ზემოიმერლების სარაგბო აღზევება

AutoSharing Option
"რუსთავი" - ჭიათურის "მათეს" რეგიონული ლიგის ფინალური შეხვედრა, დებულების თანახმად, ნეიტრალურ სტადიონზე, გორის სარაგბო არენაზე გაიმართა. ქვემოქართლელები ლიგის სატიტულო შეხვედრამდე დაუმარცხებლად მივიდნენ. რუსთაველთა ახალბედა გუნდის დამრიგებელმა კახა უჩავამ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე იახლა და უმოკლეს პერიოდში საკუთარი სათამაშო ხელწერის მქონე სოლიდური კოლექტივიც შეკრა, რომელიც რეგულარული სეზონის მანძილზე მეტოქეებს კლასით აღემატებოდა და მოგების შანსსაც არ უტოვებდა.

გასული სეზონის მიწურულს, კლასში დაქვეითებულ ზემოიმერელთა გუნდში კი კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. "მათეს" სოლიდური მეოხიც გამოუჩნდა და თან მზრუნველობის ხელი ქალაქის ხელმძღვანელობამაც გაუწოდა. ზემოიმერლებს სათავეში გამოცდილი სპეციალისტი
გოჩა კვაჭანტირაძე ჩაუდგა, რომელმაც თავისი ლეგენდარული წინამორბედის, ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდის, ზურაბ ხარშილაძის მიერ წლების წინ დაწყებული საქმე წარმატებით განაგრძო. "მათე", რომელიც ძირათადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, სეზონის მანძილზე თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებდა და ფინალურ შეხვედრას ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში შეხვდა.

მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიური მხარდაჭერით მეტოქეებმა უშეღავათო ბრძოლა პირველივი წუთებიდან გააჩაღეს. მატჩის პირველ ნახევარში ზემოიმერელთა დაცვა პრაქტიკულად შეუცდომლად მოქმედებდა. დიდ საბრძოლო სულისკვეთებასთან ერთად, "მათეს" მორაგბეები თავიანთი დამრიგებლის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ და ქვემოქართლელები მგეზავ ნიკა ბეჟუაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 11 ქულა დააგროვეს და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 11:3. "მათეს" მგეზავ ნიკა სამხარაძის მიერ გატანილ წყვილ ჯარიმას ზემოიმერელთა ბურჯის, მერაბ მენაბდის გარდაუსახავი ლელოც დაერთო.

მეორე ტაიმში "რუსთავი" საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც მეტოქის მხრიდან უხვი ჯარიმა და მთლიანობაში მიღებული 4 ყვითელი ბარათიც მოჰყვა. უჩავას შეგირდებმა ჯერ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ტექნიკური ლელო გამოიმუშავეს, ბეჟუაშვილის მიერ გატანილი ჯარიმითა და ქვემოქართლელთა კვაჭ უჩა აღაშვილის დადებული ლელოთი უპირატესობა გაიმყარეს – 18:11.

"მათემ", ხსენებული პრობლემების მიუხედავად,  მატჩის დასკვნით ნაწილში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და შეხვედრაში გარდატეხის შეტანაც მოახერხა. ჭიათურელთა ერთ-ერთი ლიდერის, ფულბეკ ნიკა კობიაშვილის მიერ გატანილი ლელო სამხარაძემ გარდასახა და ანგარიშიც გაათანაბრა. მართალია, "რუსთავი" მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, თუმცა "მათემ" თავი კარგად დაიცვა და შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე საკუთარ 22-მეტრიან ზონაში ფრთაზე სწრაფად გაშლილი ოვალი მაღალ სიჩქარეზე, სპრინტერული მანევრით, გამარჯვების მომტან ლელოდ ფრთა ნიკა მაჭარაშვილმა აქცია – 23:18.

"მათე" პირველ ლიგაში 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, "რუსთავს" კი კლასში ასამაღლებლად პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გორის "ჯიქთან" 2-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევს. "ჯიქი"-"რუსთავის" აღმოსავლური დერბის პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ 29 მაისს გაიმართება.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "მათეს" ფულბეკი ნიკა კობიაშვილი დასახელდა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ დააჯილდოვა. მონაწილე გუნდებს მედლები რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ და ვეტერანმა მორაგბე გია ლაბაძემ გადასცეს. "მათეს" კაპიტანმა იოსებ ბიწაძემ კი ტრადიციული ფოიერვერკის თანხლებით, ლიგის საჩემპიონო თასი სოსო ტყემალაძისგან ჩაიბარა.

Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული