ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან

AutoSharing Option
ფოტო: England Rugby

ქართველი მსაჯების ბრიგადა კვლავ მოხვდა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ყურადღების ცენტრში და სამი ქართველი სპეციალისტი "კონტინენტის ფარის" ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიურ დერბის განსჯის.

30 მარტს "პეატა სთედიუმზე" "კალვიზანო" "როვიგოს" მასპინძლობს და რეფერი ნიკა ამაშუკელი იქნება. მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელის ხელმძღვანელობით, ქართულმა ბრიგადამ "კონტინენტის ფარის" ნახევარფინალი შარშანაც იმსაჯა, წელს კი "ჩელენჯ ქაფზე" დებიუტი ჰქონდა.

"კონტინენტის ფარის ნახევარფინალური ეტაპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინალი, რადგან ნახევარფინალის გამარჯვებული გუნდები "ჩელენჯ ქაფის" საგზურს იღებენ. ამ ეტაპზე
შარშან რუმინეთში "ტიმიშუარასა" და "ჰაიდელბერგის" შეხვედრა ვიმსაჯე, ახლა კი იტალიურ დერბის განვსჯი. ამ შაბათ-კვირას ევროპის საკლუბო ტურნირებში სულ 10 თამაშია (4-4 ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე, 2 კონტინენტის ფარზე) და სასიხარულოა, რომ ამ 10 მატჩში ქართული სამსაჯო ბრიგადისთვისაც გამოიძებნა ადგილი. ვეცდებით, რომ ის თამასა, რაც უკვე დავაწესეთ საერთაშორისო დონეზე, კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი დამეხმარებიან, რომელთაც ამ დონეზე დიდი გამოცდილება დაუგროვდათ" - ამბობს ამაშუკელი.

20-წლამდელთა ექვსი ერიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე
სასიხარულოა, რომ ქართველი მსაჯების დანიშვნა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ნელ-ნელა ზევით იწევს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მსაჯებმა 20-წლამდელთა ექვს ერზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა იმსაჯეს. მათმა მუშაობამ უმაღლესი შეფასება მიიღო და შედეგად, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში სასელექციო ჯგუფში მოხვდა. მსოფლიო რაგბი 10 რეფერის, რომლებიც არგენტინაში გაემგზავრებიან, უახლოეს პერიოდში შეარჩევს და იმედია, მათ შორის ნიკაც იქნება.

ამაში მას ექვსი ერის მატჩიც უნდა დაეხმაროს, სადაც შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეხმარებოდნენ და უმაღლესი დონის სპეციალისტებისგან დადებითი შეფასება მიიღო:

"ექვსი ერი პრესტიჟული ტურნირია და ყველაფერი მის შესაბამისად იყო. ინგლისელებს მასპინძლობა და სათამაშო გარემოს შექმნა არ ეშლებათ. ინფრასტრუქტურა და ქომაგობა შესანიშნავი იყო, რამაც გამოცდილება და მატჩის წინ დამატებითი სტიმული მოგვცა. შეხვედრას Sky Sports-ი 14 კამერით იღებდა და ჩვენ დიდი 10-ის სამსაჯო მაისურებით ვიყავით" - იხსენებს ამაშუკელი და შეფასებების შესახებ აგრძელებს:

"კარგი თამაში გამოვიდა, იტალიელებმა იბრძოლეს და პირველი ტაიმი მხოლოდ ორი ქულით დათმეს, თუმცა შესვენების შემდეგ ინგლისმა მეტოქე გატეხა. 80 წუთის განმავლობაში 12 ჯარიმა დავნიშნეთ, რაც ძალიან ცოტაა და შესაბამისად, მაყურებელმა დინამიკური, გახსნილი რაგბი იხილა. მესამე ტაიმს ‘ბრედფორდის" კლუბის სახლმა უმასპინძლა ჩვენი მსაჯობით ორივე მხარე კმაყოფილი იყო".

"რაც შეეხება სპეციალისტების შეფასებებს, სამივესგან კარგი შეფასება მივიღეთ: ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯთა თავმჯდომარემ, ჟოელ ჟუშმა მითხრა, რომ ყველა თამაშზე ასე უნდა ვიმუშაო და სურს უფრო მაღალ დონეზე მიხილოს. კმაყოფილი დარჩა ჩვენი ირლანდიელი მეგობარი დევიდ მაკქიუ, რომელიც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და ქართველი მსაჯების განვითარებაზე ზრუნავს. შედგა გარჩევა მსაჯთა სპეციალურ ბაზაში, სადაც საერთაშორისო მსაჯები არიან გაწევრიანებულნი და ყველა თამაშის დეტალური განხილვა ხდება. კმაყოფილება დააფიქსირა უელსელმა რობერტ დევისმა. მთლიანობაში, ამ თამაშის კარგად ჩატარებამ, ქართული სამსაჯო კორპუსი ერთიორად წინ წაწია და უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი მსაჯები ასეთ დონეზე უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ".

Sportall.Ge
ფოტო: England Rugby

ამ თამაშში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. მისი მსვლელობისას ამაშუკელს იტალიელი მორაგბე დაეჯახა და ქართველ რეფერის წარბი გაუსკდა. ნიკა დროებით შოთა თევზაძემ შეცვალა. ამაშუკელმა წარბი გაიკერა და მოედანზე დაბრუნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლზე შეცვლილი მსაჯი მოედანს დაუბრუნდა:

"პატარა უიღბლობა იყო. იტალიელი მორაგბე დერეფნიდან გამოსვლისას შემთხვევით დამეჯახა და წარბი გამისკდა. ჩემი შეცვლა შოთა თევზაძეს მოუწია და ის დრო, რაც მოედანზე იყო, ძალიან კარგად ჩაატარა. პირადად მე, ისე მინდოდა ამ თამაშში დაბრუნება, რომ ჭრილობა იქვე გავიკერე, ხუთი ნაკერი დამჭირდა და მოედანზე დავბრუნდი. კარგია, რომ ამ ფაქტმა თამაშის რიტმზე არ იმოქმედა".

მსაჯობა - უკეთ დანახული რაგბი
ნიკა ამაშუკელი საკუთარ წარმატებას რაგბის კავშირის იმ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის თანახმადაც, ქართულმა სამსაჯო კორპუსმა ურთიერთობა ირლანდიელ სამსაჯო კორპუსთან და კერძოდ, დევიდ მაკქიუსთან დაამყარა.

"ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს, რომელიც მსაჯებს ყველანაირად მხარში გვიდგას და მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. ჩვენი მუშაობა საფუძვლიანად შეცვალა დევიდ მაკქიუს ფაქტორმა, რომელსაც კავშირმა ჩვენი განვითარება მიანდო და ამ შესაძლებლობამ ჩვენთვის საერთაშორისო კარები გახსნა", - აცხადებს ამაშუკელი.

ახალგაზრდა რეფერის თქმით, მსაჯობა რამდენიმე მიმართულებითაა საინტერესო:

"რაგბის სიყვარულით ვმსაჯობთ! ტრავმების გამო თამაში ვერ გავაგრძელე, მაგრამ არ მინდოდა ამ შესანიშნავ სპორტთან განშორება და მსაჯობა დავიწყე. ეს რთული პროფესიაა, თუმცა ამავდროულად, პრესტიჟული საქმიანობაა, მსაჯებს რაგბის სამყაროში დიდ პატივის სცემენ. ვპირდები ყველა მსურველს, ვინც ამ სფეროში მოვა, რომ მსაჯობის დაწყებისთანავე რაგბის აბსოლუტურად სხვა თვალით შეხედავენ და სრულად შეეცვლებათ წარმოდგენა - დეტალურად დაუახლოვდება ამ უაღრესად საინტერესო თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებებში მქონდა ნათამაშები, მსაჯობის დაწყების შემდეგ მისი ყურება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ქართველმა მსაჯებმა საკმაოდ კარგი სახელი მოვიპოვეთ საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა დამწყებ მსაჯს, ვისაც შრომა არ დაეზარება, მიეცემა იმის შანსი, რომ თავადაც მოხვდეს საერთაშორისო არენაზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა", - განაცხადა ამაშუკელმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული