U18. საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპირველობაზე რუსეთი, ლუქსემბურგი და ირლანდია დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებმა, პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო და ხვალ თასის მეოთხედფინალში ფავორიტის რანგში ითამაშებს.

პირველ მატჩში რუსეთს შევხვდით და სინბინის გამო დებიუტშივე კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ თავი კარგად დავიცავით, მერე კონტრშეტევა წამოვიწყეთ ლევან მგალობლიშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე ლელო ლუკა მატკავამ, კარგად გათამაშებული კომბინაციით მიითვალა, ტაიმის ბოლოს კი ჩვენმა 18-წლამდელებმა ბრძოლით ბურთი მოიპოვეს, საპირისპირო ფრთაზე სწრაფად ჩაიტანეს და ლელო ნიკა ცინცაძემ გაიტანა.

ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და 17:0 დავწინაურდით. რუსეთმა შესვენების შემდეგ ორი ლელოს
გატანა მოახერხა, თუმცა ორივეჯერ პასუხმა არ დააყოვნა - ჯერ თეიმურაზ კოხოძემ დაასრულა ხელდახელ შეტევა, მერე ზურაბ მინდიაშვილმა გამოიჩინა თავი - 29:12.

ლუქსემბურგთან თავიდანვე დავეუფლეთ უპირატესობას და იაგო ხაბულიანმა ანგარიში გახსნა, ხოლო ბექა შვანგირაძემ 12:0 დაგვაწინაურა. მანვე შესვენების შემდეგ თავი მეორედ გამოიჩინა, რის შემდეგაც მოვეშვით და მეტოქემ ორი ლელოთი გვიპასუხა. საქართველოს ნაკრები სწრაფად დაბრუნდა თამაშში და კოხოძემ და ლევან ქუშაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 29:10.

ირლანდიასთან ჯგუფის პირველადგილოსანის ბედი წყდებოდა. ქართველები მოედანზე სრულად მობილიზებული გავიდნენ და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. დასაწყისში კოხოძე ფრთაზე ოთხ მბოჭავს გაცდა და მაგარი ლელო გაიტანა, მერე დავით ნინიაშვილმა გაუჭრა მეტოქეს სუფთად ხაზი, ტაიმის ბოლოს კი თავი კვლავ კოხოძემ გამოიჩინა - 19:0. დაიწყო მეორე ტაიმი და ხელდახელ იერიში შვანგირაძის ლელოთი დასრულდა. მეორე ტაიმის შუაში კაცნაკლული დავრჩით, რითაც მეტოქემ ისარგებლა და ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მერე დაცვა მაგრად დადგა, ბოლოს ნინიაშვილმა მეხუთე ლელო გაიტანა და საქართველომ ირლანდია 31:7 დაამარცხა.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში შედარებით სუსტ მეტოქეს, ბელგიას ვეთამაშებით. შეხვედრა საქართველოს დროით 12:22 საათზე დაიწყება. სხვა წყვილებში საფრანგეთი რუსეთს, ესპანეთი პორტუგალიას და ირლანდია გერმანიას შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში ესპანეთი-პორტუგალიას შორის მოგებულს შევხვდებით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცაავთ, რამდენი ხანია ჩვენს გუნდებს არაფერი მოუგიათ, ირლანდიასთან მოგება თანაც დიდი ანგარიშით სახუმარო საქმე არ გახლავთ.... იქნეებ თვის ბოლოს შოტლანდიასთანააც.... შეუძლებელი არაფერია... გილოცაავთ!
გიორგი48
18:42 18-08-2019
0

სიახლეები პოპულარული