საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გამოგზავნილ წერილში ბილ ბომონტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონატი საქართველოში გამორჩეული წარმატებით ჩატარდა და ამასთან, აღსანიშნავია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობები და გამართული ინფრასტრუქტურა.
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტის ინფორმაციით, მონაწილე გუნდების უმრავლესობის შეფასება ძალიან პოზიტიურია, ზოგიერთი გუნდი კი დეტალურად და ხაზგასმით აღწერს იმ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა და ზოგადად, საზოგადოებამ მათ მიმართ თბილისსა და ქუთაისში გამოიჩინა.
ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ სპორტსმენებს და მათ ოჯახებს, მსაჯებს და რაგბის მოყვარულებს, რომლებიც საქართველოში დაესწრნენ ამ შესანიშნავ ჩემპიონატს და თავად იხილეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის გამოცდილება უდიდეს წვლილს შეიტანს თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაში. ჩვენი მხრიდან, გიდასტურებთ საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული განსაკუთრებული საქმიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნავს წერილში ბილ ბომონტი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური