ლეგიონერები - ევროთასები და გოგინავას ლელო პრო დე2-ში

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, ფრანგულ დერბიში, "ბორდომ" "რასინგ 92" 24:21 დაამარცხა. გუნდებმა ქულები უმეტესად ჯარიმებით აგროვეს და სტუმრებმა ერთი არეკნიც გაიტანეს. დრამატული გამოდგა დასკვნითი წუთები – 79-ეზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა მატჩის განახლებისთანავე დაჯარიმდნენ…

"ბორდოს" შემადგენლობაში 67-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა და ორი ბოჭვა შეასრულა. სტუმართა შორის შეცვლაზე 43-ე წუთზე შევიდა გურამ გოგიჩაშვილი, ბურთი 4-ჯერ მიიღო და დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა. ნახევარფინალში "ბორდო" სტუმრად "ტულუზს" ეთამაშება, რომელმაც "კლერმონი" 21:12 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში "ლა როშელი" ირლანდიურ "ლენსთერს" მასპინძლობს.

ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალშია "მონპელიე",
რომელმაც ქართველი ლეგიონერების გარეშე "ბენეტონი" 31:25 დაამარცხა. ნახევარფინალში ის ინგლისში "ბათს" ესტუმრება. ევროთასების ნახევარფინალები 1-2 მაისს გაიმართება.

პრო დე2

26-ე ტურში "ოიონამ" "ბეზიეს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 34-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა, 38:20 იმარჯვა. წითელი ბარათის ფონზე, ბექა კაკაბაძეს 36-ე წუთზე მოუწია თამაშში ჩართვა, ირაკლი მირცხულავა კი შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა.

"პერპინიანმა" "ბიარიცი" მიიღო და 29:27 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი და ის 61-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. სტუმართა შორის პირველიდან 44-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ნუცუბიძემ, შეცვლაზე კი კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი შევიდა: მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა თორნიკე ჯალაღონია, ხოლო ვახტანგ ახობაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

"კოლომიე" "ვანს" ეწვია და 7:40 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა ბექა შეყლაშვილი. "კოლომიემ" საჯარიმო ლელო 70-ე წუთზე, სწორედ პირველი ხაზის კარგი თამაშის შედეგად გამოიმუშავა.

აუტსაიდერმა "ანგულემმა" "მონტობანს" 22-ქულიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“ და 73-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ჯარიმა მიიღო და საბოლოოდ მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 31:32. ლუკა გოგინავამ თამაში მასპინძელთა ძირითადში დააიწყო, მე-15 წუთზე რაქიდან აიტაცა ბურთი, თანაგუნდელების დახმარებით 2-3 მეტრი დაფარა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. 24 წლის მორაგბისთვის ეს მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში. ის 63-ე წუთზე შეცვალეს. შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა შალვა სუთიაშვილმა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.

"ვალანსმა", რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის, სტუმრად "კარკასონს" 38:22 სძლია. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, 73-ეზე კი მოედანზე დაბრუნდა.

"ნევერმა" "ორიაკს" 16:3 სძლია. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში 59-ე წუთამდე ითამაშა გურამ პაპიძემ. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ბექა საღინაძემ, შეცვლაზე კი ერთბაშად ოთხი ქართველი ლეგიონერი შევიდა. მეორე ტაიმი დაიწყო გიორგი ქართველიშვილმა, 52-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე გიორგი ჯავახია და გიორგი ცუცქირიძე (რომელიც მოედანს 13-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა), ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

"რუანმა" "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 22:27. მასპინძელთა შორის შეცვლაზე ითამაშეს თამაზ მჭედლიძემ (51-ე წუთიდან) და კახა ასიეშვილმა (57-ე წუთიდან).

"პროვანსმა" "გრენობლს" დაძაბულ ბრძოლაში 32:30 სძლია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს ზაზა ნავროზაშვილი, ხოლო სტუმართა რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა ნიკა ნეფარიძემ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული