7-კაცა | 4-დღიანი შეკრება მარტყოფში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2023 წლის ოფიციალური ტურნირებისთვის მზადების აქტიურ ფაზას იწყებს. ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ სააღდგომო პაუზით (დიდ 10-სა და პირველ ლიგაში) ისარგებლეს და კანდიდატები მარტყოფში 4 დღით შეკრიბეს.

ჩვენი 7-კაცა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირსაც ითამაშებს (25-27 ივნისს პოლონეთში, კრაკოვი). გუნდის კანდიდატები კვირაში ორი დღე აქამდეც ვარჯიშობდნენ, 4-დღიანი შეკრება კი მეორედ გაიარეს.

"ვისაგებლეთ იმით, რომ არასათამაშო კვირაა და კანდიდატები 4 დღით შევკრიბეთ. გაფართოებულ სიაში 25 კაცამდეა, თუმცა მათგან 3 ‘შავ ლომთან’ ერთად
ურუგვაიშია, რამდენიმეს ტრავმა აწუხებს და მარტყოფში 17 ბიჭი გვყავს. რადგან პლეი-ოფები ჯერ არ დამთავრებულა და მოთამაშეთა ნაწილს თამაში უწევს, უკონტაქტო ვარჯიშები გვაქვს. მოთამაშეებს ვაცნობთ სათამაშო სტრუქტურას, ვხვეწთ ფიზიკურ, ტაქტიკურ და ტექნიკურ დეტალებს" – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და განაგრძობს:

"შარშან, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვიყავით, მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონდა და მიზნამდე 1 ნაბიჯი ორჯერ დაგვაკლდა. ირლანდიასთან უბრალოდ ვერ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვეძლო და თამაში ბოლო წამებზე დავთმეთ. ურუგვაისთან ფინალში ვითამაშეთ მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ჩილეში. ისეთი გუნდები ჩამოვიტოვეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ. ამიტომ ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და მაქსიმუმს გავიღებთ ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ივნისის დასაწყისში გაიმართება. მანამდე 7-კაცა, 15 მაისს, საფრანგეთში გაემგზავრება და 1 კვირაში ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს პარიზსა და ტურში.

7-კაცას შეკრებაზე არიან:

სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი გელაშვილი (არმია), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), თემურ კოხოძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), საბა დათიაშვილი (აკადემია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ბაქარ ზედგინიძე (ხარები), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ბექა გელხვიძე (ლელო), გიორგი კურტანიძე (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო).

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული