ორჯერ თერნოვერი გაახერხა და დაცვაში 10 ბოჭვა მოაგროვა.

მესამე ჯგუფს 22 ქულით ლიდერობს და პირველი ადგილი დაბევებული აქვს ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის "ბორდოს", რომელმაც ასევე უშუალო კონკურენტი და უახლოესი მდევარი "ედინბურგი" ბონუსით, 32:17 დაამარცხა. ყაულაშვილმა დასკვნითი 30 წუთი ითამაშა და 6 შეტევით 6 მეტრი მოიგო, დაცვაში კი ასევე 6 ბოჭვა შეასრულა.

პირველ ჯგუფში "ენისეი" "ვუსტერს" ხუთი ქართველით ეწვია და 10:66 დამარცხდა. ფრთაზე შეუცვლელად ითამაშა დავით მესხმა, რომელმაც ბურთი 6-ჯერ წაიღო და ჯამში 66 მეტრი მოიგო, რაც სტუმართა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა 6 ბოჭვა. შეუცვლელად გაისარჯა და 14 შეტევით 45 მეტრი მოიგო მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომლის ანგარიშზე ასევე 13 ბოჭვა, ორი ოფლოუდი და 5 პასია.

პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა და 9 შეტევით 7 მეტრი მოიგო ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა. თამაში ძირითადში დაიწყო და უკვე 26-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა ნიკოლოზ სუხაშვილი. მცირე დროში მან 6-ჯერ შეუტია და 4 მეტრი იარა, დაცვაში 10 ბოჭვა მოაგროვა და ერთხელ თერნოვერიც გაახერხა. შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა დავით კაჭარავამ და ორი შეტევით 6 მეტრი მოიგო.

მეოთხე ჯგუფში ორივე "ქართული გუნდი" დამარცხდა და მათ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც არა აქვთ. "სტად ფრანსემ" იტალიური "ზებრესგან" ლელო 77-ე წუთზე მიიღო და 24:29 დამარცხდა. პარიზელთა ძირითადში იყო გიორგი მელიქიძე. მან მოედანზე 51 წუთი გაატარა, ბურთით 6-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 18 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 6 ბოჭვა შეასრულა.

"სტად ჟან ბუენზე" კიდევ სამი ქართველი გავიდა. მატჩის რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი ეხმარებოდნენ. ეს სამეული მეექვსე ტურში კარდიფში, მასპინძელთა და "კალვიზანოს" შეხვედრას იმსაჯებს და ჯამში, ამ სეზონის ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე, ამაშუკელს ექვსიდან ხუთი შეხვედრა ექნება ნამსაჯი.

ინგლისში "ბრისტოლს" ეწვია და 3:52 დამარცხდა "ბრივი". სტუმართა 3 ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც ჯარიმა 34-ე წუთზე გაიტანა. მან პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა და 9 პასთან ერთად 4 ბოჭვა შეასრულა. პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, 3 შეტევით 7 მეტრი მოიგო, 34 პასი, ორი ოფლოუდი და 7 ბოჭვა შეასრულა.

ძირითადში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს ოთარ გიორგაძე. მან 8 შეტევით 30 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 7 მეტოქე შებოჭა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე. 40 წუთში მან ბურთი 5-ჯერ მიიღო და 7 მეტრით წინ წასწია, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა. მეორე 40 წუთი ითამაშა კახა ასეიშვილმაც. მის ანგარიშზე 3 ბოჭვა და 4 შეტევით მოგებული 6 მეტრია.

"პოს" შემადგენლობაში იტალიური "კალვიზანოს" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა ომარ ოდიშვილმა. ქართველმა ბურჯმა მოედანზე 64 წუთი გაატარა, 5-ჯერ შეუტია და ბურთი 4 მეტრით წასწია წინ, დაცვაში კი 7 ბოჭვა მოაგროვა. ფრანგებმა მეტოქე 47:19 დაამარცხეს, 15 ქულით მეორე ადგილზე არიან და მეოთხედფინალში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბექა, ნაკრებში ბევრად უკეთეს თამაშს ველოდებით შენგან ვიდრე მსოფლიოზე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული