საჩვენებელი მატჩი ლაზებისთვის

AutoSharing Option
© ლაშა ლორდქიფანიძე

ისტორიულ ლაზეთში, ქალაქ ფინდიქლიში, რაგბის საჩვენებელი თამაში გაიმართა, უახლოეს მომავალში კი, ადგილობრივ სკოლებში ბავშვთა სექციების გახსნა იგეგმება.

ფინდიქლი რიზეს პროვინციაში მდებარეობს და საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 60-70 კილომეტრითაა დაშორებული. მას ისტორიულად ვიწე ეწოდებოდა და ის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაზური ქალაქია თურქეთის ტერიტორიაზე.

ლაზები წარსულთან - ისტორიასა და კულტურასთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ და ამ ფესვების გასამყარებლად ყოველწლიურად 5-დღიან ქალაქის დღესასწაულს აწყობენ. ფესტივალის ფარგლებში მზადდება ძველი ლაზური სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ეწყობა „მიმინოს ფესტივალი“, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და ა.შ.

წელს
ამ ღონისძიების ნაწილი რაგბი გახდა, რომლის ფარგლებში, პირველად ქალაქის ისტორიაში, სარაგბო მატჩი გაიმართა. ფინდიქლის ცენტრალური სტადიონი ნახერხით რაგბის შესაბამისად დაიხაზა, ორ გუნდად გაყოფილმა ბათუმელმა, ჩაქველმა და ქობულეთელმა 2003-2004 წელს დაბადებულმა მორაგბეებმა კი ლაზებს რაგბის ხიბლი აჩვენეს. საჩვენებელმა თამაშმა ადგილობრივებში დიდი ინტერესი გამოიწვია. წესების ახსნის დროს და თამაშის მსვლელობისას მრავლად დაისვა კითხვები, რაც ლაზების მხრიდან რაგბისადმი ინტერესზე მეტყველებს.

აჭარელმა ჭაბუკებმა მაყურებლებისთვის ჯერ კლასიკური, 15-კაცა რაგბი ითამაშეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა და ყოველ კონტაქტს 800-მდე მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ორი 7-კაცა გუნდი გაკეთდა და მაყურებელმა რაგბის ოლიმპიური ნაირსახეობაც იხილა.

ქართულ დელეგაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ფინდიქლის მერმა, წარმოშობით ლაზმა ერჯუმენთ შაჰინ ჯერვათოღლუმ უმასპინძლა. მან ქართულ დელეგაციას ქალაქი დაათვალიერებინა, ფესტივალის ფარგლებში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაზე მიიპატიჟა და ფინდიქლიში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. თავის მხრივ, სვანიძემ მას რაგბის ფასეულობები და ღირებულებები გააცნო, რამაც მასპინძლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

Sportall.Ge

„ისტორიულად, ჩვენ ქართველები ვართ, საქართველოსთან ფესვები, კულტურა და ტრადიციები გვაკავშირებს, მაგრამ პოლიტიკური საზღვარი ერთმანეთს გვაშორებს. ჩემი სურვილია, ეს საზღვარი რაგბის საშუალებით წაიშალოს და ჩვენ ხალხს შორის ისტორიული გაერთიანება შედგეს. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ ჩვენს დღესასწაულზე, რომელიც მთის სიმწვანისა და ზღვის გაერთიანებას ეძღვნება. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც ვცდილობთ ვიმყოფინოთ მიწა და ზღვა, რომელიც გვაქვს. ამ ფესტივალის მეშვებით ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ადათ-წესები და არ დავკარგოთ წარსული“.

„რაგბთან პირველად გვაქვს შეხება, თუმცა რაც მესმის და რასაც ვხედავ, ვფიქრობ მისი ჩვენთან დანერგვა უნდა მოხერხდეს. ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებთ და ჯენლტმენობა, გუნდურობა და ადამიანობა, რაც რაგბს უკავშირდება, ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა აითვისონ. ეს სპორტი კარგი ახალგაზრდების აღზრდაში დაგვეხმარება და მის დანერგვასა და განვითარებას იმედის თვალით ვუყურებ“ - განაცხადა ერჯუმენთ შაჰინ ჯერვათოღლუმ.

პირველ ეტაპზე, საუბარია სკოლებში რაგბის შეტანაზე, რაშიც ფინდიქლის მერი ქართულ მხარეს სპეციალისტების მივლინებას თხოვს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას კი თავის თავზე იღებს. გოჩა სვანიძე პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:

„შორს მიმავალ გეგმებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა ქვეყნებმა რაგბის თამაში დაიწყონ და გახდნენ ძლიერები. დღევანდელი ინიციატივა 2-3 და გნებავთ 5 წელიწადზე არ არის გათვლილი. ამას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, განვითარება არასდროს მოხდება. რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას საქართველო უნდა ჩაუდგეს სათავეში და აამუშაოს ის რეზერვები, რაც მათ გააჩნიათ“.

„ჩვენ და ლაზები ერთი ჯიშის ხალხი ვართ და სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ფინდიქლიზე. იგივე ეხება და ანალოგიურ მიდგომას ვაპირებთ ინგილოებთან მიმართებაში. რაც შეუძლია ქართულ გენს საქართველოში, რატომ ვერ უნდა შეძლოს ის თურქეთსა და სხვა ქვეყნებში? სპორტი ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა, კულტურული ფენომენია, მისი მეშვეობით შეგვიძლია პოლიტიკური საზღვრები გადავლახოთ და ხალხთა შორის ურთიერთობები აღვადგინოთ. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომები შესაძლებელია სომხებთან და აზერბაიჯანელებთან“.

„რაც შეეხება ფინდიქლის, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ იმ ტემპით, რა ტემპსაც მასპინძლები შემოგვთავაზებენ. არ გვსურს იძულება და თავს მოხვევა. მათ გამოხატეს დაინტერესება და დანარჩენი ვნახოთ როგორ განვითარდება“.

მომზადებულია .rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
შესანიშნავი საქმეა. უნდა განვავითაროთ ყველანაირი კავშირები ჩვენს ძმებთან. სადა გვყავს დასაკარგი. რაც ამდენ ხანს ვკარგეთ საკმარისი არ არის. ფერეიდანელი ქართველები, ინგილოები, ლაზები - ნახეთ რამდენი ვყოფილვართ.
თენგაბი
08:15 18-08-2019
0
სომხების რაგბი იქნება სასწაული))))
3

სიახლეები პოპულარული