ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს, პერიოდულად ბურთს აკონტროლებდნენ, ფაზებს აბამდნენ და რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ კლასით ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდთან ვერაფერს გახდნენ.
შესვენებამდე საქართველო XV "ხაგუარესის" 22-ში ოთხჯერ შევიდა, მეტოქის დაცვამ კი, კარგად იმუშავა და ყველა ჯერზე უქულოდ დავრჩით. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი ვთქვით და მხოლოდ ლელოზე ვთამაშობდით. სტუმრები დაცვაშიც თავგანწირვით ირჯებოდნენ და რამდენჯერმე შევძელით მეტოქის სახიფათო შეტევების შეჩერება, თუმცა მასპინძლებმა შესვენებამდე ოთხი ლელოს დადება მაინც მოახერხეს და 26:0 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაგუარესმა" მეხუთე ლელო მიითვალა, მე-60-ეზე კი ქართველებმა არგენტინულ ტურნეზე პირველი ლელო მიითვალეს. რაქიდან გასული ბურთი ვანო ფუტკარაძემ მიიღო, ორ მბოჭავს გაექცა და ოფლოუდი ბექა გვარამიას ამოუგდო, რომელმაც ბოლო მბოჭავი ჩამოიცილა და არგენტინელთა ჩასათვლელ მოედანში შევიდა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. როგორც დიდ გუნდებს სჩვევიათ, დასკვნით წუთებში "ხაგუარესმა" ტემპს უმატა, ლელოები დადო და 66:7 იმარჯვა.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მასპინძლებმა 66:3 იმარჯვეს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით