7-ქალას ახალი კაპიტანი - ნათია გავაშელი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც შარშან ქეთი მოდებაძემ აქტიურ სპორტს თავი დაანება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ გუნდის კაპიტნად ნათია გავაშელი დაასახელა.

ახლად გამომცხვარი კაპიტანი სპორტზე 3 წლიდან დადიოდა. ის 8-9 წლის განმავლობაში ტანვარჯიშით იყო დაკავებული, მერე კი ფრენბურთზე გადაერთო და 5-6 წელი სპორტის ამ სახეობაში გაატარა. 5 წლის წინ ნათია რაგბით დაინტერესდა და რუსთავის "ხარებში" მივიდა. ოვალურ ბურთს ალღო მალე აუღო და საქართველოს ნაკრებში უხმეს, წელს კი საპასუხისმგებლო საქმე – კაპიტნობა ანდეს.

„რაგბიზე ჩემი ძმა და დეიდაშვილი დადიოდნენ, თუმცა
მე ბავშვობაში სხვა სპორტით ვიყავი გატაცებული. 5-6 წლის წინ ჩემი თანაგუნდელი ფრენბურთიდან რაგბიზე გადავიდა და ისე მოიხიბლა, მითხრა – ძალიან მაგარი სიტუაციაა და შენც აუცილებად უნდა სცადოო. ასე შემთხვევით მოვხვდი რუსთავის „ხარებში“, სადაც პირველი ნაბიჯები ლაშა კაკაბაძის ხელმძღვანელობით გადავდგი. მართლა ძალიან კარგი სიტუაცია იყო და ვხვდებოდი, რომ რაგბი დღითი დღე მიყვარდებოდა. მერე ნაკრებში დამიძახეს, რაც უკვე სასწაული იყო და რაგბის ჩემი ცხოვრება სრულად დაუკავშირე. ძალიან დამეხმარა 7-ქალას მწვრთნელი გიორგი მაისურაძე, რომელმაც რაგბისთვის საჭირო ფიზმომზადება, ფაქტობრივად, თავიდან გამატარა და ახლა მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ“ – იხსენებს რაგბიზე მისვლის დღეებს აწ უკვე 7-ქალას კაპიტანი, რომელიც თვლის, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყნისთვის ღირებული რამ გაეკეთებინა:

„18 წლის ვიყავი და თავიდან ვერც ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა ნაკრებში დაძახება. ერთი ის იყო, რომ მიხაროდა და სასიამოვნო გარემოში აღმოვჩნდი, თუმცა მერე მივხვდი, რამდენად დიდი ნაბიჯი გადავდგი. 20-22 წლის ასაკში ყველას არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის რაიმე ღირებული გააკეთოს და ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა“.

„ჩემი გოგონების იმედი ყოველთვის მაქვს“

გავაშელი ნაკრების კაპიტნად წელს დაასახელეს და მას გუნდი მოედანზე ჯერ არ გაუყვანია, თუმცა კარგად გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია:

„დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი ქვეყნის გუნდის კაპიტნად გირჩევენ. ეს არაა პრივილეგია, რადგან მე ჩვეულებრივ ადამიანად ვრჩები, რომელმაც შესაძლოა შეცდომა დაუშვას. სათამაშო სახეობებში და განსაკუთრებით, რაგბიში, ერთი ადამიანი ვერაფერს წყვეტს და ჩემი გოგონების იმედი მაქვს, რომლებიც, ზუსტად ვიცი, მოედანზე არასდროს ნებდებიან და მუდამ ბოლომდე იბრძვიან. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ და თუ საჭირო გახდება, მზად ვარ ვიყო მათთვის მაგალითის მიმცემი, თუმცა დარწმუნებული ვარ, სათითაოდ ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ქვეყნის სახელით თამაში“.

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა 2018 წელს ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, კონფერენც დივიზიონი მოიგო და „ალაფაზე“ აღზევდა, სადაც შარშან ადგილი შეინარჩუნა:

„ეს წარმატება გუნდის ყველა წევრისთვის პირველი იყო. მიზანს მივაღწიეთ, ზედა დივიზიონში ავედით და ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით. შარშან უფრო მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათაც მალე დავეწევით. მე 5 წელია რაგბის ვთამაშობ. ზოგმა 2 წლის წინ დაიწყო სიარული და ასეთ დროს სისტემის აწყობა რთულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევთამაშდებით და მომავალ ტურნირზე მეტს მივაღწევთ“.

რაგბი ჭკვიანების თამაშია

ნათია გავაშელი განსაკუთრებით ემადლიერება ნაკრების მწვრთნელებს და მენეჯერს:

„გოგონები რაგბიში სხვადასხვა სპორტიდან ვართ მოსულნი და ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი დამოკიდებულება, ერთიანობა, არსად ყოფილა. ამისათვის მადლობას ვუხდი მწვრთნელებს – ჯაბა მალაღურაძეს და გიორგი მაისურაძეს. ჩვენთან ურთიერთობა იოლი არაა, თუმცა ისინი ბევრს შრომობენ, მუდამ ჩვენ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და გვიცავენ იმ ნეგატივისგან, რაც არცთუ იშვიათია. ასევე დიდი მადლობა ჩვენს მენეჯერ ია ხურცილავას, რომელიც თან გვყვება და საუკეთესო პირობებს გვიქმნის. ის ძალიან კარგი ადამიანი და საუკეთესო მენეჯერია“.

„ბევრი ფიქრობს, რომ რაგბი მხოლოდ კაცების თამაშია და იქ გოგონებს არაფერი ესაქმებათ, თუმცა რეალურად, ასე სულაც არაა. რაგბი ჭკვიანური თამაშია. ნაკლები კონტაქტის და ენერგიის დახარჯვით, უნდა იპოვო სივრცე, რათა შენ ან შენმა გუნდელმა გაქცევა მოახერხოს და ლელო გაიტანოს. ამისთვის ინტელექტია საჭირო და ძალიან ბევრ გოგოს რაგბის თამაში მამაკაცზე უკეთ შეუძლია“.

და მაშინ, როდესაც COVID-19-ის პანდემიის ფონზე აქტიური სპორტული ცხოვრება თითქმის ყველგან გაჩერებულია, ნათია გავაშელი ძირითად დროს განათლებას უთმობს, რაც გონების სავარჯიშოდ და ინტელექტის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა:

„უკვე 3-4 თვეა არ გვივარჯიშია და რაგბი ძალიან მომენატრა – განსაკუთრებით, გარემო და თანაგუნდელები. ეს პერიოდი სახლის პირობებში მსუბუქად ვვარჯიშობ, მოსაწყენად კი ნამდვილად არ მცალია. თსუ-ს სტუდენტი ვარ და ეს პერიოდი ძირითადად სწავლას დავუთმე, რისი საშუალებაც ტურნირებისთვის მზადების პირობებში ნაკლებად მაქვს. სპორტი გარკვეულ ასაკამდე გრძელდება და ცოდნის მიღება აუცილებელია. გარდა ამისა, სწავლა გონების სავარჯიშოა, აზროვნების უნარს გიმაღლებს, რაც თამაშისთვისაც აუცილებელია“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყვეს თუნდაც ხვადია. წარმატებები
იბერიელი68
17:57 10-06-2020
0
მეც იმ აზრზე ვარ,რომ რაგბი კაცების თამაშია,მაგრამ ეს, მხოლოდ დიდ,15 კაცა რაგბის შეეხება.7 კაცა რაგბი კი თავისი სისწრაფეებით,სილამაზით,მახვილგონივრობით და უდიდესი აზარტით,სწორედაც რომ გოგოებისთვისაც ზედგამოჭრილია და ბიჭებისთვისაც.რაგბის ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ 7 კაცა რაგბი არ მენახა და ერთხელ დიდი ხნის წინ,როცა თეფშა ანტენით,რომელიღაცა არაბულ არხზე,შესარჩევ ჯგუფში ნაკრებების თამაშს გადავეყარე,აღტაცებული დავრჩი მისი მობილურობით და სილამაზით.არც წესები ვიცოდი(არც ახლა ვიცი კარგად),მაგრამ სანახაობა იყო შესანიშნავი.მიწოლის გამორიცხვამ,თამაში შეუდარებლად სწრაფი და სანახაობრივი გახადა.ტრავმების რისკიც მცირეა და მისი თამაში,ყველას შეუძლია,დიდსაც და პატარასაც,ქალსაც და კაცსაც.თან რაც მთავარია,რაგბი სპორტის ის სახეობაა,სადაც მტკიცე მეგობრობა და მტკიცე ხასიათი ყალიბდება და სადაც, მეტოქეც შენი მეგობარია.ეს კი ძალიან ძვირფასი სიკეთეა.ასე რომ ქართველ გოგონებს მოვუწოდებ თამამად დაიწყონ ვარჯიში 7 კაცა რაგბიში.ეს მართლაც შესანიშნავია.
სოსო
12:21 11-06-2020
0

სიახლეები პოპულარული