კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ხვალ იტალიის დედაქალაქ რომში "კონტინენტის ფარის" მეორე მატჩს გამართავს.

რკინიგზელები მესამე ტურში "ფიამე ოროს" ჩვენი დროით 18 საათზე ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, "კალვიზანოსთან" პირველ და მეორე ტურში ორივე გუნდი დამარცხდა - "ლოკომოტივი" 6:17, ხოლო "ფიამე ორო" 20:35 და ჯერჯერობით სატურნირო ქულის გარეშე არიან.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელებმა - დავით ჩავლეიშვილმა და სიმონ მაისურაძემ უკვე დაასახელეს ის 23 მოთამაშე, რომლებიც ხვალინდელი თამაშის მოსაგებად იბრძოლებენ და მაისურაძის თქმის, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსის
აღებასაც ეცდებიან. სასტარტო 15 თითქმის ისეთივეა, როგორიც გასულ შაბათს ქუთაისში იყო, როდესაც თბილისელებმა "აიას" 4 ლელო გაუტანეს და 28:14 იმარჯვეს. ამ მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი მოთამაშე შეიცვალა და მეორე ხაზში გიორგი გეგიას ნაცვლად ძირითადში გაგა არაბულია.

სამაგიეროდ, მრავლადაა ცვლილებები და გადაადგილებები 13 ოქტომბერს "კალვიზანოსთან" ჩატარებულ შეხვედრასთან შედარებით. უცვლელი დარჩა პირველი ხაზი: ბურჯები ვახტანგ ქვათაძე და გიორგი ქართველიშვილი იქნებიან, კვაჭი ირაკლი ქვათაძე; მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა დაჩი კოპაძემ და მას გაგა არაბული შეუწყვილდება; მესამე ხაზში შეიცვალა შემკვრელი და ძირითადში გამოცდილი ზვიად მაისურაძე გამოჩნდა, ხოლო ფლანკერები კვლავ ფარნავაზ გასვიანი და ვასილ ყველაიძე იქნებიან.

გადაადგილებები მრავლადაა ხაზში: 9 ნომრად ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე იწყებს, ხოლო მგეზავად ასევე ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს ვიხილავთ, რომელიც ამპლუით ფულბეკია. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს ლევან გოგოლაშვილი იწყებს, ფრთებზე კი ზურაბ ძნელაძეს და გუნდის კაპიტან ვახტანგ კავთიძეს ვიხილავთ. ცენტრში გიორგი ტალახაძე და გიგა გაგოშვილი შეწყვილდებიან. 15-კაციან შემადგენლობაში მხოლოდ გაგოშვილია ისეთი, რომელსაც "კალვიზანოს" წინააღმდეგ არ უთამაშია.

მარქაფაში 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშეა. კვაჭად შეცვლაზე ლევან ჭავჭავაძე შევა, ბურჯებად - გაგა გორგასლიძე და თევდორე მაჭარაშვილი; მეორე ხაზს გიორგი გეგია გააძლიერებს, ხოლო მესამეს ლევან დარასელია და ვახტანგ ამირანაშვილი. ხაზში გიორგი გედეხაური და იოანე ხელაია გამოჩნდებიან. მარქაფაში მყოფი მორაგბეებიდან 13 ოქტომბერს მაჭარაშვილსა და დარასელიას არ უთამაშიათ.

კონტინენტის ფარი. მესამე ტური. 8 დეკემბერი. 18 საათი
ფიამე ორო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო)


ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი; 22. გიორგი გედეხაური, 23. ივანე ხელაია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეპორტაჟი არ იქნება?რატომ არ ამბობთ?
სოსო
17:40 08-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული