სამხრეთაფრიკელებით გაძლიერებული რუსეთის ნაკრები - "შავი ლომი" სოჭში მიემგზავრება

AutoSharing Option
პენზიდან შინ მობრუნებული "შავი ლომი" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჩაიკეტა და რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის "ენისეის" 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება.

1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე თამაშობდა ჩელენჯ ქაფზე და დამარცხებული ჰყავს ისეთი გუნდები, როგორებიც "ბრივი", "ნიუკასლი", "ვუსტერი" და "‘ნიუპორტი" არიან.

რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ორ მატჩში "ენისეიმ" რუსულ დერბიში სექტემბერში ორჯერ
დაამარცხა "ლოკომოტივ-პენზა" – 22:6 და 44:21 და ორივეჯერ აიღო ბონუსი. გასულ შაბათს კრასნოიარსკელებმა მოსკოვში "თელავივ ჰითთან" 31:34 წააგეს, თუმცა გაწითლებულ დროზე გატანილმა ლელომ მასპინძლებს ნუგეშის ქულა შესძინა და ამან მათ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნების (11 ქულა 3 თამაშიდან) შესაძლებლობა მისცა.

"შავი ლომი" ტურნირში 10 დღის წინ ჩაერთო და ჯერ ავჭალაზე "ჰითი" დაამარცხა ბონუსით – 33:10, მერე პენზაში მოუგო "ლოკომოტივს" (27:11) და 10 ქულით მეორე ადგილზეა.

განვლილი შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:

"კმაყოფილი ვარ, რადგან გასვლით შეხვედრაში დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, გვქონდა პრობლემები, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი - ეს არის ქარი და მძიმე მოედანი, რომელმაც თამაშს თავისი ხელი დაატყო და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები. მსაჯზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რეალურად ამან წნეხის ქვეშ მოგვაქცია. აქ პოზიტივი ისაა, რომ მოთამაშეები ასეთ პირობებში თამაშსაც უნდა მიეჩვიონ. ჩვენი მოთამაშეების ნაწილს დებიუტი ჰქონდა საერთაშორისო არენაზე და ამ კუთხითაც კარგი პრაქტიკა გავიარეთ. გვქონდა ვიდეოანალიზი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცდომები მომავალი მატჩისთვის დაფიქსირებული გვექნება".

"ლოკომოტივ-პენზასთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი შინ დაბრუნდა, კვირას დაისვენა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო, გუშინ და დღეს კი სრულფასოვანი ვარჯიშები ჩატარდა. ხუთშაბათს ბიჭებს კვლავ დასვენების დღე ექნებათ, პარასკევს კი სოჭში მიემგზავრებიან.

"ენისეი", როგორც შემადგენლობით, ასევე თამაშის სტილით, ფაქტობრივად, რუსეთის ნაკრებია, გაძლიერებული სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებით. ამ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს, თავდაჯერებული და შეთამაშებულია. სოჭში იოლი გასეირნება არ გველოდება. 9 და 10 ნომრები ფეხით კარგად თამაშობენ, რაც ახალი წესების გათვალისწინებით, ყურადსაღებია. ვეცდებით, მაქსიმალურად შევზღუდოთ მეტოქე და მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და გავიმარჯვოთ" – ამბობს მაისაშვილი.

წყარო: rugby.ge

alt"შავი ლომის" ხუთქულიანი ნახტომი პენზაში [VIDEO]

alt5 ცვლილება სასტარტოში - "შავი ლომი" რუსეთშიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ენისეის თამაში თელავივთან თუ ნახეთ, დიდი ვერაფერია ენისეი. თუმცა, შავი ლომიც ახლა ყალიბდება გუნდად და გარანტირებული არაფერია. ჩვენი ზელანდიელი მწვრთნელი სადაა, საერთოდ არ სჩანს. არადა, მისი იმედი უფრო მქონდა.
გიორგი
28 ოქტომბერი 2021 02:04
0
სტად ფრანცესთვისაც მოუგია
გაგი
27 ოქტომბერი 2021 22:05
1
როცა მსაჯობაზე ლაპარაკობს,ლევან მაისაშვილი,ვფიქრობ პირველ რიგში შერკინებაში ჩვენ ხშირ დაჯარიმებას გულისხმობს.თამაშის კომენტარს,ნიკა ამაშუკელი აკეთებდა და ისიც აღნიშნავდა,რომ ჩვენი შერკინება,სხვადასხვა ეშმაკობებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას,მსაჯი კი,ამას ფხიზლად აკვირდებოდა და გვაჯარიმებდა.რა თქმა უნდა სხვა შეცდომებიც იყო,მაგრამ ამდენჯერ რომ დაჯარიმდები სამართლიანად,სხვას აღარაფერი უნდა დავაბრალოთ.გვიან მიხვდნენ ჩვენი ბიჭები,რომ სჯობდა სუფთად ეთამაშათ.ენისეი მართლაც ძლიერი გუნდია და ისეთ ლაფსუსებს,როგორიც პენზასთან შეგვრჩა,არ გვაპატიებს.მძიმე თამაში იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენებმა რაც შეუძლიათ ყველაფერი უნდა გვიჩვენონ.რუსებს ხომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ.ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას და რაც მთავარია,კარგ თამაშს ვუსურვებ.
სოსო
27 ოქტომბერი 2021 20:27
1
დონაძემ შეგვიქმნა ბევრი პრობლემა, ნამდვილად შავი ლომის დონის ბურჯია და სამწუხაროა რომ პენზაში უწევს თამაში. ეგ და ჭყოიძე რუსებზე თავდადებულად თამაშობდნენ და სწორიც იყო. ამტკიცებენ, რომ პროფესიონალები არიან და ნაკრებში კონკურენციისთვისაც ასე ჯობია,ვისაც არ უნდა ეთამაშო, უნდა გამოჩინო შენი შესაძლებლობები. მგონი ივანიშვილი გვეყოლება ნოემბრის ტესტებზე, ძალიან შთამბეჭდავია.
კორნ
29 ოქტომბერი 2021 02:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული