"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანსს" სარეკორდო სხვაობით, 41:0 სძლია და ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ნამატჩევს Rugby.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: "მოწინააღმდეგეს უდავოდ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. მე მომწონს "იბერიანსის" ფორმატი, ისინი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებში უფრო სახიფათო მოწინააღმდეგე იქნება. მესამედ გავედით ფინალში, თუმცა ჯერ ამ თამაშზე არ ვფიქრობთ. 22 დეკემბრამდე ჩელენჯ თასის თამაშები გველის და ახლა აქცენტი ამ ტურნირზე კეთდება.

ეს თამაში გარკვეულწილად "გლოსთერთან" მატჩის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა. ყველამ იცის, რომ წინ სულ სხვა დონის და ინტენსივობის თამაში გველის. ამ დონის გუნდი საქართველოში იშვიათად ჩამოდის და ვეცდებით ღირსეულად წარვსდგეთ მის წინააღმდეგ. დაგვაკლდებიან ის მოთამაშეები, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. შეიძლება მირიან მოდებაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი დაგვიბრუნდნენ.

EPCR-ის ტურნირები იგივეა, რაც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ამაზე მაღალი დონის ფორმატი საკლუბო რაგბიში არ არსებობს. ის, რომ ამ დონის თამაშს საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გავმართავთ, ჩვენთვის ამაღელვებელია. გულშემატკივარმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული რაგბისთვის გულშემატკივარი. ვიმედოვნებ, უმაღლესი დონის თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე გვექნება".

მერაბ შარიქაძე: "ნამდვილი გამოწვევები ახლა იწყება. ერთ კვირაში "გლოსთერთან’ გვიწევს შეხვედრა და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ბოლომდე ვიბრძოლოთ. თავისთავად მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით გულშემატკივრის თვალები და გულები გავახაროთ. იმდენი ხანია ჩელენჯ თასზე მოხვედრას ვითხოვთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მეტოქეს სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ.

სუპერთასის ფინალში ობიექტურად ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ჩელენჯ თასში მონაწილეობა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ მსოფლიოზე განცდილი კრახის შემდეგ, არანაირი ილუზია აღარ მაქვს. სანამ ეს ნეპოტიზმით "გაბერილი" ხელმძღვანელობა იქნება, ჩემი (და კიდევ მრავალი ქომაგის) ფეხი არ იქნება სტადიონებზე რაგბის საგულშემატკივროდ. სირაქლემას პოზაში არიან და ჯიუტად სურთ დაგვაჯერონ რომ ქართულ რაგბს ელიტაში შეიყვანენ. არადა, მაგათი გაკეთებული წელს უკვე ვნახეთ - მსოფლიო რაგბის მამებმაც შესაბამისი ადგილი მიგვიჩინეს და რატომ უნდა შევიქმნათ ტყუილი ილუზია?! ჯერ რაგბის კავშირი გაიწმინდოს მშენებლებისა თუ პარტიული ლიდერების მამებისგან (ბიჭებს არაფერს ვერჩი, მათ გვერდში ვარ და წარმატებებს ვუსურვებ), ნორმალური ხალხი მოვიდეს და მერე სტადიონიც გაივსება!!!
სიმართლე
20:14 04-12-2023
4
tkt.ge ზე ნახეთ, ბილეთები თითქმის არაა გაყიდული, თუ სტადიონი არ გაივსო ნუ გვექნება იმის ამბიცია, რომ კარგი გულშემატკივარი ვართ და გვიყვარს რაგბი, ასეთი მხარდაჭერით რა გვინდა 6 ერში!!! რაგბის სიყვარული გულშემატკივრებმაც უნდა დავანახოთ!!! 6 ერში სრულიად ერი უნდა მიგვიღონ და არა მხოლოდ მორაგბეები!!!
გულშემატკივარი
13:12 04-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული