სულხან ჩიხლაძე - ამსტერდამი, ალგარვე და კრაკოვი

AutoSharing Option
ყველაზე სწრაფი ქართველი მსაჯისთვის სულხან ჩიხლაძისთვის ერთთვიანი საერთაშორისო ვოიაჟი დაიწყო. ივნისის ბოლომდე ის 7-კაცას ერთ მოსამზადებელ და ორ ოფიციალურ ტურნირს იმსაჯებს.

ჩიხლაძე უკვე გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც 3-4 ივნისს ტრადიციული, ამსტერდამის მასშტაბური 7-კაცა ტურნირი იმართება. მასში მონაწილეობენ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის მონაწილე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისევე, როგორც დუბაის 7-კაცაზე, მსაჯებისთვის ამსტერდამშიც იქნება გაშლილი კარავი, სადაც სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, საქართველოს 5-ჯვრიანი დროშაც ამაყად იფრიალებს.

„ამსტერდამში მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან კლუბები თუ ნაკრები გუნდები და საინტერესო თამაშები
იმართება. ამსტერდამის ტურნირი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა მათთვის, ვისაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ალაფა ელის. ეს ასევე კარგი მოსამზადებელი პლატფორმაა მსაჯებისთვის. მაღალი დონის თამაშების მსაჯობა დიდ გამოცდილებას იძლევა, რაც აისახება მსაჯობის ხარისხზე და სწორედ ეს ხდება შემდგომი წინსვლის საწინდარი. საქართველოში 15-კაცა რაგბს ვმსაჯობ, რომელიც სპეციფიკით 7-კაცასგან განსხვავებულია და ამიტომ, ოფიციალური თამაშების წინ, ამსტერდამის ტურნირი 7-კაცაზე გადართვაში დამეხმარება“ – ამბობს ჩიხლაძე.

უკვე ვწერდით, რომ ქართველი მსაჯი 25-27 ივნისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირს იმსაჯებს, რომელიც პირველად იმართება. მანამდე, 9-11 ივნისს სულხან ჩიხლაძე რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იმსაჯებს. მას 7-კაცას ჩემპიონატზე დებიუტი შარშანაც ჰქონდა და მე-3 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ალგარვე (პორტუგალია) მასპინძლობს და იქ ჩიხლაძის გარდა კიდევ 5 მსაჯი იქნება. მათგან 4 ტიერ1-ის ქვეყნებიდანაა – საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან, ირლანდიიდან და ინგლისიდან, კიდევ ერთი კი პორტუგალიელი პაულო დუარტეა, რომელიც უკვე წლებია 7-კაცას მსოფლიო სერიებს მსაჯობს.

„პირველი დანიშვნა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე მივიღე. ასეთი მასშტაბური ტურნირი პირველად ტარდება და ბედნიერი ვარ მსაჯის რანგში მისი მონაწილე რომ ვიქნები. მოვიდა კიდევ ერთი დანიშვნა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან, სადაც უმაღლესი დონის მსაჯებთან მომიწევს მუშაობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული რაგბისთვის დიდი წარმატებაა ასეთი დონის ტურნირებზე მსაჯითაც რომ იქნება წარმოდგენილი. ჩემპიონატზე შარშანაც ვიმსაჯე, მათ შორის მესამე ადგილისთვის მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ტიერ1-ის ქვეყნებიდან არიან, ფინალის მსაჯობის უფლებისთვის ვიბრძოლებ“ – აღნიშნავს ჩიხლაძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, 17-18 ივნისს სულხანი საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე იმსაჯებს, რის შემდეგაც პოლონეთში გაემგზავრება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები სულხანს!
რაც მეტი მაღალი დონის მსაჯი გვეყოლება,მით მეტად განვითარდება ჩვენი რაგბიც და მით მეტად ვიქნებით დაცული,მსაჯების თვითნებობისაგან,სხვადასხვა ტურნირებზე!სამწუხაროდ,რაგბშიც და სპორტის სხვა სახეობებშიც, საკმაოდ დიდი და მწარე გამოცდილება გვაქვს,წინასწარ განზრახულად არაობიექტური მსაჯობისა.
სოსო
20:30 02-06-2023
0
სულხანს და ქართულ რაგბს წარმატებებები.
თემას არ ეხება, მაგრამ იქნებ გაგვაგებინოთ შვიდკაცა და შვიდქალას მეორე მოსამზადებელ ტურნირში (ტური, 27-28მაისი) რა მოხდა, რა შედეგი დაიდო?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული