გუნდები 9-9 ქულით დასავლეთ კონფერენციის ლიდერები არიან და ურთიერთშეხვედრებში გადაწყდება, ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილებს. პირველი ცენტრალური შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება და მას ქართული სამსაჯო ბრიგადა გაუძღვება. მოედნის მსაჯი საბა აბულაშვილი იქნება, კიდეებიდან კი შოთა თევზაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარებიან.
ქართველი მსაჯებისთვის სუპერთასი უცხო ხილი არაა. გასულ სეზონში ქართველმა მსაჯებმა ოთხი შეხვედრა განსაჯეს. აქედან სამში, მათ შორის, ნახევარფინალში, მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იყო,
„ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა და მაშინაც გვქონდა დანიშვნები. ჩემს მუშაობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა და წელსაც მივიღე ჯგუფურ ეტაპზე დანიშვნა, თანაც უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე. "იბერიანსი" და "ლუზიტანუში" დასავლეთ კონფერენციაში ლიდერები არიან, ორივე თავისი ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია და გახსნილი, სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს“ – ამბობს საბა და განაგრძობს:
„ყველა მსგავსი დანიშვნა ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. დიდი 10 სამსაჯოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია და სუპერთასზე ამ მხრივ პრობლემები არ გვექმნება. ეს არის შანსი, საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა შემდგომში უფრო მაღალი დონის დანიშვნები მივიღოთ“.
აბულაშვილისთვის გასული ზაფხული საინტერესო გამოდგა, რადგან ის ტესტ-მატჩებში იყო ჩართული და კიდით მსაჯად ორ შეხვედრაში იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ორივე თამაში საქართველოში გაიმართა და ერთში "ბორჯღალოსნებმა" იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (28:19), მეორეში კი პორტუგალიას სძლიეს 23:14.
„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით, ბათუმში, იტალიასთან თამაშზე. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. როდესაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშის მსაჯობა გიწევს, განსხვავებული განცდები გეუფლება, მაგრამ ემოციებს გვერდით სწევ და სხვაგვარად გიწევს საქმეზე ფოკუსირება. ამ თამაშის ჩანაწერს მოგვიანებით ვუყურე და მაშინ განვიცადე გამარჯვებით გამოწვეული ემოციები“.
„რაც შეეხება თავად თამაშს, იტალიას რამდენჯერმე ჰქონდა გარდამტეხი მომენტი, თუმცა საქართველომ თავი კარგად დაიცვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ საქართველო მეტოქეზე მეტად იყო მონდომებული. მანამდეც, ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ მთელი ქვეყანა ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადებოდა და ღონისძიებებიც მუხტის ასაწევად იყო დაგეგმილი. მოედანი და ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ბევრი ქვეყანაში, ბევრ სტადიონზე მიმსაჯია, თუმცა ასეთი გარემო და აურა აქამდე არსად შემხვედრია. მოთამაშეებმა ეს მუხტი კარგად გადაიტანეს მოედანზე და შედეგიც შესაბამისი დადგა“.
rugby.ge