"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი: "ბათუმი" იტალიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" გეზი იტალიისკენ აიღო, სადაც 14 ოქტომბერს, საქართველოს დროით 17:00 საათზე ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე ადგილობრივ "როვიგოს" შეხვდება.

სამი წლის წინ "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირზე ქართული კლუბების ნაკრებმა - "თბილისის კავკასიელებმა" ითამაშა და ორრაუნდიანი პლეი-ოფი იმავე "როვიგოსთან" დათმო; უფრო ადრე (2003-04 წლებში) "ბათუმი" "რეგიონთა თასზე" თამაშობდა, თუმცა ამ დონის ტურნირზე ქართულ კლუბს ჯერ არასდროს უთამაშია.

"ქართული რაგბის განვითარებისთვის, ქართული კლუბის ევროტურნირებში მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შარშან ჩვენ ვიცე-ჩემპიონები გავხდით და მადლობა ბათუმის მერიას, რომ ქვეყნის სახელის ევროტურნირებში
დაცვის საშუალება მოგვეცა. "ბათუმი" ევროტურნირში 13-14 წლის წინაც თამაშობდა, მაგრამ მისი დონე ამ ტურნირთან ახლოსაც ვერ მივა. არა მხოლოდ ჩვენს კლუბში, არამედ მთელ ქალაქში, უდიდესი მოლოდინია და გვაქვს იმედი, რომ ევროპაში ჩვენს სიტყვას ვიტყვით" - ამბობს კლუბის დირექტორი ზვიად უნგიაძე.

ევროტურნირზე გათვლით, ზაფხულში კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, "ლელო-სარასენსიდან" დაიმატა "ბორჯღალოსანთა" მგეზავი ლაშა ხმალაძე, ასევე მეორეხაზელი სანდრო ქოიავა; ჩემპიონი "ჯიქიდან" - ბექა მამრიკიშვილი; "არმიადან" - ბექა ურჯუკაშვილი; ხოლო საფრანგეთიდან დააბრუნა ხვიჩა ბუჯიაშვილი. მიუხედავად ამისა, უნგიაძის თქმით, გუნდმა სათანადო შევსება ვერ მიიღო:

"მართალია, რამდენიმე ძლიერი მორაგბე დავიმატეთ, მაგრამ გუნდიდან 14 მოთამაშე წავიდა და საჭირო რაოდენობის შევსება ვერ მივიღეთ. იყო 5-6 ისეთი მორაგბე, რომლებიც ჩვენს ინტერესის სფეროში შედიოდნენ, მაგრამ თითოს ტრანსფერი 13-დან 15 ათას ლარამდე ჯდებოდა და მათზე უარის თქმა მოგვიწია. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ შანსი ბათუმელი ახალგაზრდებისთვის მიეცათ და 9 მოთამაშე პირველ გუნდში დაწინაურდა.

რეალობა ასეთია - საქართველოში ყველაზე მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს. სამწუხაროდ, ამას ტრავმებიც დაემატა და ორი მოთამაშე, ფაქტობრივად, სეზონის ბოლომდე დაგვაკლდება. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა იტალიაში მაქსიმალურად კარგი შემადგენლობით წავიდეთ".

გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი ფიქრობს, რომ "როვიგოსთან" ქართული და იტალიური შერკინების სკოლების დაპირისპირება შედგება, რადგან ეს გუნდი უმეტესად ფორვარდებით თამაშობს.

"რამდენიმე საათის წინ დავასრულეთ "როვიგოს" ბოლო თამაშის ვიდეოანალიზი. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევისწავლოთ ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა იტალიაში მომზადებულები ჩავიდეთ. ბიჭები მოტივირებულნი არიან და მთავარია, ჩვენი გეგმის განხორციელებაში ხელი არ შეგვეშალოს.

"როვიგო" ძირითადად მორკინალებით თამაშობს. დავთვალეთ და ბოლო თამაშში 31 დერეფანი და 8 შერკინება იყო. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იტალიური და ქართული სკოლების დაპირისპირება. მეტოქეს სწრაფი უკანახაზელები ჰყავს და უნდა ვეცადოთ, მათ ბურთი შევუნელოთ" - ამბობს მთავარი მწვრთნელი და გვპირდება, რომ "ბათუმი" მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს:

"იტალიაში საბრძოლველად მივდივართ და თამაში გვიჩვენებს, რისი მიღწევა შეგვიძლია. დავაკვირდებით სხვა მოწინააღმდეგე გუნდების თამაშებსაც. ჩვენ ამ ტურნირში პირველად ვთამაშობთ და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ".

მატჩის ტრანსლაცია
კონტინენტის ფარის პირველი ტურის მატჩის, "როვიგო"-"ბათუმის" ლაივსთრიმის თუ ტელეტრანსლაციის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ადგილზე ტელესიგნალის უზრუნველყოფა თავიდან ბოლომდე მასპინძელ მხარეზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე ტელესიგნალის წარმოება მოხდება, ტელეკომპანია "რაგბი TV" პირდაპირ ეთერს საქართველოში განახორციელებს.

მასპინძელი კლუბის თქმით, ისინი ეცდებიან "ლაივსთრიმის" განხორციელებას. ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია, რომ ამ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ.

აქვე გაცნობებთ, რომ კონტინენტის ფარზე რაგბის კლუბ "ბათუმის" საშინაო მატჩების ტრანსლაციას ტელეკომპანია "რაგბი TV" განახორციელებს.

რაგბის კლუბ "ბათუმის" გაფართოებული შემადგენლობა პირველი ტურისთვის:

შერკინება (ფორვარდები)

ირაკლი კვანტიძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, გიორგი თხილაიშვილი, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, გიორგი მენაბდე, მურმან ჯიჯავაძე, ზურა ერისთავი, ვანო ფუთკარაძე, ჯონდი კორტავა, ზურა ბეჯანიძე, ნუკრი ფერსელიძე

ხაზი (ბექები)

ბახვა კობახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი გოგიტიძე, ბექა ურჯუკაშვილი, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ხმალაძე, ზურა თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, მანუჩარ გრიგოლია, დათო ტრაპიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული