რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების ინგლისელი დირექტორი ეყოლება

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი დაამტკიცა.

რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა კი დრუიტთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დანიშვნას. რას ნიშნავს თქვენთვის ეს სამსახური?
- ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოში და ვიმუშაო ასეთ გულანთებულ ხალხთან, რომლებსაც სურთ, საქართველო ახალ მწვერვალებზე აიყვანონ.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს და რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?
- პროფესიულ და საერთაშორისო რაგბიში ჩართული ვარ უკვე 28 წელია, 1992
წლიდან. ამ დროის განმავლობაში მიმუშავია ინგლისთან, ჰონგ-კონგთან, ვიყავი კონსულტანტი რამდენიმე ქვეყანაში, მოვამზადე რამდენიმე გუნდი 250-ზე მეტი საერთაშორისო მატჩისთვის, დავესწარი 14 მსოფლიო ჩემპიონატს. ვიყავი მორაგბე, მასწავლებელი, უნივერსიტეტის ლექტორი; სხვა რამეებიც მიკეთებია… წარმატებას რაც შეეხება – პასუხი მარტივია: მოთამაშეებს და მწვრთნელებს ვეხმარებოდი საერთაშორისო დონეზე თავიანთი ამბიციების რეალიზაციაში.

- როდის და როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება საქართველოს რაგბის კავშირთან და რატომ დათანხმდით საქართველოს რაგბის კავშირში მუშაობას?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ ვაკანსიის შესახებ შევიტყვე მეგობრისგან, რომელმაც წაიკითხა განცხადება და მაჩვენა, იმიტომ, რომ იცის, ყოველთვის მიყვარდა ქართული რაგბი. მეც დავინტერესდი, შემოვიტანე განაცხადი. ძალიან გამიხარდა, როდესაც დამირეკეს, მერე კი მომწერეს და მომიწვიეს გასაუბრებაზე. ვიცოდი, რომ კონკურსი დიდი იქნებოდა, ასეთი სამსახური ბევრს აინტერესებს. მეც მოვემზადე, 4-5 დღით ჩამოვედი, შევხვდი 18-წლამდელების, 20-წლამდელების, "ა" ნაკრების, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს, მწვრთნელთა ედუკატორებს, პრეზიდენტს, სხვა თანამშრომლებს, ვიმოგზაურე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა. საქართველოში 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ვიყავი ჩამოსული და მაშინაც ვიგრძენი, როგორი გამოწვევა და პატივი იქნებოდა ქართულ რაგბიში მუშაობა. ბევრი მაქვს წაკითხული თქვენი ისტორიის შესახებ. ძალიან მომწონს მეომრები და მიყვარს წითელი ღვინო. ვფიქრობ, საქართველო ჩემთვის შესაფერისი ადგილია.

- 2017 წელს თქვენ უკვე იყავით საქართველოში, ახლა კი აქ დიდი ხნით, სამუშაოდ ჩამოხვედით. რა იცით ქართული რაგბის და იმ გუნდის შესახებ, რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა?
- თქვენი ისტორიის, კულტურის, ფასეულობების გააზრება მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ამ ფასეულობებს წარმოაჩენს თქვენი ნაკრები. მივესალმები ამას, იმიტომ, რომ კულტურული ფასეულობები და ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ვხვდები, რატომაა ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის. ვუყურე ბევრ თამაშს, რათა უკეთესი ხედვა მქონოდა. ახლა, როდესაც აქ ვარ, ვაპირებ, ბევრი ვიმოგზაურო, შევხვდე ხალხს, ვუყურო კიდევ უფრო მეტ თამაშს. დღეს დავესწარი ეროვნული ნაკრების ვარჯიშს, გავესაუბრე მწვრთნელებს, თვალყური მივადევნე მორაგბეებს, ასე რომ… ჩემი მიზანია სწრაფად ვისწავლო.

- როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდში საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას? რა დონეზე ვართ მენეჯმენტის კუთხით და რა მიმართულებებით ფიქრობთ მუშაობის გაუმჯობესებას, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ქართული რაგბის წინსვლა?
- მართალი გითხრათ, ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე შემიძლია საუბარი, რაც შორიდან მაქვს დანახული. თქვენმა მიღწევებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორად მუშაობთ თუ არა, ამის გაზომვა შემიძლია იმ ფაქტით, რომ უკვე 5 მსოფლიო თასში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, საოცარი ინფრასტრუქტურა გაგაჩნიათ, აკადემიის მორაგბეებისთვის კარიერული წინსვლის შესანიშნავი სისტემა შეიმუშავეთ, გაგაჩნიათ მწვრთნელთა სწავლების აწყობილი პროგრამა და ბევრი მწვრთნელთა ედუკატორი – სხვა სიტყვებით, ძალიან ბევრი დადებითი რამ გაქვთ გაკეთებული, თუმცა, სანამ აქაურობას კარგად არ გავიცნობ და აქ მუშაობას არ შევეგუები, კომენტარების გაკეთება მიჭირს.

- სარაგბო კუთხით, მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება. ხშირია საუბრები ექვსი და ოთხი ერის გაფართოებაზე, ფორმატის ცვლილებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების შედეგად საქართველო „არ დაიჩაგროს“. როგორ დაგვეხმარება ამ კუთხით პიტერ დრუიტი?

- მე ვფიქრობ, რომ სხვა კოლეგებთან ერთად ვიმუშავებ, მაგრამ ქართული რაგბი გარკვეულწილად თავადვე პასუხობს ამ კითხვას – თქვენ იმარჯვებთ მოედანზე და იმსახურებთ სხვა ქვეყნების პატივისცემას ყველა დონეზე. ეს კარგია, იმიტომ, რომ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავიჭიროთ მყარი პოლიტიკური კურსი და ვაწარმოოთ მოლაპარაკება საჭირო ადამიანებთან – მსოფლიო რაგბისთან, სხვებთან. საბედნიეროდ, დაინტერესებული პირების უმრავლესობასთან შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღიად. სხვა სიტყვებით – ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ქართულმა რაგბიმ დაიკავოს ის ადგილი, რომელსაც იმსახურებს. თქვენ ითამაშეთ 5 მსოფლიო თასზე, დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მორაგბეების აღზრდის სათანადო პროგრამა, ააშენეთ სარაგბო ინფრასტრუქტურა. მსოფლიო რაგბი საქართველოს უყურებს, როგორც ქვეყნის მასშტაბით თამაშის განვითარების შესანიშნავ მაგალითს. თქვენ ნამდვილ საქმეს აკეთებთ.

- ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეხუთედ ითამაშა მსოფლიო თასზე; ასევე, ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრები მეხუთედ ითამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. როგორ ხედავთ ამ კუთხით ჩვენი გაუმჯობესების შესაძლებლობას?
- ჩვენ გვინდა მოვხვდეთ შემდეგ მსოფლიო თასზე და უკეთესად ვიასპარეზოთ. 20-წლამდელებმა კი უნდა გააგრძელონ თავიანთი წინსვლა. წელს ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებს" ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, ეთამაშონ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, უელსს – თან მათ უკვე გააჩნიათ ასეთი გამოცდილება, მათ შოტლანდიის მსგავსი ნაკრებები დაუმარცხებიათ. ამის ყველაზე დიდი უპირატესობა კი ისაა, რომ ასეთი თამაშები შიშს კლავს. ახალგაზრდა მორაგბეებმა იციან, რომ ძლიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ჩვენი მოვალეობაა, ნიჭიერი მორაგბეები გამოვარჩიოთ გაცილებით უფრო ადრე და ვიმუშაოთ მათ განვითარებაზე. მაგრამ ეს რომ შევძლოთ, დიდი სამუშაო მექნება ჩასატარებელი ჩვენს მწვრთნელებთან. რაც შეეხება შემდეგ მსოფლიო თასზე უკეთესი თამაშის ჩვენებას – აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს ეს ამბიცია და როგორც კი ერთად შევიკრიბებით და დავსახავთ ჩვენს სტრატეგიას, ხედვას და მისიას, დარწმუნებული ვარ – უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება.

- გიმუშავიათ უელსის ახალგაზრდულ ნაკრებთან და როდესაც მათთან მოგვიწევს შეხვედრა, თქვენ ვის დაუჭერთ მხარს?

- 120%-ით ქართველებისკენ ვიქნები. დარწმუნებული ვარ, პირველივე თამაშზე ნაკრების გვერდით რომ დავდგები და ბიჭები ჰიმნს იმღერებენ, ჟრუანტელი დამივლის. სულ რაღაც 4-5 დღეა, რაც აქ ვარ და უკვე ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. თქვენ ძალიან გახსნილი ხალხი ხართ, მე კი ბოლომდე ვიხარჯები მათთვის, ვისთანაც ვმუშაობ.

- სამწუხაროდ, 18-წლამდელთა ნაკრები მოკლებულია მაღალი დონის თამაშების შესაძლებლობას, თუმცა 2015 წლამდე ამ ასაკში ტარდებოდა 8-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩართულები იყვნენ 6 ერის ქვეყნებიც. სწორედ ის თაობა აღზევდა 2015 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, ვისაც „დიდ გუნდებთან“ პატარა ასაკში თამაშის საშუალება ჰქონდა. მაგრამ მერე ექვსი ერის გუნდებმა ერთიმეორის მიყოლებით ტურნირი დატოვეს. როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა განვვითარდეთ ამ მიმართულებით?

- გეთანხმებით, 18-წლამდელებისთვის კარგი შეჯიბრება გვჭირდება. ჩემთვის ჩვენი ნაკრებების უკეთესი სათამაშო გამოცდილებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მსოფლიო თასზე მორაგბეებმა ადვილად მოახერხონ გადაწყობა და უმაღლეს დონეზე თამაში. ჩემი აზრით, ჩვენი თანამშრომლობა სამხრეთ აფრიკასთან დაგვეხმარება 18-წლამდელთა, 20-წლამდელთა ნაკრებების განვითარებაში, ხელს შეუწყობს იდეების მიმოცვლას, დაგვეხმარება სწორედ ისეთი ამხანაგური მატჩების ორგანიზებაში, რომლებიც შეეფერება ჩვენი 18-წლამდელების დონეს. რა თქმა უნდა, სხვა პერსპექტივებიც არ უნდა დავკარგოთ. ასე რომ, ბოლომდე თქვენს კითხვას ვერ ვუპასუხებ. თუმცა ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩემთვის მორაგბეების წვრთნა-განსწავლა არის ყოვლისმომცველი პროცესი, რომელიც მორგებულია მორაგბეებზე, ორიენტირებულია განვითარებაზე და გამყარებულია სათანადო საშეჯიბრო სტრუქტურით. ასე რომ, მესმის, რატომ მელაპარაკებით ტურნირებზე – სავსებით მართალი ხართ, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შესაფერისი ტურნირები.

- 7-კაცა რაგბი უკვე ოლიმპიური სახეობაა, თუმცა ეს ის მიმართულებაა, სადაც ქართულ რაგბის უჭირს. როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის გამოსწორება?
- პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ სპორტული რეზერვი, დავაკვირდეთ, როგორ მოთამაშეებზე მიგვიწვდება ხელი, მერე კი გადავწყვიტოთ, რისთვის გვჭირდება შვიდკაცა – ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად? თხუთმეტკაცა რაგბის განვითარების ხელშეწყობისთვის? ბევრ რაგბის კავშირთან მიმუშავია, რომლებიც შვიდკაცა რაგბის სხვადასხვა მიზნისთვის ავითარებდნენ და შესანიშნავ წარმატებას მიაღწიეს, დასახული მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ, ისევ და ისევ, ამ კუთხით გეგმების დაწყობამდე უნდა შევისწავლო თქვენი საჭიროებები, რათა ბოლომდე გავიაზრო, როგორ შეგვიძლია შვიდკაცა რაგბის ყველაზე კარგად გამოყენება.

- რა სიახლეებს გეგმავთ ქართველ მწვრთნელთა გადამზადებასა და ბავშვთა რაგბიში?

- როგორც უკვე გითხარით, ძალიან კმაყოფილი ვარ მწვრთნელთა ედუკატორებთან გასაუბრებით. ჩვენ კარგი დისკუსია გავმართეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავთანხმდი აქ მუშაობის დაწყებას, იყო სწორედ ყველა დონის მწვრთნელის პროფესიულ განვითარებაზე მუშაობის პერსპექტივა. აქ იგულისხმება სამწვრთნელო ლიცენზიების გაცემაც, ვორქშოპებიც, იდეების და სანაკრებო დონის მწვრთნელთა გამოცდილების გაზიარებაც. ჩემი გამოცდილებით, მწვრთნელთა სწავლებას მოაქვს მორაგბეთა განვითარება. ეს მარტივი მექანიზმია, ამით ჩვენი მორაგბეების წინსვლას ვაჩქარებთ და საბოლოო ჯამში, ვიღებთ უფრო ღონიერ, დახელოვნებულ, ნიჭიერ სპორტსმენებს.

- ახლა უკვე სრკ-ის მაღალი მიღწევების მენეჯერი ხართ. რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ამ თანამდებობაზე გადადგამთ და როგორი იქნება თქვენი სამუშაო გრაფიკი საქართველოში?

- ჩემი აზრით, სწრაფად უნდა ვისწავლო და ჩამოვაყალიბო ურთიერთობები უამრავ ადამიანთან. უკვე ვეწვიე 4 თუ 5 სარაგბო ბაზას, შევხვდი მწვრთნელებს, დღეს ეროვნულ ნაკრებთან ვიყავი; აუცილებლად უნდა ჩავიდე ბათუმში, ქუთაისში, სხვა სარაგბო კერებში; დავაკვირდე სიტუაციას, ვისწავლო, მოვისმინო სარაგბო სპეციალისტების მოსაზრებები შემდგომ განვითარებაზე, შემდეგ კი გავუზიარო ეს ინფორმაცია გამგეობას და პრეზიდენტს, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს ჩემს სამუშაო გრაფიკსა და პრიორიტეტებზე. ამ სამუშაოს შესრულებას შევძლებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად ჩავერთვები მასში – აქ უნდა ვიცხოვრო, უნდა ვიქცე ამ ოჯახის წევრად, გავიაზრო თქვენი ფასეულობები – მხოლოდ ასე შევძლებ ვემსახურო ქართული რაგბის მომავალს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
თანამდებობის სახელი-დასახელება გაიგეთ? მარტო ამისთვის არიან დასაჭერი.. ღმერთო გვიშველე!
გივი-გია
01:04 26-02-2020
1
ჯერჯერობით ბრიტანელი სპეციალისტები ვერ ამართლებენ საქართველოში.კარგი იქნება,თუ ეს გაგვიმართლებს იმედებს.რატომღაც მგონია,რომ ექვს ერთან უფრო დასაახლოებლად აყალიბებს ურთიერთობებს ბრიტენელებთან,ჩვენი ფედერაცია,ვიდრე უშუალოდ საქმისათვის.
სოსო
14:20 24-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული