ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის

AutoSharing Option
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში "ბრივის" ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში "რასინგ 92"-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა, 38:43 დამარცხდა.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას, მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, პასის იმიტირებით მცველი მოატყუა, ხაზი გაჭრა და თავისი გუნდის პირველი ლელოთი ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. 74-ე წუთზე ვასკამ კიდევ ერთი ლელო შექმნა. მან თავის ნახევარზე
სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ფეხით გამოზომოლი დარტყმით, თანაგუნდელი საპირისპირო ფრთაზე მოძებნა, მისი გამჩერებელი კი აღარავინ იყო. "ბრივის" რიგებში პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა ვანო კარკაძემ.

"კასტრმა" "კლერმონს" უმასპინძლა და 26:22 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა ძირითადში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მანამდე, მე-20 წუთზე, მან ყვითელი ბარათი მიიღო.

"სტად ფრანსე" "მონპელიეს" ეწვია და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 19:23. პარიზელთა მარქაფაში ორი ქართველი იყო – ვასილ კაკოვინმა 44-ე, ხოლო გიორგი მელიქიძემ 49-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანმა" "ლიონს" 28:21 მოუგო. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. "ლიონის" ძირითადში ორი ქართველი იყო. დავით ნინიაშვილს პირველ ტაიმში გარკვეული დროით მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა თამაშში მალევე დაბრუნდა და შეუცვლელად გაისარჯა. ბექა საღინაძე 74-ე წუთზე შეცვალეს.

"პო" "ლა როშელს" ეწვია და 38:21 სძლია. სტუმართა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ორმა ჩვენებურმა შეიტანა. ფლანკერად შეუცვლელად ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ. ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე გამოჩნდა ალექსანდრე ქუნთელია.

"ბორდომ" "ტულონი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 27:26 დაამარცხა. ორივე გუნდის მარქაფაში თითო ქართველი ბურჯი იყო. ლექსო ყაულაშვილი "ბორდოს" რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ბექა გიგაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

ინგლისის პრემიერშიფის მე-8 ტურში "გლოსთერმა" "ექსეთერი" 38:22 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. მას 6 თამაშიდან 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ქართველი შუამარბი გიორგი კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული