მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელი შეიძლება გაქრეს - ქართული სარაგბო კლუბების საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

ქართული სპორტული საიტის, Popsport-ის ინფორმაციით, 31 ქართული სარაგბო კლუბი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ქართულ რაგბიში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე საუბრობს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზიც კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსია, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, ხოლო პანდემიამ და რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა. რაგბის კავშირის უმოქმედობის ფონზე იძულებულნი გავხდით, ივნისის თვიდან სარაგბო კლუბები შევკრებილიყავით ქართული რაგბის გა
დასარჩენად და ერთად შეგვემუშავებინა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელება, ჩვენი აზრით, დაგვეხმარება გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში.

აღნიშნული ღონისძიებები წარვადგინეთ რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად ფინანსური დახმარება გაეწია სარაგბო კლუბებისთვის.

ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია, შექმნილიყო კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელსაც კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მოეგვარებინა ჩემპიონატის განახლების საკითხი და მიეყვანა კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ამა წლის დეკემბრის ბოლოს. ნიშანდობლივია, რომ გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ ასევე გაჟღერებულია ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის განცხადებაში.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის მიერ:

1. დღემდე არ შექმნილა ზემოაღნიშნული საბჭო;

2. არის მცდელობა, რომ საბჭოს ფუნქცია მართვის ნაცვლად ჩანაცვლდეს მრჩევლის ფუნქციით;

3. მიმდინარეობს ხელის შეშლა კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების საბჭოში შეყვანაზე;

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი დაკარგული დღე იწვევს აუნაზღაურებელ ზარალს ქართული რაგბისთვის და საბჭოს შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის რესურსის გამოყოფა და რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება რაგბიში ჩართული ბავშვების ოდენობა, გაიზრდება ლიგის მოთამაშეების სხვა ქვეყნის დაბალი დონის ლიგებში გადასვლის ან სულაც რაგბიდან წასვლის შემთხვევები.

აქვე დავძენთ, რომ თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მოკლებულ იქნება შესაძლებლობას, ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია, ვიდრე დღეს არის საჭირო. ამ ყველაფერმა შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და უამრავი თაობის წვალებით მოტანილი სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადოებაში. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელის გაქრობა, რაც წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში, რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი. აქვე გაცნობებთ, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირში იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც დაწვრილებით გაგაცნობთ საქმის მიმდინარეობას."

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
ბიძინას რო აქებთ და ადიდებთ ზოგიერთები რაგბს ინახავდაო,ეხლა რატომ არ აფინანსებს ფული შემოელია თუ თავისი რო გაინაღდა და ხელისუფლებაში მოვიდა რაგბი აღარ ანაღვლებს? (შემოელიაკი არა, უფრო გამდიდრდა ქვეყნის ხარჯზე,მარტო საყდრისიდან შეუვიდოდა მთელი რაგბის სამყოფი ფული) რაგბიც და სხვა სპორტიც ერთ კაცზე კი არ უნდა იყოს ჩამოლიდებული სახელმწოფომ უნდა დააფინანსოს. თუ ნაკლებს მოიპარავენ გამოიძებნება საკმარისი თანხა ბიუჯეტში
irakli81
14:11 13-08-2020
11
აიამ ხელი რატომ არ მოაწერა?
რამდენადაც ცნობილია რაგბი ფინანსდება ივანიშვილის ფონდიდან. ამიტომაც განვითარდა მეტ ნაკლებად. ამდენი ქართველი რომ თამაშობს საფრანგეთში, საინტერესოა, საერთოდ რამე თანხა აქედან კლუბებში შედის? საერთოდ ცნება ტრანსფერი რაგბში არის?
alexandre
12:18 13-08-2020
4

სიახლეები პოპულარული