"ლესთერ თაიგერსისა" და "პოს" მატჩის შემდეგ ამ სამეულმა "უოსპსისა" და "აჟენის" შეხვედრა იმსაჯა. ამაშუკელი ორივე თამაშში მოედნის მსაჯი იყო და ამბობს, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან მუშაობით უდიდესი სიამოვნება მიიღო:
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებიდან ასეთი დონის შეხვედრები აქამდე არავის უმსაჯია. იმ თამაშებს შორის, რომლებიც
სხვადასხვა ტურნირსა თუ ჩემპიონატში აქამდე მიმსაჯია და ჩელენჯ ქაფის ამ ორ შეხვედრას შორის, უდიდესი სხვაობაა.
ამ ტურნირში ევროპის უდიდესი ისტორიის მქონე კლუბები თამაშობენ, სადაც ყველა ასპექტში მაღალი სტანდარტებია. ჰყავთ პროფესიონალი მოთამაშეები, რომელთა ცხოვრება რაგბია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან, სად გადის ზღვარი მორაგბისა და მსაჯის ურთიერთობას შორის. შედეგად, ისინი ნებისმიერ ასპექტში დიდ გამოწვევას გვთავაზობენ და ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო. გარდა ამისა, ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირებები საკლუბო დონეზეც ურთულეს შეხვედრებად ითვლება და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ".
"უოსპსისა" და "აჟენის" მატჩში ამაშუკელს, თევზაძესა და აბულაშვილს ქართველი ბურჯების მსაჯობა მოუწიათ. ფრანგული კლუბის რიგებში პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო ინგლისელთა შორის 59-ე წუთზე შეცვლაზე ზურაბ ჟვანია შევიდა. რიგ ეპიზოდებში მსაჯთა მიკროფონში ქართული მითითებებიც ისმოდა.
"ჩელენჯ ქაფი რთულ ტურნირად ითვლება, თუმცა სადებიუტო მატჩს თავი კარგად გავართვით. ჩვენი მასწავლებლისგან და ასევე ეპსრ-ის წარმომადგენლებისგან კარგი შეფასება მივიღეთ.
გვითხრეს, რომ თამაშის რიტმი და მენეჯმენტი დალაგებული იყო. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დიდ კლუბებში ქართველი მორაგბეები არიან და ჩვენ გვიწევს მათი მატჩის მსაჯობა. გვქონდა ქართული გასაუბრებები, შეძახილები, რაც ბუნებრივია.
როდესაც უცხო გარემოში შენს თანამემამულეს ხვდები, სასიამოვნოა მასთან ქართული საუბარი. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ "უოსპსის" სასადილოში მათთან ბევრი ვისაუბრეთ", - ამბობს ამაშუკელი, რომელიც ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში, 6 დეკემბერს, "ენისეისა" და "კასტრის" შეხვედრას მოემსახურება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით