პირველად საქართველოდან! ამაშუკელი ექვსი ერის ცენტრშია!

AutoSharing Option
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ახალი წლიდან ახალ ისტორიას წერს. ნიკა ამაშუკელი ტიერ2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს.

6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე ცენტრში იმსაჯებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ უძველეს, თითქმის 140-წლიანი ისტორიის მქონე ტურნირში, ამაშუკელი 2023 წლის მსოფლიო თასის წინ მიიწვიეს. თებერვალ-მარტში ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში სულ 15 თ
ამაშია. შესაბამისად, შეირჩა ამ მომენტისთვის 15 უძლიერესი რეფერი და სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველია.

თავად ნიკა ამ დანიშვნას მოულოდნელს უწოდებს:

„ვერც კი წარმოვიდგენდი, ექვსი ერის ცენტრში თუ მომიწევდა მსაჯობა. ლოგიკური იქნებოდა, თუ მხოლოდ გვერდით მსაჯად მივიღებდი დანიშვნას, მაგრამ სრული შოკი იყო, როდესაც ჟოელ ჟუშმა დამირეკა და მითხრა – 27 თებერვალს ირლანდიისა და იტალიის მატჩს ცენტრში იმსაჯებ. ექვს ერზე პრესტიჟული ტურნირი არ არსებობს და მის ნაწილად ყოფნა უდიდესი პატივია, მით უმეტეს, მეორე სარაგბო დონის ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რისი პრეცედენტი აქამდე არასდროს ყოფილა“.

„ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი კონკურენციის ფონზე 15 საუკეთესო მსაჯს შორის შემარჩიეს. უფრო მეტად კი მახარებს ის, რომ არა მხოლოდ ქართულ რაგბის, არამედ მთელ ქვეყანას წარმოვადგენ. რაგბიში მსაჯი წარმოუდგენელი მნიშვნელობის ფიგურაა, მუდამ ყურადღების ცენტრშია და ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ასევე ეს დანიშვნა უნდა გახდეს მოტივაცია ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რომ მუშაობით მეტის მიღწევა შესაძლებელია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ყველა ქართველისთვის სანატრელ ტურნირზე ჯერჯერობით მხოლოდ მე ვიქნები წარმოდგენილი და არა ჩვენი გუნდი. იმედია, ეს დანიშვნა გახდება წინაპირობა და ქართული რაგბი დაიწყებს სვლას ამ სისტემისა და ტურნირისკენ“.

ამაშუკელის ექვს ერში მიწვევას ქართული რაგბის დაფასებად მიიჩნევს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე:

„ნიკას ასეთი დონის თამაშებსა და ტურნირებში მიწვევა, მასთან ერთად, ქართული რაგბის დაფასებაცაა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სარაგბო ერი ვართ და ამ დროს ასეთი დანიშვნა უმნიშვნელოვანესია. ვულოცავ ნიკას ამ წარმატებას. პირადად ის უკვე დიდი ხანია აღარ ითვლება ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენლად და შესულია მსოფლიოს საუკეთესო მსაჯების სიაში“.

„მისი წარმატება საუკეთესო მაგალითია იმ ბიჭებისთვის, ვინც ახლა იწყებს ან ფიქრობს ერთი შეხედვით არაპრესტიჟული პროფესიის, მსაჯობის დაწყებას. რეალურად, თანამედროვე რაგბიში მსაჯი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და წლების წინ რაგბის კავშირმა ამ მიმართულებით დიდი ინვესტიციები განახორციელა“.

„ნიკამ ამ წარმატებას თავისი ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის ფასად მიაღწია. მისი წინსვლა არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებას, არამედ ქვეყნის წარმოჩინებას უწყობს ხელს. ქართველი მსაჯის ისეთი დონის ტურნირში მიწვევა, როგორიც ექვსი ერია, არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ მთელი ქვეყნის პრესტიჟია“.

რაგბის კავშირის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით შუბითიძე „წუხს“, რომ ნიკა ამაშუკელს დიდი ხნით მოუწევს ქვეყნიდან წასვლა და დიდ 10-ს დააკლდება. იანვრის ბოლოს ის გახდება პირველი ქართველი მსაჯი, რომელიც 7-კაცას მსოფლიო სერიაზე, მალაგას ეტაპზე იმსაჯებს, მერე კი ექვსი ერია:

„ნიკას უმაღლესი დონის ტურნირებზე ისეთი დანიშვნები აქვს, ფაქტობრივად, ჩვენთან აღარ იქნება. მიუხედავად ამისა, ის ქვეყნისთვის, მისი და ქართული რაგბის ცნობადობისთვის კოლოსალურ საქმეს აკეთებს. ექვსი ერის ქვეყნებში რაგბის დიდი კულტურა აქვთ და მსაჯებს ქუჩაში ცნობენ, პატივს სცემენ. ჩვენთვის საოცნებო იყო ამ ტურნირში მოხვედრა და კარგია, ამ კუთხით რომ ვვითარდებით. იმედია, მოვა დრო და ჩვენი დონის გუნდებს მიეცემათ ტიერ1-ის ქვეყნებთან სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა“.

„ინგლისის რაგბის კავშირი 36 ათას მსაჯს აერთიანებს და როდესაც ასეთი კონკურენციის ფონზე ქართველი მსაჯი უმაღლეს საფეხურზე ადის, ეს ქართული რაგბის დიდი დაფასებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის დევიდ მაკქიუს, რომლის გარეშეც ამ დონესთან ახლოსაც არ ვიქნებოდით. სასიხარულოა, რომ მოდიან სხვა მსაჯებიც, რომლებიც ახლოს არიან უმაღლესი დონის რაგბისთან და მაქვს იმედი, 2022 წლის განმავლობაში, მაღალი დონის დანიშვნები კიდევ არაერთი იქნება“.

altამაშუკელის დიდი გამოცდა

altამაშუკელის დებიუტი ტიერ ერთ მატჩებზე

altნიკა ამაშუკელი - პირველად ევროთასის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სასიხარულო ამბავია. ვულოცავ ნიკას და ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს!
გიგლია
14:04 18-01-2022
0
შესანიშნავია!ისე ჩანს,რომ ნიკა ამაშუკელი ქართული რაგბისათვის ყინულმჭრელის როლს შეასრულებს,რომელმაც უნდა გადალახოს ყინულის ზღუდეები და გაჭრას გზა,6 ერისაკენ.კიდევ უკეთესია,რომ მის კვალს,კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა არბიტრიც მისდევს და მალე,შესაძლოა მთლიანად ქართული მსაჯთა ბრიგადა მოემსახუროს,მსოფლიოს დონის თამაშებს.წარმატებები ნიკა!
სოსო
13:57 18-01-2022
0

სიახლეები პოპულარული