ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

AutoSharing Option
ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

პირველად გუნდმა ეს 2015 წელს, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა "ალაფის" მოგებით მოახერხა, შარშან მანჩესტერში და წელს საქართველოში კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა და პლანეტის 12 უძლიერეს გუნდს შორის გაისადაც ითამაშებს.

ილია მაისურაძე ტურნირის, მზადების, სამომავლო გეგმების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ:

რეალური მიზანი
რეალობიდან გამომდინარე, როგორც შარშან, ასევე წელს, მიზანი მეოთხე თამაშის მოგება და 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნება იყო. რადგან
მიზანი ორივეჯერ შესრულდა, მაისურაძე მიღწეულით კმაყოფილია და ტურნირს დადებითად აფასებს:

"არ ვოცნებობდით, მიწაზე ვიდექით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ. რადგან 12 უძლიერეს გუნდს შორის ადგილი შევინარჩუნეთ, შედეგით კმაყოფილი ვარ. მეტის მიღწევას მეტი სჭირდება და ამ ეტაპზე სხვა მიზანს ვერ დავისახავთ.

თუ შევხედავთ, რა რაოდენობის მოთამაშეებიდან და რა დონის ჩემპიონატებიდან ვახდენთ მოთამაშეთა შერჩევას, ასევე იმას, თუ რა დონის მეტოქეების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, ამ ეტაპზე მეტის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი თამაში დეტექტორია იმისა, თუ სად, რა დონეზე ვიმყოფებით. ტურნირის მსვლელობისას ვუმატებთ და დაგეგმარების შედეგად მესამე-მეოთხე თამაშს ოპტიმალურ ფორმაში ვხვდებით, რის შედეგადაც მომავალ თაობასაც ვუნაღდებთ ამ ტურნირში მონაწილეობას უფლებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურნირის მსვლელობისას ბიჭებს ბევრს ვერ ვავარჯიშებთ.

პირველი თამაშის დროს ვფიქრობთ ამ შეხვედრის მოგებასა და მომდევნო თამაშებზე. მხოლოდ მცირედი კორექტირებები შეგვაქვს თამაშში, ვიხვეწებით და ამ ჩემპიონატზე ეს კარგად მოვახერხეთ.

მეორე თამაშში, სამხრეთ აფრიკასთან, ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ. მხოლოდ ის მონაკვეთი ჩავაგდეთ, როდესაც მოედანზე კაცნაკლული დავრჩით და ძალიან ძლიერ მეტოქესთან ღირსეულად ვიბრძოლეთ.

საფრანგეთთან იმ ბიჭებს მივეცით შანსი, რომლებსაც პირველ ორ შეხვედრაში არასაკმარისი სათამაშო დრო ჰქონდათ. არგენტინასთან მეორე შეხვედრისას და ირლანდიასთან, გუნდი უკვე გაზრდილი იყო და შედეგიც მივიღეთ.

მიუხედავად სამი მარცხისა, უამრავი კრიტიკისა და ბევრი დაცემისა, ჩვენ ფეხზე წამოდგომა მოვახერხეთ. ძალიან რთული 5 დღე გავატარეთ, რომელიც უმეტესად დეტალურ ვიდეოანალიზს დაეთმო და ძლიერი არგენტინის დამარცხება შევძელით.

მოგება ირლანდიასთანაც შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი ვერ დავიჭირეთ და როდესაც მოვუმატეთ, მერე მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ".

სწორი სელექცია
რის ხარჯზე ახერხებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას, მაშინ, როდესაც მის შემადგენლობაში ბიჭები ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებიდან ხვდებიან, ხოლო მეტოქე გუნდების შემადგენლობაში ტოპ 14-ში, პრო 12-ში, პრემიერშიფსა და ზე რაგბიში გამოწრთობილი მორაგბეები არიან?

მაისურაძის აზრით, აქ გადამწყვეტი როლი სწორ სელექციას და მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმარებას უჭირავს:

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სელექციას, რის შემდეგაც ირჩევ პრაგმატულ მოსამზადებელ გეგმას, სათამაშო სისტემას და ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მის დახვეწაზე მუშაობ. დაბალი დონის შიდა ჩემპიონატი ჩვენი მთავარი პრობლემაა. დაბალ სიჩქარეებზე თამაშის კომპენსირებას 3-თვიანი შეკრების შედეგად ვახდენთ. ეს სისტემა ირაკლი ჭყონიამ და გიორგი ნადარეიშვილმა შეიმუშავეს და მზადების ხარჯზე ვახდენთ რიტმის აწევას, ხოლო ტურნირის მსვლელობისას განვითარებას.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ორი თამაში ნაწილობრივ მზადების ნაწილია მეოთხე მატჩისთვის. ჩვენ ფორმის პიკში მეოთხე-მეხუთე მატჩისას ვართ და ამის შემდეგ კიდევ ერთი ასეთი დონის ტურნირის თამაში შეგვიძლია, ბევრად უკეთესი შედეგით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე გვხვდება, ფიზმომზადება ჭკვიანურადაა დალაგებული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომლებიც ითვალისწინებენ ნაკრების ინტერესებს და იანვრიდან მოთამაშეებს ათავისუფლებენ".

შედარებისთვის ილია მაისურაძეს პირველი დონის გუნდების სელექციის მაგალითი მოჰყავს:

"ინგლისსა და საფრანგეთში 20-25 სარაგბო აკადემიაა, კლუბების, საგრაფოების, საფრანგეთში პროვინციების და დეპარტამენტების. თითო აკადემია დაახლოებით 3 ათასი მოთამაშიდან ახდენს 30-ის შერჩევას, რომლებსაც 10-წლიანი განვითარების გეგმა აქვთ. სწორედ ამ აკადემიებიდან ხდება 20-წლამდელთა ნაკრებისთვის უკვე დახვეწილი უნარების მქონე მორაგბეების შერჩევა. საბოლოოდ, მათი 80% ეროვნული ნაკრების კადრია".

გამოცდილება მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის
საქართველო გაისად მესამედ ითამაშებს 20-წლამდელთა ჩემპიონატს და კიდევ ერთი თაობა შეიგრძნობს დიდი, ნამდვილი რაგბის გემოს. ქართული რაგბის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე დავრჩეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ განვვითარდეთ და მაქსიმალურად მივუახლოვდეთ პირველი დონის გუნდებს.

მაისურაძე, მოთამაშეთა გარდა, მწვრთნელთა განვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თითოეული ჩემპიონატი ნებისმიერ სამწვრთნელო კურსზე მაღლა დგას:

"ჩვენი ქვეყანა ძალიან ახალგაზრდაა დიდი რაგბისთვის, სულ რამდენიმე წელიწადია, რაც ამ დიდი ოჯახის წევრები გავხდით და ამ დონეზე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ზევით მეტოქე გუნდების სელექციის პროცესზე ვისაუბრეთ და წარმოიდგინეთ, რამხელა გამოწვევაა ჩვენთვის ამ ნაკრებების წინააღმდეგ თამაში.

ქართული რაგბის მომავლისთვის, ექვს ერში მოხვედრის პერსპექტივისთვის, რაგბის ერად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში რეგულარულად ვთამაშობდეთ.

მეორე მხრივ, ჩვენთვის, მწვრთნელებისა და მოთამაშეების განვითარებისთვის ეს ტურნირი უმნიშვნელოვანესია. მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც უდიდეს გამოცდილებას ვიძენთ: კრიტიკული ანალიზი, გადაწყვეტილებების მიღება, სირთულეების ოპერირება - ჩვენ ამ ყველაფერს ვეჩვევით და ძალიან მაგრად ვიზრდებით. აქ მიღებული გამოცდილება ნებისმიერ კურსებზე მაღლა დგას.

ეს წნეხი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოთამაშეებისთვის. ისინი თითოეულ თამაშზე ბოლომდე იხარჯებიან, დაცემის შემდეგ ეჩვევიან ფეხზე წამოდგომას, 4 დღეში აღდგენას, ძალის მოკრებას და მოედანზე კვლავ მოსაგებად გასვლას. ეჩვევიან სულ სხვა სისწრაფეებზე თამაშს და გადაწყვეტილებების მიღებას. როდესაც ამდენი დაცემა-ადგომის შემდეგ მიზნის მიღწევას შეძლებ, როგორც ეს არგენტინასთან მატჩში მოხდა, გემატება თავდაჯერება და დღეს ეს ბიჭები ძალიან წინ არიან წასულნი. მათ ხვალვე შეუძლიათ ეროვნულში თამაში, ჩვენი მიზანი კი, ეროვნულისთვის ხარისხიანი მოთამაშეების გაზრდაა.

ჩათვალეთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატი ერთგვარი უნივერსიტეტია, სადაც ბიჭები ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად იზრდებიან".

გეგმამ იმუშავა
მწვრთნელთა სამეულს ამ ტურნირმა თავდაჯერება შემატა და სამოქმედო გეგმის სისწორეში დაარწმუნა:

"ეს ტურნირი სხვებისგან გამორჩეულია, რადგან სიტუაცია ყოველ წელს იცვლება. ბევრი რამ თაობებზეა დამოკიდებული, იცვლება მწვრთნელთა 50%. ეს ერთგვარი ტრამპლინია უცხოური გუნდების მწვრთნელებისთვის და შემდეგ ისინი წამყვან კლუბებში მიდიან სამუშაოდ.

მეორე მხრივ, ჩვენ თითქმის ნულიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება, ახალი გუნდის აწყობა და ვეთამაშებით უცნობ მეტოქეებს.

ამ ჩემპიონატმა დაგვანახვა, რომ თამაში ყველა გუნდთან შეიძლება და შეგვძინა თავდაჯერება. ჩვენ მოვუგეთ იმ არგენტინას, რომელთანაც 10 დღით ადრე დავმარცხდით და დავრწმუნდით, რომ ჩვენი გეგმა სწორი იყო".

მაისურაძე "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელია, თუმცა წარმატებას მხოლოდ თავის თავზე არ იწერს და ამ მიღწევას თანაბრად უნაწილებს მწვრთნელებს - ლადო კილასონიას, ზურა ამონაშვილს და მთელ სამწვრთნელო შტაბს:

"ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ხშირად ვკამათობთ, მივდივართ შეთანხმებამდე და შემდეგ ამ გეგმას ვახორციელებთ. ჩემი და მათი სახელით (ზურას და ლადოს), მინდა მადლობა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს. ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შედეგს, რაშიც მხარში გვედგნენ ოჯახის წევრები. წლის 365 დღიდან, 200-ზე მეტი დღე შეკრებებზე გავატარეთ, ოჯახები, შვილები მეუღლეებსა და მშობლებზე გვყავდა მიბარებული და ეს წარმატება მათი დამსახურებაცაა, რადგან ისინი აგვარებდნენ ყოველდღიურ პრობლემებს და ჩვენ მშვიდად მუშაობის საშუალებას გვაძლევდნენ".

საუკეთესო პირობებში
გარდა სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეებისა, ეს წარმატება კიდევ უამრავ ადამიანს უკავშირდება. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დიდი დრო გაატარა და მაისურაძე ბაზის პერსონალს განსაკუთრებით ემადლიერება:

"მალხაზ გუგავას ხელმძღვანელობით, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო "შევარდენის" მთელ პერსონალს და ეს მცირედია, რისი გაკეთებაც შემიძლია. ამ ხალხისთვის არ არსებობდა შაბათ-კვირა, ღამე არ ეძინათ, ოჯახები მიტოვებული ჰყავდათ და მოსამზადებლად იდეალურ პირობებს გვიქმნიდნენ. მათი როლი უდიდესია ჩვენს წარმატებაში. მათი შრომა არ ჩანს, ტაშს არავინ უკრავს და მადლობასაც არავინ ეუბნება. გულშემატკივარი ხედავს იმ ბიჭებს, რომლებიც მოედანზე გადიან და არ იციან, რა დგას მათ უკან.

ოთახი ყოველდღე დალაგებული გვხვდებოდა, ტანსაცმელი გარეცხილი და მშრალი, მოედანი მოვლილი და დახაზული, გასახდელები მოწესრიგებული, კვება იდეალური, ვიტამინებით სავსე.

გათენებული არ იყო, როდესაც "შევარდენის" მთელი პერსონალი უკვე ფუსფუსებდა და გვიან ღამემდე ბაზაზე რჩებოდნენ. ბიჭებს არაფერი აკლდათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დიდი საქმის გასაკეთებლად. მოსამზადებლად იდეალური პირობები გვქონდა და ეს "შევარდენის" ბაზის პერსონალის დამსახურებაა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი ეს პერიოდი მხარში გვედგა, მოდიოდა, გვამხნევებდა და ყველანაირად გვეხმარებოდა. ასევე, მთავრობას, "ქართუს", "თი-ბი-სისა" და ჩვენს სპონსორებს, რომელთა დახმარების გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა.

ასევე უღრმესი მადლობა ჩვენი გუნდის წევრს, მენეჯერ ოთო იაშვილს, რომლის დამსახურება უდიდესია ამ წარმატებაში. საორგანიზაციო თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ყველა საკითხი მინიმალურ დროში წყდებოდა და ეს ჩვენი მარჯვენა ხელის, ოთო იაშვილის დამსახურებაა", - ღვაწლს არ უკარგავს მაისურაძე გუნდის მენეჯერს და არც საქართველოს რაგბის კავშირის სხვა თანამშრომლებს ივიწყებს:

"ჩვენ ერთობლივი მიზანია, რომ ქართული რაგბი რაც შეიძლება წინ წავიყვანოთ და ამისათვის ენერგიას არავინ ზოგავს. მადლობა რაგბის კავშირის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენი წარმატება ყველა მათგანის დამსახურებაა".

უზარმაზარი სითბო
მაისურაძე "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშან მანჩესტერში იმყოფებოდა, ხოლო მანამდე გუნდი "ალაფაზე" ათამაშა. ის ამბობს, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით, წლევანდელი ჩემპიონატი წინამორბედებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა:

"საორგანიზაციო თვალსაზრისით, შარშან მანჩესტერში და წელს საქართველოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. რაც მე ტურნირები მინახავს, წლევანდელ ჩემპიონატთან ახლოს ვერცერთი მოვა. ჩვენ სტუმრებს უზარმაზარი სითბო დავანახვეთ, დავახვედრეთ საუკეთესო მოედნები, სასტუმროები. სტუმრები ყურადღებას ყველა ნაბიჯზე გრძნობდნენ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბაჩო ხურციძეს და მის გუნდს, რომლებმაც ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს".

თავად "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" დიდი სითბო და სიყვარული გულშემატკივრისგან იგრძნეს:

"მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამი თამაში წავაგეთ, გულშემატკივარი ბოლომდე მხარში გვედგა და მეოთხე მატჩის მოგებაში მათი წვლილი უდიდესია. მოთამაშეზე გულშემატკივრის შეძახილი ძლიერ მოქმედებს, ძალას მატებს. უკვე დაღლილს, მრავალჯერ დაცემულს, ეს შეძახილი ტკივილს ავიწყებს, გამოფხიზლებაში ეხმარება, ახსენებს, რა აქვს გასაკეთებელი და მადლობა მათ ასეთი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის".

ყველაფერი თავიდან იწყება
ახლა "უმცროსი ბორჯღალოსნები" და სამწვრთნელო შტაბი ისვენებენ, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, 2018 წლის ჩემპიონატისთვის დაიწყება მზადება. წელს ტურნირზე 12-მა ისეთმა მორაგბემ ითამაშა, რომელთაც გაისადაც შეუძლია თამაში და ამაში მაისურაძე დიდ პლუსს ხედავს:

"12 მორაგბე, რომლებმაც წელს ითამაშეს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, გაისადაც ჩვენთან იქნება და ეს საქმეს გაგვიადვილებს. ისინი მორგებულნი არიან სისტემას, ტაქტიკას და გამოცდილი მორაგბეების ყოლა უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. მათი შესაძლებლობები უკვე ვიცით, დანარჩენი კანდიდატების სელექცია კი აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება.

რაც შეიძლება ბევრი მორაგბე უნდა ვნახოთ საქმეში. მათ მივცემთ ვარჯიშებს და დავაკვირდებით, როგორ გაართმევენ თავს ამოცანას. პირველ ეტაპზე მწვრთნელები ვარჯიშებში ნაკლებად ვართ ჩართულნი. ვახდენთ ამ პროცესის ვიდეოგადაღებას და მისი გაანალიზების შემდეგ ვარჩევთ მორაგბეებს. სელექციის პროცესი უმნიშვნელოვანესია და აქ არ უნდა შევცდეთ.

მეორე ეტაპი იქნება მენტალური შეკრება, საიდანაც ვიღებთ ზუსტ ანალიზს ვის რა შეუძლია, რა დატვირთვებს გაუძლებს. ეს შეკრება მუშაობის პროცესში დიდ დახმარებას გვიწევს. ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს და ჩვენ ამ მენტალური შეკრებით სწორედ ამას ვაჩვენებთ ბიჭებს. მთავარია, მათ იცოდნენ, როგორ მართონ ეს შესაძლებლობები.

მერე გვექნება მოსამზადებელი შეხვედრები და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის თამაში გვქონდეს. სამწუხაროდ, წელს "ვესტერნ პროვინსმა" ვერ გაგვიწია ის სპარინგობა, რისი მოლოდინიც იყო. რაგბის კავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მაქსიმალურად ძლიერ გუნდებს შევხვდეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში უკეთესი თამაშები გვექნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი მადლობა სარაგბო ოჯახს სამაგალითო გარჯისთვის!..დამცირებული,შევიწროვებული ქვეყნის შვილები ამარცხებდნენ, ისეთი მრავალრიცხოვანი და მდიდარი ერების გუნდებს,როგორებიც არიან:რუმინეთი,რუსეთი,პორტუგალია ,ბელგია,ესპანეთი,გერმანია,აშშ,კანადა...მართლაც,რომ საამაყო და სამაგალითოა!..
0
იმ პირობებიდან გამომდინარე რაც რაგბისტებს აქვთ,სირცხვილია ელიტაში ადგილის შენარჩუნებისათვის ფიქრიც და ბრძოლაც.სასწრაფოთ კვალიპიკაციური მწვრთნელები!!!!!
cxxc
01:39 12-07-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული