7-ქალა - ერთობლივი ვარჯიშები დიდი 10-ის გუნდებთან

AutoSharing Option
იმისათვის, რომ გოგონებმა ოფიციალური ტურნირებისათვის სათამაშო პრაქტიკა დააგროვონ, 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ საინტერესო პრაქტიკა დანერგა - ერთობლივი ვარჯიშები დიდი 10-ის გუნდებთან.

ამ წამოწყებას მხარი აუბეს გუნდებმაც და პირველი ასეთი ვარჯიში ბოლნისის "ყოჩებთან" უკვე გაიმართა. ვარჯიშები და თამაშები უკონტაქტოდ მიმდინარეობს. სამაგიეროდ, გოგონები ეჩვევიან უფრო მაღალ სათამაშო ტემპს, რაც სამომავლოდ ოფიციალურ ტურნირებში გამოადგებათ.

"გვსურს, რაც შეიძლება მეტი თამაში გვქონდეს გუნდებთან, რომლებიც მაღალ ტემპში თამაშობენ და იდეაც აქედან გაჩნდა. გარდა ამისა, ბიჭები და გოგონები ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს. გოგონები ისევე არიან რაგბის ღირებულებების
მატარებლები, როგორც ბიჭები და მნიშვნელოვანია მათ შორის კავშირი იყოს. მადლობა კლუბებს, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა გვერდში დაგვიდგნენ. ეს ვარჯიშები არის სახალისო და ამავდროულად, გამოსადეგი ჩვენთვის, რადგან ივნისში ოფიციალური ტურნირები გველოდება. გოგონებს ბიჭებთან კონტაქტურ რაგბის ვერ ვათამაშებთ, თუმცა თამაშის ორგანიზების და ტემპთან შეჩვევის კუთხით, ეს ნამდვილად იქნება შედეგის მომტანი", - ამბობს მალაღურაძე.

იმისათვის, რომ კაცთა გუნდებს მზადების კუთხით პრობლემები არ შეექმნათ, ვარჯიშები იგეგმება კვირის დასაწყისში, ტურის მატჩის შემდეგ პირველსავე ვარჯიშზე, რომელიც უფრო აღდგენას ემსახურება.

"ყოჩებთან" ერთობლივი ვარჯიშისას, გოგონებისა და ბიჭებისგან დაკომპლექტდა 4 შერეული გუნდი (4 გოგონა და 3 ბიჭი ან პირიქით) და თითოეულ მათგანს მოუწია ორ-ორი თამაში. პირველ ეტაპზე, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ერთობლივი ვარჯიშები ჩატარდება თბილისურ კლუბებთან, სამომავლოდ კი გოგონები რეგიონებსაც ეწვევიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული