ტოპ 14 - საღინაძემ ლიდერს გაუტანა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის "ლიონს" ზაფხულში პრო დე2-ის "ორიაკიდან" შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

"ტულუზი" "ლიონს" ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, ბურთი 5-მეტრიანთან მიიღო, ერთი ბოჭვა აირიდა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მასპინძლებმა თამაში 25:19 მოიგეს და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. "ტულუზი" 26
ქულით კვლავ ლიდერია. "ლიონის" რიგებში 71-ე წუთიდან ითამაშა დავით ნინიაშვილმა.

"ბრივი" "ლა როშელს" დაუხვდა და მწირქულიან მატჩში 6:8 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში წვლილი გურამ პაპიძემაც შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და შესვენებისას შეცვალეს. "ბრივის" სასტარტოში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ვანო კარკაძე. 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "კასტრთან" ვერაფერს გახდა "ბიარიცი" – 20:38. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, ხოლო ბასკთა ძირითადში სამი ქართველი იყო – გიორგი ნუცუბიძემ 56 წუთი ითამაშა, თორნიკე ჯალაღონიამ - 61, ხოლო ლუკა აზარიაშვილმა - 73.

"პომ" "ბორდო" მიიღო, დებიუტში სოლიდურად ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშის ქულას გამორჩა – 33:37. ბექა გორგაძემ მასპინძელთა რიგებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

"სტად ფრანსე" "პერპინიანს" ეწვია, 77-ე წუთზე გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და შინ 4 ქულით დაბრუნდა – 23:22. პარიზელთა ძირითადში იყო და 57 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მათი მეორე ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 32-ე წუთზე შეცვალეს და 47-ეზე თამაშში დააბრუნეს.

კიდევ ერთი პარიზული კლუბი "რასინგ 92" "ტულონს" ეწვია, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 27:20 გაიმარჯვა. ტულონელთა ძირითადში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს ბექა გიგაშვილი. სტუმართა რიგებში 58-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გია ხარაიშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული