ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა

AutoSharing Option
გასულ კვირაში ევროპის წამყვანი სარაგბო კლუბები ევროთასების 2020/21 წლების გათამაშებაში ჩაერთნენ. პირველ რაუნდში ჩემპიონთა თასზე ოთხმა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 7-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

კოვიდ-პანდემიის კრიზისის ფონზე, დროებითი ცვლილებები ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის წლევანდელ გათამაშებებსაც შეეხო. ჩემპიონთა თასზე 24 კლუბი ორ 12-გუნდა ჯგუფში განაწილდა. ისინი ოთხ-ოთხ მატჩს გამართავენ მიმოსვლით (ორი შინ და ორი გარეთ). თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი მოწინავე გუნდი გადის. ჯგუფებში მეხუთე-მერვე ადგილზე გასული გუნდები ჩელენჯ ქაფზე გადაერთვებიან.

„ა“ ჯგუფის პირველ მატჩში ფრანგული "ბორდო" "ნორთჰემპტონს" ინგლისში ეწვია და 16:12
დაამარცხა. ჟირონდელებმა გამარჯვების ლელო 73-ე წუთზე გაიტანეს. მათ რიგებში შეცვლაზე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც 6 შეტევით ბურთი ჯამში 15 მეტრით წინ წასწია.

მიმდინარე სეზონში "ტულონის" რიგებში პირველი თამაში ჩაატარა ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა ჭელიძემ. ფრანგებმა ინგლისის "სეილ შარქსი" მიიღეს და 26:14 დაამარცხეს, ჭელიძე კი შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა და სამი ბოჭვის შესრულება მოასწრო.

უელსში ადგილობრივ "ნიუპორტ დრაგონსს" 24:8 სძლია "უოსპსმა" და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. "ბზიკების" შემადგენლობაში ერთწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა, ერთხელ თერნოვერი გაახერხა, ბურთი ერთხელ წაიღო და 10 მეტრი მოიგო.

„ბ“ ჯგუფში ბონუს ქულით, 26:22 დაამარცხა ირლანდიური "კონახტი" პარიზულმა "რასინგ 92"-მა. გურამ გოგიჩაშვილი შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა და დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა, ბურთით ხელში კი ორჯერ შეუტია.

ჩელენჯ ქაფზე 14 გუნდი ერთ ჯგუფშია გაერთიანებული და ისინიც პირველ ოთხ ეტაპზე ოთხ-ოთხ მატჩს გამართავენ სხვადასხვა გუნდთან – ორს შინ და ორს გარეთ. მერვედფინალში რვა მოწინავე გადის და მათ რვა გუნდი ჩემპიონთა თასიდან დაემატება.

პირველ ტურში "სტად ფრანსმა" იტალიურ "ბენეტონს" უმასპინძლა და 20:44 დამარცხდა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ კაკოვინი, რომელმაც 7 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 4-ჯერ მიეძალა. 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი მელიქიძე და 4 ბოჭვასთან ერთად, ბურთით სამჯერ შეუტია.

"ლესთერ თაიგერსისა" და "ბრივის" მატჩში მოედანზე ოთხი ქართველი გავიდა – რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, სამმა მორაგბემ კი სტუმართა შორის ითამაშა. ბადრი ალხაზაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 66-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. მან ოთხი შეტევით 18 მეტრი მოიგო და 6 ბოჭვა შეასრულა. შესვენებისას შევიდა შეცვლაზე ლუკა ჯაფარიძე (5 ბოჭვა, ბურთით 3-ჯერ შეუტია), ხოლო 56-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი ცხადაძემ და 5 ბოჭვის გაკეთება მოასწრო. "ლესთერმა" ბონუსით, 39:17 მოიგო.

"ძებრეს" იტალიაში ეწვია და ფრედ, 25:25 ეთამაშა "ბეიონი", რომლის შემადგენლობაში სრულად ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მან ხუთი შეტევით 5 მეტრით წინ წაიწია და სამი ბოჭვა გააკეთა.

"პომ" ინგლისურ "ვუსთერს" დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 24:20 მოუგო. მასპინძელთა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

ევროთასების მეორე რაუნდის შეხვედრები 18-20 დეკემბერს გაიმართება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული