მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის „ალაფაზე“, ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის მსაჯობა ქართველ რეფერის ანდეს. შოთა თევზაძეს ქართველი გვერდითი მსაჯები ეყოლება, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მთავარი მოვლენა 10 მარტსაა ჩანიშნული. 20-წლამდელთა "ექვსი ერის" მეოთხე
საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბი 20-წლამდელთა ტურნირებს, მათ შორის, "ექვს ერს", განვითარების ჭრილში უყურებს, როგორც მოთამაშეების, ასევე მატჩის ოფიციალური პირების კუთხით. ყველა მსაჯი, რომლებიც ამ ტურნირზე არიან მიწვეულნი, სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე მოიაზრება და ქართველი მსაჯებისთვის ესაა შანსი, დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და განვითარების გზაზე კიდევ უფრო წინ წაიწიონ.
„10 მარტს მნიშვნელოვანი თამაში მელის. უელსისა და საფრანგეთის დაპირისპირება ყველა დონეზე პრინციპულ ხასიათს ატარებს. ბოლო წლებში ნაჩვენებ შედეგებს თუ გადავხედავთ, ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ უელსი არასდროს ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით, საკუთარი ქომაგის წინაშე და საინტერესო გამოცდილება მელის“ – ამბობს "ექვსი ერის" ცენტრალურ მსაჯად საკუთარი დებიუტის შესახებ შოთა თევზაძე და განაგრძობს:
„პირველად რაგბი ევროპის „ალაფის“ შეხვედრა მელის და ჯერ მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვს ერზეც" მეფიქრება. ნიკა ამაშუკელთან ერთად, ამ ტურნირზე გვერდით მსაჯად ნამუშევარი მაქვს და ნიკას ტრავმის (წარბი გაუსკდა) გამო გარკვეული დროით ცენტრშიც მომიწია მსაჯობა. 20-წლამდელთა "ექვსი ერის" თამაშები ინტენსივობითა და დონით კაცთა გუნდების შეხვედრებს არ ჩამოუვარდება. ეს არის გარდამავალი ტურნირი, ერთგვარი კარი დიდი რაგბისკენ და ბედნიერი ვარ, შანსი რომ მივიღე. ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა და ვეცდები, ქართული რაგბი ვასახელო“.
გასული წლის ნოემბერში თევზაძემ რაგბი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯა და პირველსავე მატჩში, მე-3 წუთზე კოჭის ტრავმა მიიღო, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლა არ შეწყვიტა და ფინალურ მატჩში პორტუგალიასა და ესპანეთს უმსაჯა.
„პორტუგალიაში გამგზავრებამდე მიზნად ფინალური მატჩის მსაჯობა დავისახე და მიუხედავად ტრავმისა, ამოცანას წარმატებით გავართვი თავი. თამაშებს ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ვუძღვებოდი, რადგან ვიცოდი, ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და საბოლოოდ კარგი შეფასება მივიღე. მკურნალობის კურსი ახლახან დავასრულე და მეტი თავგამოდებით ვვარჯიშობ, რათა ჩვეულ ფორმაში შევხვდე ჯერ დიდი 10-ის და რაგბი ევროპის „ალაფის“, შემდეგ კი "ექვსი ერის" თამაშებს“.
20-წლამდელთა "ექვს ერში" გვერდით მსაჯად მუშაობის გამოცდილება აქვს საბა აბულაშვილსაც. განსხვავება ისაა, რომ მაშინ ნიკა ამაშუკელის დამხმარეები ქართულმა სამსაჯო კორპუსმა შეარჩია, ახლა კი საბას უშუალოდ მსოფლიო რაგბიმ დაუძახა, რაც კარგი პერფორმანსის შემთხვევაში შემდგომი წინსვლის ალბათობას ზრდის:
„მთავარი ისაა, რომ ამჯერად პერსონალური დანიშვნა მივიღე. მართალია, ორივე თამაშზე გვერდითი მსაჯი ვარ, თუმცა ყველაფერი სწორედ ასე იწყება და მომავალ შეხვედრებს მოტივირებული ვხვდები. აქ მარტო ჩემს თავს კი არა, მთელ ქვეყანას წარმოვადგენ, რაც სიამაყესთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩავაბარებთ გამოცდას. მინდა მთელი სამსაჯო კორპუსის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს, რომელმაც ჩვენს მასწავლებელთან, დევიდ მაკქიუსთან ერთად განვითარების საშუალება მოგვცა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სამსაჯო სკოლამ ბოლო წლებში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია“.
rugby.ge