ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებისა" და "ლიონის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა „ოსკარით“ დააჯილდოვა.

გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს პატივი ნინიაშვილმა (როგორც საუკეთესო მოთამაშე) დაიმსახურა:

„ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა დაფასებისთვის Midi Olimpique-ს, რომელმაც მე გამომარჩია. ენით აღუწერელი სიხარულია, როდესაც
მამუკა გორგოძის შემდეგ ხდები პირველი ქართველი, რომელსაც წილად ეს ჯილდო ერგო“ – ასე გამოეხმაურა აღიარებას დავით ნინიაშვილი:

„დაახლოებით 1 კვირით ადრე მითხრეს, რომ „მიდი ოლიმპიკი“ „ოსკარის“ გადმოცემას აპირებდა და არ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. მერე რომ მითხრეს, სიტყვა მოამზადეო, ცოტა ავნერვიულდი და თავად ცერემონიის დროსაც ვნერვიულობდი, ვერ ვიაზრებდი, ჩემ გარშემო რა ხდებოდა. ძალიან დამეხმარნენ ნიკა ალავიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი) და ლევან ღვაბერიძე (საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი), ასევე - ბექა საღინაძე, რომელიც ლიონში ჩამოსვლის პირველივე დღიდან მხარში მიდგას“.

ნიკა ალავიძე მიიჩნევს, რომ დავით ნინიაშვილისთვის Midi Olimpique-ის გადაცემა მთლიანად ქართული რაგბის აღიარებაა:

„ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მინდა მივულოცო ეს დიდი აღიარება. Midi Olimpique-ის „ოსკარის“ დაჯილდოება სარაგბო სამყაროში ძალიან დიდი მოვლენაა, რომელიც ეკუთვნის როგორც ინდივიდუალურად დავით ნინიაშვილს, ასევე მთლიანად ქართულ რაგბის. საზეიმო საღამოზე – საქართველო არაერთხელ გაჟღერდა, რაც დიდი სიხარული იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მივულოცავ ბექას (საღინაძეს) და მთელ საქართველოს ნაკრებს მათი მეგობრისა და თანამებრძოლის ასეთ გამორჩეულ აღიარებას სარაგბო სამყაროში – ეს გუნდური შრომის ნაყოფია“.

ლიონში, „ჟერლანზე“ გამართული ღონისძიებისას ითქვა, რომ "ლიონისა" (ჩელენჯ თასზე და ტოპ 14-ში) და საქართველოს (იტალიასა და უელსთან ისტორიული გამარჯვებები) ბოლოდროინდელი წარმატებები, დიდწილად, ნინიაშვილს უკავშირდება. თავად მორაგბე საკლუბო კარიერაში გამორჩეულად ჩელენჯ თასის ფინალში გამარჯვებას მიიჩნევს და ინდივიდუალურ წარმატებას გუნდს უკავშირებს:

„ჩელენჯ ქაფის ფინალს ყველანი საოცრად მომზადებული შევხვდით. იგრძნობოდა, რომ მოსაგებად გავდიოდით, მაგრად ვითამაშეთ და ყველას დავანახეთ, როგორი გუნდია "ლიონი". ამ სეზონში გამორჩეული თამაში ჯერ არ მქონია. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს ვდებ და ვცდილობ, საკუთარ თავს მაქსიმუმი გამოვძალო. რაც შეეხება ლელოების სიმრავლეს, ეს გუნდის და მისი თითოეული წევრის დამსახურებაა. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ვაფასებ, ასეთი მეგობრები რომ მყავს“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა საოცარი რაგბისტია ნინიაშვილი, ნამდვილი მარგალიტი და ძალიან სასიხარულოა მისი ასეთი დაფასება. ვამაყოფთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვეთ დავით!!!
გიორგი
03:38 29-03-2023
0
ქებათა ქება დავითს,მსოფლიო რაგბში გრიგალივით შემოჭრილ გოლიათს!!!
კოტე
10:59 29-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული