ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 23 ოქტომბერს ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის კლუბებში იმდენი ქართველი ლეგიონერები დარჩა, რომ მინიმუმ ერთმა ჩვენებურმა მე-7 ტურის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტური ‘მონ-დე-მარსანისა’ და ‘ნევერის’ შეხვედრით გაიხსნა. ‘ნევერი’ სტუმრად თამაშობდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 26:16, ამაში კი საკუთარი წვლილი თორნიკე მატარაძემ შეიტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა. ის თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო 77-ე წუთზე კოლექტიური შეტევა ლელოთი დაასრულა და სტუმრებს გამარჯვება დაუბევა. სტუმართა შორის 48-ე წუთიდან ითამაშა გურამ
პაპიძემ, ხოლო მასპინძელთა შორის 54-ე წუთზე გამოჩნდა ლაშა მაჭარაშვილი.

მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა ‘ანგულემის’ ბურჯმა ლუკა გოგინავამ. მისმა გუნდმა ‘კარკასონს’ უმასპინძლა და 8:21 დამარცხდა. მასპინძელთა მარქაფაში სამი ქართველი იყო: ზაურ თევდორაშვილს თამაშში ჩართვა 26-ე წუთზე მოუწია, შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, ხოლო გოგინავამ დასკვნითი 20 წუთი ითამაშა და ლელო მატჩის მიწურულს გაიტანა.

ფრედ, 25:25 დასრულდა ‘ვალანს რომანისა’ და ‘ბეზიეს’ შეხვედრა. ‘ვალანსის’ რიგებში პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘ოიონამ’ ‘ორიაკს’ უმასპინძლა და ბონუსით, 46:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 50 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში, ფრთაზე დაიწყო თამაში გიორგი გოგოლაძემ, თუმცა მე-8 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია; მეორე ტაიმში სრულად ითამაშა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ; თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო ჯემალ შათირიშვილი, თუმცა თამაში ვერც მან დაასრულა და 68-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზეა ‘პერპინიანი’. ამჯერად მათ ‘მონტობანი’ მიიღეს და 27:6 დაამარცხეს, თანაც სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. მასპინძელთა ძირითადში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა.

მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა ნიკა ღვალაძემ. მისი ‘გრენობლი’ ‘ვანს’ ეწვია და 14:19 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა.

ტურში მეორე ფრე ‘პროვანსისა’ და ‘რუანის’ შეხვედრაში დაფიქსირდა – 22:22. სტუმართა რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული