ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალის ცენტრალურ მატჩში

AutoSharing Option
ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე ცენტრალური მატჩის მთავარი მსაჯია.

7 აპრილს, საქართველოს დროით 23 საათზე, დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“, ირლანდიური "ლენსთერი" ინგლისურ "ლესთერ თაიგერსს" ერკინება. ჩემპიონთა თასის გასულ გათამაშებაში, ამაშუკელი ნახევარფინალში გვერდითი მსაჯი იყო, ცენტრში კი ამ დონეზე ჯერ არ უმსაჯია.

აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალში ის ინგლისური "სარასენსისა" და უელსური "ოსფრიზის" შეხვედრაში ასევე მთავარი მსაჯი იყო და ახალი დანიშვნა ამ მატჩის დასრულებისთანავე მიიღო:

„ეს იყო ინგლისი-უელსის დაპირისპირების მცირე ვარიანტი. ორივე გუნდში მრავლად არიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. უელსიდან ფანებიც მრავლად
იყვნენ ჩასული ლონდონში და ინტენსიური, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. "ოსპფრიზმა" მაგრად იბრძოლა და ტაიმიც მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს ინიციტივის დაუფლება და გამარჯვება“.

„იმავე ღამით მოვიდა ახალი დანიშვნა, უკვე მეოთხედფინალური ეტაპის. ირლანდიური "ლენსთერისა" და ინგლისური "ლესთერ თაიგერსის" დაპირისპირება ერთ-ერთი ცენტრალურია ამ ტურნირზე და სასიამოვნოა მსოფლიო რაგბისგან და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბისგან ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე. შეხვედრა „ავივაზე“ გაიმართება, სადაც გარანტირებულად იქნება 54-ათასი გულშემატკივარი. "ლენსთერის" შემადგენლობის 60-70% ირლანდიის ნაკრების მოთამაშეები არიან. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდია "თაიგერსიც" და დიდი ბრძოლა გაიმართება. ეს იქნება ტესტ-მატჩის დონის რაგბი და შესაბამისად ვემზადები. გული იმაზე მწყდება, რომ არ ვიქნებით წარმოდგენილი ქართული ბრიგადით და გვერდებიდან ფრანგები დამეხმარებიან“.

7 აპრილის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე ნახევარფინალური და ფინალური მატჩები დარჩება ჩასატარებელი და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დიდია, ამაშუკელს უფრო მაღალ დონეზე (ცენტრში) მსაჯობის შანსი ექნება. მაისში გადაწყდება რომელი მსაჯები მოემსახურებიან 2023 წლის მსოფლიო თასს და ნიკას აქვს ყველანაირი შანსი, გახდეს პირველი ქართველი რეფერი, რომელიც მსოფლიო ფორუმზე იმსაჯებს.

„მსოფლიო რაგბის სამსაჯო მენეჯმენტი მაისის დასაწყისში შეიკრიბება და იმ 19 მსაჯის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც მსოფლიო თასს მოემსახურებიან. აქედან 12 ცენტრალური და 7 გვერდითი მსაჯი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები. ბოლო წლებში ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიშრომე, სტრესი გამოვიარე და იმედი მაქვს დამიფასდება. მანამდე კი ჩემპიონთა თასის შეხვედრაა. ვეცდები მსოფლიო რაგბისა და ეპსრ-ის ნდობა გავამართლო და გუნდებსა და გულშემატკივარს მაღალი სტანდარტი შევთავაზო“ – ამბობს ამაშუკელი.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული