პრო დე 2: საღინაძის პირველი ფრანგული ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში ტური ისე არ ჩაივლის, რომ ქართველი ლეგიონერებიდან მინიმუმ ერთმა მორაგბემ თავი ლელოთი არ გამოიჩინოს.

პრო დე 2-ის მესამე ტურში თავი "ორიაკის" მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ გამოიჩინა. 21 წლის "ბორჯღალოსანი" ფრანგულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, წელს კი ის გუნდის ძირითად მოთამაშედ იქცა, სამივე მატჩი სასტარტოში დაიწყო და ლელოების ანგარიშიც გახსნა.

"ორიაკი" "კოლომიეს" დაუხვდა. საღინაძემ სრულად ითამაშა და 14:19 წაგებულ მატჩში ლელო 77-ე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში
კიდევ ორი ქართველი იყო. კვაჭი ლუკა ნიორაძე დებიუტშივე დაშავდა და მე-10 წუთზე შეცვალეს. მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ 51-ე წუთამდე ითამაშა. ის მე-20 წუთზე სინბინით დაისაჯა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ქართველიშვილი.

"კოლომიეს" სასტარტოში იყო ბექა შეყლაშვილი. მან 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალეს, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "პროვანსმა". მესამე ტურში ამ გუნდმა "ნევერს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 79-ე წუთზე გატანილი არეკნით 25:22 დაამარცხა. "ნევერის" შემადგენლობაში 54-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

"ანგულემმა" "ოიონა" მიიღო და 8:16 დამარცხდა. მასპინძელთა შორის მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. ძირითადში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს ლუკა გოგინავა. 51-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ზაურ თევდორაშვილი, რომელმაც მატჩის მიწურულს, 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სეზონის პირველი ფრე დაფიქსირდა "გრენობლისა" და "მონტობანის" შეხვედრაში – 28:28. "გრენობლის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

საკუთარ მოედანზე "ვანთან" 15:19 დამარცხდა "მონ-დე-მარსანი", რომლის შემადგენლობაში 45-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

მირიან ბურდულის "ვალანს რომანმა" "კარკასონს" უმასპინძლა და 32:24 დაამარცხა. ქართველი ბურჯი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა "რუანმა", რომელიც "პერპინიანს" ეწვია და 14:20 დამარცხდა. სტუმართა შორის თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო კარლენ ასეიშვილმა და 42-ე წუთზე შეცვალეს.

ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "ბიარიცმა" "ბეზიეს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ დასკვნითი 22 წუთი კაცნაკლული თამაშობდა, 24:21 იმარჯვა. "ბიარიცმა" თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყო და უშანგი ჭეიშვილმა მოედანზე 48 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი ნუცუბიძემ 74 წუთი ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა აზარიაშვილი გამოჩნდა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიარიცის ბურჯი გიორგი ნუცუბიძე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა. მის კარგ თამაშს აფასებენ ბიარიცში და უკვე ერთი წელია მის შეუცვლელ ბურჯად იქცა. შეუძლია როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ბურჯის პოზიციაძე თამაში. ბოლო თამაშშიც ბოლომდე ენდო მწვრთნელები და 74 წუთზე გამოცვალეს.
შოთო
17:46 21-09-2020
0

სიახლეები პოპულარული