"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს

AutoSharing Option
პირველი ლიგის ბოლოსწინა, მე-13 ტური ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ 2 დრამატული შეხვედრით დაიწყო. ‘დინამომ’, ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილისა და კვაჭი იაგო წაქაძის ლელოთა წყალობით ‘იუნკერებს ტაიმი’ 14:10 მოუგო. კიკეთელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს. ხელდახელ თამაშში უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებულ შეცდომათა გამო, ოდენ შეცვლაზე შესულ ფულბეკ ლევან ბარკავას ლელოს დასჯერდნენ 14:15. ‘დინამო’ ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე უხნესი ქართული გუნდის ფულბეკ აჩიკო ზანგურაშვილს, ვისაც მანამდე 2 გარდასხვა ზუსტად ჰქონდა შესრულებული, ამჯერად 22 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა და დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად
ათამაშებულმა ‘იუნკერებმა’ მიჯრით მეოთხე მოგებით, პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს და დაგეგმილი მე-4 ადგილი ვადამდე გაინაღდეს /თანაბარ ქულებში გიორგი ზაბახიძისა და გიორგი ნოზაძის შეგირდები ცხრილში მდევარ ‘დინამოელებს’ უკეთესი პირისპირ ბალანსით ჯობნიან/. სერგო რამიშვილისა და ვაჟა პაიჭაძის ბიჭებმა კი აღებული ნუგეშით, პირველ ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეუნარჩუნეს.

ანალოგიური შედეგით დასრულდა ‘ივერიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა. ორივე ფრთის მოთამაშეების, ბადრი ევგენიძისა და გიორგი კალანდაძის ლელოებით /ორივე ზუსტად გარდასახა მგეზავმა ოთარ მჟავიამ/ გურულები მეორე ტაიმის დასაწყისში 0:14 დაწინაურდნენ. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა ‘ივერიამ’ გაიბრძოლა. ჯერ კვაჭმა თემო ბედიამ მოახერერხა ლელოს გატანა, შემდეგ კი თავი მღლეტელმა ისმაილ მარსაგიშვილმა გამოიჩინა. გარემარბმა გაგა ყენიამ ერთი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში ჩამორჩენა 12:14 შეამცირა. მიშა ჩაჩუას შეგირდებს გამარჯვებისთვის სწრაფვა დაუფასდათ. მატჩის ბოლო წუთებზე ფულბეკ დათო შვანგირაძის ჯარიმით, ‘ივერიამ’ 15:14 მოიგო და ფლეი აუტის ადგილიდან თავის დაღწევის მცირე შანსი შეინარჩუნა. საწადელის მისაღწევად ‘ივერიას’ დასკვნით ტურში ‘ყოჩების’ ძლევა ესაჭიროება, თანაც პარალელურად ‘არწივებმა’ ზვანში ‘არესთან’ მარცხი უნდა განიცადონ.

‘ხულიგანა’ აუტსაიდერის პოზიციიდან თავის დაღწევის ბოლო და მიზერული შანსის გამოყენებას ქუთაისში, ‘არესთან’ შეხვედრაში ცდილობდა. მამუკა ტყეშელაშვილისა და გოშა შკინინის შეგირდებს ხელს მხოლოდ პრემიით მოგება აძლევდა. აუტსაიდერმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში უწია. მიჯრით 2 მარცხით გაგულისებულმა ‘სერჟის’ ბიჭებმა მეორე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და სტუმრებს მთლიანობაში 7 ლელო გაუტანეს 43:5. რიონისპირელთა მარცხენა ფრთა ირაკლი ცხადაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. ხულიგანას მომავალ სეზონში რეგიონულ ლიგაში მოუწევს თამაში, ‘არესს’ კი დიდ 10-ში ასასვლელ შეხვედრებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად თეორიული შანსი შერჩა.

პირველი ლიგის გამარჯვებულისა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელი პატარძეულში, ადგილობრივი ‘ვეფხვებისა’ და ’ყოჩების’ დაპირისპირებაში ირკვეოდა. საგარეჯოს კოხტა სოფლის სარაგბო არენამ მიძალებული ქომაგი ვერ დაიტია. შეხვედრა კი მოსალოდნელისამებრ უშეღავათო და დაძაბული გამოდგა. მართალია კახელებმა თავიანთი კაპიტნისა და შუამარბის ვანო გაბროშვილის ლელოთი ტაიმი 10:7 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელისთვის ‘ყოჩები’ ექს-ბორჯღალოსან თემურ სოხაძის 3 გატანილი ჯარიმით 10:16 დაწინაურდნენ. მატჩის დასკვნით ნაწილში თავი იჩინა ‘ვეფხვების’ უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ , რის ხარჯზე კახელებმა მეტოქეს სტატიკაში აჯობეს და თან დერეფანშიც გაბატონდნენ. ‘ვეფხვებმა’, ფულბეკ შაქრო სუხაშვილის ჯარიმებით ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი ფულბეკ მურაზ გიორგაძისა და მარჯვენა ფრთა გიორგი კოტორაშვილის ლელოებით 26:16 იმარჯვეს და ქართული შიდა რაგბის ისტორიაც გადაწერეს. პატარძეული, ქართული რაგბის ისტორიაში პირველი კახური გუნდია, რომელიც უმაღლესს დივიზიონში /დიდი 10/ ითამაშებს. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს კი დასკვნით ტურში, ‘ივერიას’ ძლევის შემთხვევაში, ელიტაში დასაბრუნებლად დიდი 10-ის ბოლოსწინა ადგილოსან ‘არმიასთან’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევს.

‘ვეფხვების’ ესოდენ დიდი წარმატების სულისჩამდგმელებმა ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა პატარძეულში რაგბს საფუძველი მილენიუმის დასაბამიდან /2000 წლიდან/ ჩაუყარეს. მოზარდ მორაგბეეთან ნაყოფიერი მუშაობის პარალელურად, ხსენებული დუეტი, 9 წლის წინ, პატარძეულის მკვიდრის, გამოჩენილი ბორჯღალოსანის მალხაზ ურჯუკაშვილისა და მისი ძმის, მერაბის თაოსნობით შექმნილ კლუბს პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ჩაუდგა სათავეში. პირველი ლიგის შექმნის დღიდან, პატარძეული ლიგის უცვლელი ბინადარია და გუნდის ამჟამინდელ მოთამაშეთა 60 % ადგილობრივი მკვიდრია. მართალია, გუნდს მხარში საგარეჯოს გამგებელი გიორგი ერბოწონაშვილი და რაიონის დეპუტატი რომან მუჩიაშვილი აქტიურად უდგანან, თუმცა არსებული მწირი ბიუჯეტით ‘ვეფხვებს’ დიდ 10-ში დამკვიდრება გაუჭირდებათ. მოსაგვარებელია სტადიონის პრობლემაც. გუნდის მრავალრიცხოვანი ქომაგი საშინაო შეხვედრათა გამართვას მხოლოდ მშობლიური საგარეჯოს ტერიტორიაზე ითხოვს. სოფლის სარაგბო არენა ეროვნული ჩემპიონატის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ცუხიშვილსა და ამონაშვილს ალტერნატიულ ვარიანტად საგარეჯოში ახლახანს აშენებული სტადიონის გამოყენება ესახებათ და თან სასურველი მეოხის მოძიების იმედსაც არ ჰკარგავენ. ცუხიშვილისა და ამონაშვილის თქმით, სათანადო ინფრასტრუქტურისა და ხელშეწყობის შექმნის შემთხვევაში ‘ვეფხვები’ ელიტაში ფეხს მყარად მოიკიდებენ, რაც როგორც საგარეჯოში, ასევე რეგიონში რაგბის პოპულარიზაციასა და არსებული მდიდარი ცოცხალი რესურსის მობილიზებას და მის გამოყენებას ხელს დიდად შეუწყობს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენ გაგიმარჯოთ კახელებო! რაიონის ხელმძღვანელობას ვთხოვ, ყველანაირად დაეხმაროს და ხელი შეუწყოს გუნდს.
გავაზელი
09:07 06-04-2018
1
პატარძეულს ჩემი სიმპათიები და საუკეთესო სურვილები მთიულეთიდან!
B-52
17:53 03-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული