"ტიმიშოარა-სარასენსი" ბოლო წლებში რუმინეთის ყველაზე წარმატებული კლუბია. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (სუპერლიგის დაარსებიდან) მან 4-4-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სამეფო თასს დაეუფლა.
ის "მუხების" საბაზო გუნდია და მის შემადგენლობაში ნაკრების 20 მორაგბე თამაშობს. მათ შორის კატალინ ფერკუ (98 კეპი), ვალენტინ პოპირლანი (67 კეპი) და ანდრეი რადოი (54 კეპი) ყველაზე გამოცდილები არიან.
ასევე "ტიმიშოარა-სარასენსის" ღირსებას იცავენ ტონგელი
კლუბი 1949 წელს დაარსდა და 1972 წელს პირველად გახდა რუმინეთის ჩემპიონი.
"უნივერსიტატეა ტიმიშოარა" (მაშინ გუნდს ასე ეწოდებოდა) იყო პირველი არაბუქარესტული გუნდი 58-წლიან ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის თასი დედაქალაქიდან წაიღო.
გუნდმა ჩემპიონის ტიტული 40-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა (2012) და ის მომავალ წელსაც შეინარჩუნა. 2014 წელს "ტიმიშოარა" ლონდონის "სარასენსს" დაუმეგობრდა. მართალია, მან ამ წელს ჩემპიონობა დაკარგა, მაგრამ ტიტული მომავალ წელს დაიბრუნა და 2016/17 წლების სეზონში, უკვე შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით გამართულ ჩემპიონატში კვლავ პირველ ადგილზე გავიდა.
"ტიმიშოარა-სარასენსმა" ქვეყნის თასი 2011, 2014, 2015 და 2016 წლებში შემართა და აღსანიშნავია, რომ 8-ვე ფინალში (ჩემპიონატში და თასზე) "ბაია მარე" დაამარცხა. 2015 წელს მან რუმინეთის სამეფო თასიც მოიგო.
2017/18 წლების სეზონში "ტიმიშოარა-სარასენსმა" რუმინეთის სუპერლიგის 3 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩემპიონატი აპრილში განახლდება.
"ტიმიშოარა-სარასენსმა" "კონტინენტის ფარზე" პირველად 2015/16 წლების სეზონში ითამაშა (მანამდე ჩელენჯ ქაფზე რუმინეთის კლუბების ნაკრები გამოდიოდა) და ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა მოიგო, პლეი-ოფში იტალიურ "კალვიზანოს" ორი მატჩის ჯამში 64:40 მოუგო (36:23 შინ, 28:17 სტუმრად) და 2016/17 წლების ჩელენჯ ქაფზე გავიდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე "ედინბურგს", "სტად ფრანსეს" და "ჰარლექვინზს" შეხვდა და ექვსივე თამაში წააგო.
წელს, გაზაფხულზე რუმინეთის ჩემპიონი საქართველოს ეწვია და ჩელენჯ ქაფის პლეი-ოფის პირველ მატჩში რუსეთის ვიცე-ჩემპიონ "კრასნი იარს" რუსთავში 17:12 მოუგო, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 18:27 დამარცხდა და "კონტინენტის ფარზე" დარჩა.
ჯგუფურ ეტაპზე "ტიმიშოარა-სარასენსმა" სამივე შეხვედრა მოიგო: იტალიურ "პეტრარკას" შინ 29:25 სძლია, ლისაბონის "უნივერსიტეტს" პორტუგალიაში 45:10 მოუგო, ხოლო გასულ შაბათს კიდევ ერთი იტალიური კლუბი, ამ ქვეყნის ჩემპიონი "კალვიზანო" 15:13 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს ქართველი მსაჯები უძღვებოდნენ და რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო. ამრიგად, რუმინეთის ჩემპიონი A ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს, 2-ით უსწრებს "როვიგოს" და 5-ით "ჰაიდელბერგს", რაც მას ერთი ბონუს-ქულის აღების შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლას უბევებს.
შეგახსენებთ, პლეი-ოფში ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის. B ჯგუფში პირველ ადგილზე "ბათუმია" (8 ქულა) და გამარჯვების შემთხვევაში ის პლეი-ოფში ითამაშებს.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით