"შავი ლომი" ქარის თასზე ბრუნდება

AutoSharing Option
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, "შავი ლომი" სამხრეთ აფრიკის ქარის თასის გათამაშებას 21 მაისს, ისთ ლონდონში "ბულდოგსთან" მატჩით უბრუნდება. "პოლის პარკზე" შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

აპრილის დასაწყისში ქართულმა ფრენჩაიზმა ორი შეხვედრა მოიგო, აქედან ერთი ბონუსით, რის შემდეგაც ევროპაში დაბრუნდა და რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო – ნახევარფინალში ესპანური "იბერიანსის" და ფინალში პორტუგალიური "ლუზიტანუშის" დამარცხებით.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამხრეთ აფრიკაში ჯერ ვერ გაემგზავრა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელსაც ბრონქითი აქვს და ჯერჯერობით გუნდთან დისტანციურად მუშაობს, ადგილზე კი საქმეს ილია მაისურაძე და
კორი ბრაუნი უძღვებიან:

"დისტანციურად მუშაობა რა თქმა უნდა რთულია. ადგილზე არიან ილია მაისურაძე და ქორი ბრაუნი, რომლებიც გუნდს ხელმძღვანელობენ. ვარჯიშის ჩანაწერებს ყოველდღიურ რეჟიმში მიგზავნის დავით რამიშვილი. თუ რამე რეკომენდაცია და კონსულტაცია მჭირდება, სატელეფონო კავშირი მაქვს სტაფის წევრებთან".

"ბულდოგსმა" წლევანდელ ქარის თასზე ექვსივე შეხვედრა დათმო, თუმცა ორ საშინაო მატჩში ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეებს ბონუსი არ გაატანა.

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა და შანსი იმ მორაგბეებს მიეცათ, რომელთაც სხვებთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო დაუგროვდათ:

"დაკონტრაქტებული 36 მორაგბე გვყავს, რომელთაგან 4 ტრავმის გამო გამოგვაკლდა. სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე ჩავიდა და გვსურს, რომ მორაგბეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილოთ. წინ მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6 თამაში (თუ ფლეი ოფში გავედით) გველის, რომლის განმავლობაშიც შემადგენლობაში მუდმივად იქნება როტაცი", - გვიყვება მაისაშვილი.

სანამ "შავი ლომი" სუპერთასის პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა, ქარის თასზე ორი თამაში გაუცდა და მათში გამარჯვებები მეტოქეებს (გრიფონსი და ფალკე) მიეკუთვნა. აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილს სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ და მაისაშვილს იმედი აქვს, რომ მათ ფლეი ოფებში შეხვდება.

"ორი თამაშის გამოტოვება ამ ეტაპზე ჩვენთვის არაფერს ცვლის. მიზანი ახლაც პლეი-ოფში გასვლაა. ორი თამაშის გამოტოვება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოხდა. როდესაც ორივე ტურნირში მონაწილეობაზე დასტური მივეცით, ქარის თასის ორგანიზატორების მხრიდან გვქონდა პირობა, რომ კალენდარს მაქსიმალურად მოარგებდნენ ჩვენს გრაფიკს და თავიდან ასეც იყო. ამის შემდეგ თამაშები განრიგი რამდენჯერმე შეიცვალა და არსებული ვარიანტებიდან ოპტიმალურზე შევჯერდით. სხვანაირად არ გამოდიოდა, რადგან სხვადასხვა ტურნირზე ორი გუნდის გაყვანის რესურსი არ გვქონდა. საწყენი ისაა, რომ ორივე თამაში ძლიერ გუნდთან გამოვტოვეთ. ჩვენთვის შედეგზე მეტად მათთან თამაში იყო საინტერესო. იმედს ვიტოვებ, რომ პლეი-ოფში მოვხვდებით და იქ მოგვიწევს მათთან შეხვედრა".

რადგან ქარის თასის პირველ მატჩში "შავ ლომთან" სათამაშოდ კენიის "სიმბასი" არ გამოცხადდა, მასთან ბონუს-ქულით მოგება ჩაგვეთვალა. შედეგად, ჩვენს გუნდს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

ქარის თასი. VII ტური. 21 აპრილი

ისთ ლონდონი. პოლის პარკი. 17:00 (საქ. დრო)

ბულდოგსი – შავი ლომი

შავი ლომი

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.);

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი,5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. იოსებ გუშარაშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური; 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. დემურ თაფლაძე.

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარი,ალბათ მაინც სათამაშო და ერთად თამაშის პრაქტიკაა.თუ დარჩენილ თამაშებს მოვიგებთ,პლეი ოფშიც გავალთ და იმ ძლიერ კლუბებსაც შევხვდებით.დროა მატკავაც შეეჩვიოს ძირითადს.შარშან აფრიკაში თამაშების დროს,ჯერ ძალიან სუსტი იყო და ახლა მაინტერესებს,რამდენად გაიზარდა.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურებ ბიჭებს.
სოსო
20:15 20-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული